ახალი წლის სეზონი, მიუხედავად სიცივისა, წლის ყველაზე თბილ პერიოდად რჩება. სწორედ ამ განსაკუთრებულ დღეებში ვჩუქნით ერთმანეთს ყველაზე მეტ ემოციას - თბილ სიტყვებსა და გულწრფელ სურვილებს. თითქოს ყველაფერი - სახლიდან ქუჩის ბოლომდე - ერთი განსაკუთრებული, გამორჩეული მოვლენისთვის გვამზადებს: „სიახლის დროა!"
ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც ადამიანები თავადვე ხდებიან ერთმანეთის პატარა სასწაულები. ამ დროს ვემზადებით ახალი ცოდნის მისაღებად, ახალი უნარების შესასწავლად და ახალ მიზნებს ვისახავთ. ვგეგმავთ, რას შევისწავლით, როგორ გავიზრდებით და როგორ შევხვდებით მომავალს.
ამ განსაკუთრებული სეზონისთვის გამომცემლობა „პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, თაროს შევსებაში დაგეხმაროთ. გარდა საახალწლო სიახლეებისა, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაიკავებდნენ ადგილს თქვენი ნაძვის ხის ქვეშ, წელს გამომცემლობა გირჩევთ, თუ რომელ გამოცემებზე შეაჩეროთ არჩევანი; რატომ არის მნიშვნელოვანი მათი წინასწარ მომარაგება და როგორ დაგეხმარებათ ისინი ახალი იდეების აღმოჩენასა და ახალი თავგადასავლების დაწყებაში.
„პალიტრა L" მიზნად ისახავს, თქვენი სადღესასწაულო დღეები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს, მოგამარაგოთ ახალი იდეებით, გამოგზაუროთ ახალ სამყაროებში და მოგცეთ ინსპირაცია დიდი ნაბიჯების გადადგმისა.
ამ ჯადოსნურ სეზონს ყველაზე მეტად მაკნატუნას ჯადოსნური ამბავი უხდება. თაგვების მეფემ ახალი ოინი მოიფიქრა! შობის წინა ღამეს ტკბილეულის სამეფოს ჯადოსნური გასაღები მოიპარა და გადაწყვიტა, რაც შეიძლება დიდი საახალწლო აურზაური დაატრიალოს გარშემო! მხოლოდ კლარა და ფრიც შტრუდელებსა და მათ ახალ მეგობარს, მაკნატუნას, შეუძლიათ თაგვების მეფის შეჩერება.
გამოცემებში შეხვდებით დაშერსაც - სანტას ყველაზე ჯადოსნურ, ყველაზე სწრაფ ირემს, რომელიც შეგვახსენებს, რომ შობას სასწაულები ხდება! შობა სურვილების ასრულების დღეა - ირმებშებმული მარხილით აუცილებლად მოქროლდება სანტა და ყველა ბავშვს იმ საჩუქრებს მოუტანს, რომლებსაც ძალიან ნატრობდნენ. მთავარია, გჯეროდეთ, რომ ნამდვილად მოვა!
არც საშობაო სურვილების ჩაფიქრება გამოგრჩეთ! რადგან, როგორც „ერთი საშობაო სურვილი" მოგვითხრობს - გულწრფელი ნატვრა აუცილებლად ახდება!
ეს ჯადოსნური ამბები ნამდვილად დაგაფიქრებთ ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, ურთიერთგაგება და თავგანწირვა. და რაც მთავარია, მთელი თავისი არსით შეგაგრძნობინებთ ახალი წლის ჯადოქრობას.
როგორც უკვე ვახსენეთ, „პალიტრა L"-ის რჩევები მხოლოდ საახალწლო გამოცემებით არ შემოიფარგლება! თუ ამ წელს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ცვლილებებს გეგმავთ, თუ გსურთ ყოველი ახალი დღე ახალი გამოწვევებით, დიდი ნაბიჯებით დაიწყოთ, მაშინ „ლურჯი ოკეანის" სერია სწორედ თქვენთვისაა!
„პალიტრა L" ამ სერიიდან სამ განსაკუთრებულ წიგნს გირჩევთ: „ერთი წელი აზროვნების შესაცვლელად", „ატომური ჩვევები" და „ცხოვრება შიშს მიღმა".
იანვარში ცვლილებების შეტანა გსურთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ იმაში, თუ რომელი მიმართულება აირჩიოთ? ზაფხულის თვეებში ვერაფერს უხერხებთ უეცარ გაღიზიანებას, თუმცა ამ დროს მთელი წელი მოუთმენლად ელოდით? დეკემბერში სადღესასწაულო დღეებით ტკბობის სურვილი ზეწოლის ფორმას იძენს?
შეიძლება ცხოვრება ზოგჯერ რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გქონდეთ იარაღი, რომლითაც ყველაფერს გაუმკლავდებით. რა არის ეს იარაღი? ამას ლუსი მედოქსის შესანიშნავ წიგნში - „ერთი წელი აზროვნების შესაცვლელად" - გაიგებთ.
„ატომური ჩვევები" შეგიცვლით ფიქრებს პროგრესსა და წარმატებაზე და მოგცემთ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გჭირდებათ თქვენი ჩვევების გარდაქმნისთვის - არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი ხართ, რომელიც ცდილობს ჩემპიონატის მოგებას, ორგანიზაცია, რომელიც იმედოვნებს ხელახლა განსაზღვროს ინდუსტრია, თუ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს შეწყვიტოს მოწევა, წონაში დაკლება, სტრესის შემცირება ან სხვა მიზნის მიღწევა.
გახსოვდეთ, ჩვენ მუდმივ შიშსა და ღელვას განვიცდით: ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუმცა ცხოვრება ხომ „შიშს მიღმაც" არსებობს. თუ ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგებით და ეცდებით, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვთ — „ნიღბიანი" და „უნიღბო", შიშით და შიშს მიღმა. ახალი წელი კი შესანიშნავი დროა ძველი შიშების დასამარცხებლად!
თუ დიდი ხანია მუზები მოსვენებას არ გაძლევთ, გსურთ ის სამყაროები, რომლებიც თქვენს გონებაში არსებობს, ფურცელზე გამოიტანოთ და პერსონაჟებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ, სიცოცხლე შთაბეროთ, თუმცა ვერ ბედავთ კალმის ხელში აღებას - მაშინ „პალიტრა L"-ის ახალი სერია „სკრიპტორიუმი" ზუსტად თქვენთვისაა!
ამ სერიის ფარგლებში გაეცნობით მწერალთა შემოქმედებით სამზარეულოს. სერიის პირველი წიგნი - „ძენი და წერის ხელოვნება" - უკვე ხელმისაწვდომია. ამ ნაშრომში განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის მანძილზე, სხვადასხვა პერიოდშია დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად.
აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ - როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა.
დაბოლოს, სერია, რომელიც ზუსტად ეხმიანება ახალ წელს. „ანაგენისი" განახლებას ნიშნავს. თუ ანტიკური ეპოქა გიზიდავთ და განსაკუთრებით გაინტერესებთ, როგორ იქცევა პოსტმოდერნისტული ლიტერატურა უძველესი მითების და მივიწყებული პერსონაჟების ახალ არეალად, მაშინ ამ სერიის წიგნებმა აუცილებლად უნდა დაიკავონ ადგილი თქვენს თაროზე.
სერიის პირველი წიგნი გახლავთ კრისტა ვოლფის „მედეა. ხმები". ავტორი არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს. ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი.
ამავე სერიაში იხილავთ ჯენიფერ სეინტის რომანს „არიადნე". კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უღალატა სამშობლოს და ოჯახს და თავადაც სიყვარულის მსხვერპლი გახდა - ის მიატოვა მისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გაწირა. მაგრამ მხსნელად მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა. თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი - უკვდავი. რამდენ ხანს გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება?! ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?
ახალი წელი ახალი თავგადასავლების, ახალი ნაბიჯების დროა. ეს არის პერიოდი, როდესაც ვიწყებთ განახლებას - როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად.
ასე რომ - დროა კედელზე ახალი თაროს დამატებისა!
R