უკრაინაში, კიევის მისადგომებთან იბრძოდა, მიიღო მძიმე ჭრილობა და მედალი "სიმამაცისთვის“. გახდა რუსული ტელევიზიების სიუჟეტების გმირი, შემდეგ კი - დეზერტირი, რომელსაც რუსეთში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მე-15 მოტომსროლელი ბრიგადის უფროსი ლეიტენანტი ევგენი კარაბოვი ბი-ბი-სის უყვება, როგორ მიიღო მონაწილეობა უკრაინაში შეჭრაში, რატომ იყო მისი "ვაჟკაცობა“ გამონაგონი, როგორ დაჭრა საკუთარი ჯარისკაცები იმისთვის, რომ ისინი გადაერჩინა და როგორ გაიქცა ყაზახეთში.
30 წლის კარაბოვი, ყოფილი რუსი ოფიცერი უკვე თითქმის სამი წელია, რაც ასტანაში ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში, მისი თქმით, მის ბინაში, სულ ცოტა, 7-8 სხვა დეზერტირიც შეიფარა.
"რაც შემიძლია, იმით ვეხმარები ისეთებს, როგორიც მე ვარ. თანხა არ მინდა, უბრალოდ, იცხოვრეთ აქ და მორჩა... აბა, ვინ დაეხმარება? რაღაც ხომ გვაერთიანებს - ყველანი დეზერტირები ვართ. ყველა გავიქეცით“, - ამბობს კარაბოვი.
თვითონ რუსეთი 2023 წლის იანვარში დატოვა - ნახევარი თვის შემდეგ, რაც რუსულ ტელევიზიაში მისი მონაწილეობით გადაცემა "Пусть говорят“ აჩვენეს, რომელშიც გმირად წარმოადგინეს - აჩვენეს რა, ახალგაზრდა ოფიცერი ომიდან როგორ დაბრუნდა და დედამ სტუდიაში როგორ ჩაეხუტა, სტუმრებმა კი მისი ვაჟკაცობა შეაქეს. სიუჟეტში ითქვა, რომ მისმა რაზმმა "15 მტრის ჯარისკაცი გაანადგურა და 3 ერთეული ტექნიკა დაწვა“.
დღეს კი კარაბოვი ამბობს:
"ეს ყველაფერი გამონაგონია. იქ არ ყოფილა არც 15 ადამიანი, არც ტექნიკა… იქ საერთოდ არაფერი ყოფილა გმირობის მსგავსი... ომში ორი მტერი გვყავდა - უკრაინელები და ჩვენი საკუთარი ხელმძღვანელობა“.
კარაბოვი უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან მაისამდე იბრძოდა. ამბობს, რომ ომი იმაზე უფრო აბსურდული და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
მისი ბატალიონი კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
კარაბოვი იხსენებს:
"გადავიჭერით სხვა ქვეყნის საზღვარზე, ხალხი ყავას სვამდა, საუზმეს ამზადებდა, ცხოვრობდა… და ჩვენ ამ ხალხის ცხოვრებაში სიკვდილი შევიტანეთ".
ის ამბობს, რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უწევდა ბრძოლა, მათ აძლევდნენ არაფრის მომტან, თუმცა სასიკვდილო დავალებებს.
"მე ვიცოდი, რომ საკუთარ ხალხს აგზავნიდნენ სიკვდილზე არაფრის გამო", - ერთ-ერთი ამგვარი დავალების დროს მან თავიც დაიზიანა და თანამებრძოლებიც დააზიანა, რათა გადარჩენილიყვნენ...
ორთვიან რეაბილიტაციაზე ყოფნისას, მის შესახებ გადაცემა უკვე ეთერში გავიდა. მაგრამ ნოემბერში, მობილიზაციის შემდეგ, კარაბოვს უთხრეს:
"იანვარში ისევ უკრაინაში მიდიხარ“.
ეს იყო ბოლო წერტილი. 2023 წლის იანვარში ის ყაზახეთში გაიქცა...
ასტანაში რამდენიმე თვე სახლიდან არ გადიოდა, ფიქრობდა, რომ რუსი სამხედროები იპოვიდნენ. შემდეგ დაიწყო მუშაობა ბარში (რაღაც პერიოდი - არალეგალურად).
დღეს კარაბოვი ყაზახეთში თავშესაფარს ითხოვს, თუმცა ქვეყანა რუს სამხედროებს თითქმის არასდროს აძლევს ასეთ სტატუსს. იგი იმედს ამყარებს საფრანგეთზე, რომელმაც რამდენიმე რუს დეზერტირს უკვე მიანიჭა დაცვის სტატუსი.
"უბრალოდ, ნორმალური ცხოვრება მინდა. იმდენი უბედურება გადავიტანე, რომ მინდა, ერთხელ მაინც ვიცხოვრო მშვიდად. თუ აქ მომკლავენ, ვიღაცას მაინც ეცოდინება სიმართლე. თუ გადავურჩები და ევროპაში მოვხვდები, ნებისმიერ სამუშაოზე ვიმუშავებ, სულელი არ ვარ, ყველაფერს გავუმკლავდები..."