გასულ თვეში, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 76 წლის მამაკაცი დააკავეს. ჯონ რუბენი საზაფხულო ბანაკს მართავდა, იქ გაწევრიანებულ ბავშვებს საძილე პრეპარატებით აბრუებდა, შემდეგ კი მათზე სექსუალურად ძალადობდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, “მამაკაცს ჰიპოდერმული შპრიცის გამოყენებით ტკბილეულში დაქუცმაცებული სედატიური პრეპარატები შეჰყავდა, შემდეგ კი ბავშვებს ურიგებდა. ძალადობის ამსახველ მომენტებს კი ვიდეოკამერით იღებდა. რუბენი ბრალდებებს აღიარებს“.

გასულ თვეში გამართულ სხდომაზე ლესტერის სამეფო სასამართლოს განუცხადეს, რომ რუბენი ბანაკებს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. თუმცა, მას ბრალი მხოლოდ 2024 წლის ბანაკთან დაკავშირებულ დანაშაულებში წაუყენეს.
წლების წინ მან, მეორე მეუღლესთან ერთად, ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, The Stathern Children's Holiday Fund დააარსა. წყვილი ნოტინჰემშირის შტატის რადინგტონის სოფელში, ვიქტორიანულ ბეღელში ცხოვრობდა.

"ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ გვქონია. სანამ მე ჩემს ძაღლს ვასეირნებდი, ის კი - თავისას, ვჩერდებოდით, ვესალმებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით. ვიცი, რომ ის წარსულში საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჯილდოც მიუღია. ახლა ვფიქრობთ, ამ ყველაფერს ალბათ იმისთვის აკეთებდა, რომ ბავშვებთან წვდომა ჰქონოდა. ამბავმა გაგვაოგნა. ის ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა, ძალიან პატივსაცემი" - ამბობენ მეზობლები რუბენის შესახებ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუბენის გერმა, მის ოთახში სექს-სათამაშოები, შპრიცები, თეთრი ფხვნილი, ვაზელინი და ბავშვის ზეთი იპოვა. ტკბილეულის მიღებიდან მეორე დღეს ბავშვებს გაღვიძება ან სიარული უჭირდათ, ზოგიერთი კი გაურკვევლად ლაპარაკობდა. პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ბიჭს სისხლისა და შარდის ანალიზი ჩაუტარდა. მათ ორგანიზმში ქსანაქსი კვალი აღმოაჩინეს - დეპრესანტი, რომელიც შფოთვის სამკურნალოდ გამოიყენება.