თბილისში დაბადებული ლეგენდა, რომელმაც მთელი ცხოვრება დიდ თეატრს მიუძღვნა, ეს სიყვარული მისთვის ბედნიერებაც აღმოჩნდა და წყევლაც. სცენამ მას ყველაფერი შეუცვალა: ოჯახი, შვილები და უბრალო ადამიანური სიხარული. 51 წლის ასაკში ის კვლავ ერთგულია თავისი ერთადერთი რჩეულისა - ბალეტის.
"ბალეტის თაყვანისმცემლებისთვის ნიკოლოზ ცისკარიძე არტისტზე მეტია - ის უკვე სიცოცხლეშივე გახდა ლეგენდა. სცენაზე მისი ყოველი გამოსვლა დიდი სანახაობაა" - წერს რუსული მედია ქართველი წარმოშობის რუს ვარსკვლავზე.
ტრაგედია, რომელიც ადრეულ ასაკში დაიწყო
ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში, 1973 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს დაიბადა. ოფიციალურად მის მამად ითვლებოდა მევიოლინე მაქსიმ ნიკოლოზის ძე, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ბიოლოგიური მამა მათი მეზობელი იყო. ეს კაცი გავლენიანი პიროვნება გახლდათ და საკუთარი ოჯახი ჰყავდა. როდესაც ნიკოლოზმა სიმართლე შეიტყო, უკვე გვიანი იყო - მისი ბიოლოგიური მამა გარდაცვლილიყო.
თავად ნიკოლოზი დღემდე ფიქრობს, იცოდა თუ არა იმ მამაკაცმა თავისი მამობის შესახებ. ერთხელ ის თავის ნახევარძმასაც შეხვდა, მაგრამ ეს ნაცნობობა ტრაგიკული აღმოჩნდა: მისი ძმა კოვიდის შედეგებს ებრძოდა და შეხვედრიდან მალევე გარდაიცვალა.
დედის რისხვა და "ჟიზელის" ჯადო
ნიკოლაი მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც დედაზე 16 წლით უმცროსი იყო. დედა ლამარა ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა. მასწავლებელი იყო მამაც. მშობლები ბიჭს ხშირად დაჰყავდათ გამოფენებსა და თეატრებში. პატარა კოლია გამოფენებსა და წარმოდგენებზე დადიოდა, მაგრამ ბალეტ „ჟიზელის“ ნახვის შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა. იმ დღიდან ცისკარიძე ცეკვით „დაავადდა“.

მეგობრებთან თამაშის ნაცვლად, სახლში მუდმივად ცეკვავდა. სკოლაში მას როგორც თანაკლასელები, ასევე მასწავლებლები აბუჩად იგდებდნენ, ძირითადად გარეგნობის გამო და ეს მას ძალიან აწუხებდა. მშობლებს სურდათ, რომ ბიჭს მათი პროფესია აერჩია, ის საკუთარ თავს მხოლოდ სცენაზე ხედავდა.
11 წლის ასაკში მან მშობლების ნებართვის გარეშე თავად ჩააბარა ბალეტის სასწავლებელში. როდესაც სახლში გამოტყდა, დედა განრისხდა. საბოლოოდ პედაგოგებმა, მშობლები დაარწმუნეს, რომ ბიჭს იშვიათი ნიჭი ჰქონდა.
მალე გაირკვა, რომ ასეთი ნიჭისთვის თბილისი საკმარისი არ იყო. 15 წლის ნიკოლოზი მოსკოვში გაემგზავრა და ლეგენდარულ პესტოვთან ჩაირიცხა. ის კურსზე საუკეთესო გახდა, თუმცა 20 წლის ასაკში ტრაგედია დატრიალდა: დედამისი ინსულტით გარდაიცვალა და ვეღარ მოესწრო შვილის გრანდიოზულ წარმატებას.
კონფლიქტი, რომელმაც მას სახლი წაართვა
2011 წელს ცისკარიძე დიდი თეატრის ხელმძღვანელობასთან ხმაურიანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მთავარი სცენის რეკონსტრუქციის შემდეგ, მან საჯაროდ გააკრიტიკა 21 მილიარდი რუბლის ღირებულების სამუშაოების შედეგები. ის საუბრობდა თაბაშირის ნაცვლად გამოყენებულ პლასტმასზე, გაუჩინარებულ ბრინჯაოს დეტალებზე და მოუხერხებელ სარეპეტიციო დარბაზებზე, სადაც „ბალერინა ჭერს თავით ეჯახებოდა“.

კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა 2013 წლის იანვარში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ: ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინს სახეში მჟავა შეასხეს. მედიამ სცადა ცისკარიძის დადანაშაულება. პარალელურად, მისი სახელი თეატრის აფიშებიდან გაქრა.
არტისტისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს შესწირა, ეს უკანასკნელი წვეთი იყო. მას მოუწია დაეტოვებინა ადგილი, რომელიც მისთვის სახლი იყო. ერთი წლის შემდეგ ცისკარიძემ რუსული ბალეტის აკადემია ჩაიბარა და გახდა პირველი რექტორი, რომელსაც ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
მარტოობა, როგორც არჩევანი
ნიკოლოზ ცისკარიძე არასოდეს მალავდა, რომ მან შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე. 51 წლის ასაკში მას მტკიცედ სჯერა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება ბალეტის მსახურებაა.
თავის შვილებად ის ასახელებს საკუთარ კატებს - გაბისა და ლელს, ასევე რუსული ბალეტის აკადემიის მოსწავლეებს.

"მე ვიცნობ ისეთ ბევრ გასაოცარ ადამიანს, რომლებმაც უმწეო თაობა გააჩინეს! ამ ყველაფერს უყურებ და ფიქრობ: 'რისთვის?' მე არ მყავს არც ძმები და არც დები, და ამის გამო არ ვწუხვარ“, - განაცხადა მოცეკვავემ.
მისი აზრით, ნათესაური კავშირები არ იძლევა ნამდვილი სიახლოვის გარანტიას. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის პირად ცხოვრებას ყოველთვის ბევრი ჭორი მოჰყვებოდა, მათ შორის არატრადიციულ ორიენტაციაზე, ცისკარიძეს არასოდეს გაუკეთებია ამ თემაზე კომენტარი.
წაიკითხეთ ასევე: