ავტორი:

"ლარიანებში" შევედით მე და დათო და იხუმრეს, კაკაჩია და ლამარა აქ როგორ მოვიდნენო, სირცხვილიაო... დათომ თქვა, რა ჰგონიათ, მართლა ფულიანი ვარო?!" - როგორია "ლამარას" დღევანდელობა

"ლარიანებში" შევედით მე და დათო და იხუმრეს, კაკაჩია და ლამარა აქ როგორ მოვიდნენო, სირცხვილიაო... დათომ თქვა, რა ჰგონიათ, მართლა ფულიანი ვარო?!" - როგორია "ლამარას" დღევანდელობა

მსახიობ მარინა დარასელიას ძირითადად "ლამარას" ეძახიან, "გრიშა კაკაჩიას ლამარას", რომელმაც პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დაუვიწყარი პერსონაჟი ლამარა შექმნა... მარინა დარასელია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ამბობს, რომ პროფესიაში ძალიან გაუმართლა - ზუგდიდის თეატრის სცენაზე, წლების მანძილზე, უამრავი მთავარი როლი აქვს ნათამაშევი... ძალიან უყვარს თავის ქალაქი, თეატრი და ზუგდიდელები. როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს, რით არის დაკავებული ამ ეტაპზე მარინა დარასელია, ამაზე სიამოვნებით გვესაუბრა.

- 23 ნოემბერს გასტროლზე ვიყავით. ფესტივალის "მაჩაბელას შემოდგომა თელავში" ფარგლებში ოზურგეთისა და ზუგდიდი სახელმწიფო თეატრებმა ერთობლივი კოპროდუქცია - ევრიპიდეს "იფიგენია ავლისში" წარმოადგინეს. რეჟისორი გიორგი კაშია გახლავთ. არაჩვეულებრივი ფესტივალი გამოვიდა, თითქმის ყველა თეატრი მონაწილეობდა. მანამდე ფესტივალზე ოზურგეთშიც ვიყავით და ჩვენმა სპექტაკლმა - „სამანიშვილის დედინაცვალი“ სამი პრიზი მიიღო. იქიდან 2 პრიზი მსახიობებმა მივიღეთ - მე - საუკეთესო პერსონაჟის შესრულებისთვის - დედინაცვალი ვითამაშე და გოგი გუგუჩიამ - მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ის პლატონი გახლდათ (ქალის საუკეთესო როლისთვის პრიზი 2022 წელს მე მაქვს აღებული). თვითონ სპექტაკლმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ გრამ-პრი ჯერ ოზურგეთში და ახლა თელავშიც დაიმსახურა. გიორგი კაშია ჩვენი თეატრის ახალი ხელმძღვანელია და ძალიან პერსპექტიული რეჟისორი. სოხუმის თეატრშიც მიიწვიეს, რამდენიმე დღეში პრემიერას უშვებს. ბათუმის თეატრშიც დგამს სპექტაკლს, 14 იანვარს, თეატრის დღეს იქნება პრემიერა და ასე გაიხსნება იქ სეზონი.

- როგორც ვიცი, ზუგდიდის თეატრი გასტროლით საფრანგეთშიც იყავით...

- კი, რამდენიმე თეატრი შარშან ოქტომბერში 21 დღით ლევილში გახლდით. რეპეტიციები გვქონდა იქ, თითქოს სპექტაკლიც უნდა გვეთამაშა, ვალერი ოთხოზორიას "სამშობლო" გავაკეთეთ. ნოე ჟორდანიას დედას ვთამაშობდი. რადგან იქ ამ სპექტაკლის პრემიერა ვერ მოხერხდა, პრემიერა მერე ზუგდიდში გვქონდა... მიხარია, რომ მალე ჩვენი თეატრი დასრულდება და ჩაგვაბარებენ შენობას. ასეთი ამბებია ჩვენკენ.

- თელავში ყოფნისას "ყვავილების ქვეყანა" ექსპრომტად და თქვენეული ვერსიით წარმოადგინეთ. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ...

- ეს იყო სპონტანური შესრულება... თელავში ფესტივალზე ოზურგეთის თეატრთან ერთად გავემგზავრე. მათთან ვმეგობრობთ. თან, სპექტაკლში „იფიგენია ავლისში“ ზუგდიდის თეატრის 2 მსახიობი თამაშობს და ყველანი ჩვენი თეატრის "სამარშრუტოთი“ გავემგზავრეთ. მიწვეული ვიყავი (ნანუკა ხუსკივაძემ და ვანო იანტბელიძემ დამპატიჟეს) და ამასთან კოლეგების გულშემატკივრობაც მინდოდა... მერე ბანკეტზე ჩემთან ერთი იქაური მომღერალი ბიჭი მოვიდა, მუსკომედია ჰქონია დამთავრებული, ქალბატონო ლამარაო, ასე მომმართა, მივხვდი ჩემი ფანი იყო, მზარეულებს თქვენთან სურათის გადაღება უნდათო. სიამოვნებით-მეთქი და გადავიღე სურათები. ყველას ჩავეხუტე, მოვეფერე. მომღერალმა ბიჭმა მითხრა, რა ბედნიერი ვარ, რომ აქ ხართო და იმღერა. სიმღერა რომ დაასრულა, ვუთხარი, „ყვავილების ქვეყნის“ ძველი ვერსიის მინუს-ფონოგრამა ხომ არ გაქვს-თქო? გაუშვა და დავიწყე შესრულება. იქ ვიღაცებისთვის ჩემი სიმღერა მოულოდნელი იყო, - არ ეგონათ, რომ "გრიშა კაკაჩიას ლამარა“ მღეროდა და სიურპრიზს მოუწყობდა. მსახიობებმა ეს მაშინვე გადაიღეს. მერე თუ შეიძლება სოციალურ ქსელში დავდოთო. გამიხარდება-მეთქი და მათგან მეც გავაზიარე ჩემს გვერდზე. ჩემი ნამღერით აღფრთოვანებული დარჩნენ.

- ბავშვობიდან მღერით?

- პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ანსამბლი "ნატვრის ხე" და ეს სიმღერაც რომ ძალიან პოპულარული იყო. „ნატვრის ხე“ რომა რცხილაძემ მასწავლა. ჩემი ხრინწი მოეწონა და მირჩია - შენ სტილი ქალაქური სიმღერების შესრულება. ისეთი ხმა გაქვს, ეს მოუხდებაო. თავად „ნატვრის ხეც“ ძალიან მომიხდა და დღემდე ვმღერი, ოღონდ, იმ პირველ ვერსიას, რომამ როგორც შექმნა... მეხუთე კლასში ვიყავი, ბუბა კიკაბიძის სიმღერებს რომ ვმღეროდი, ძალიან მიყვარდა. მიყვარდა „ყვავილების ქვეყანაც", მაგრამ სცენაზე არასდროს მიმღერია. ერთადერთხელ ირაკლი გოგიას „ვოდევილებში,“ ყველა მსახიობი ვმღეროდით სიმღერას „ალალ - მე, ალალ - შენ“, ინსტრუმენტთან პიანისტი, მომღერალი ნანა ნოდია იყო.

- როდესაც ხარ ხელოვანი, არტისტი, საკუთარი უნარების მეტად გამოვლენა გინდება, მაგრამ შენი რეგიონის მასშტაბი ხშირად ამის საშუალებას არ იძლევა... რას იტყვით ამაზე?

- ზუგდიდი პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ყველას ვუყვარვარ, პატივს მცემენ... ადრეც გითხარით, ზუგდიდში ბავშვებისთვის სტუდია მაქვს გახსნილი, სადაც ვცდილობ, სწორი მეტყველება ვასწავლო. მინდა, ამით დავაინტერესო ზუგდიდელი ბავშვები. ადამიანს პატარაობიდან უნდა ჰქონდეს პირის აპარატი მოწესრიგებული. სულ ვეუბნები, ნელა ილაპარაკეთ, გამოკვეთილად, სიტყვებს ნუ ყლაპავთ-თქო. სტუდიაში 90 ბავშვია. ვცდილობ, თითოეულს ეს ყველაფერი გადავცე, დავაინტერესო იმით, რომ გაიუმჯობესონ მეტყველება. ყველა მსახიობი ვერ გამოვა, მაგრამ გამართული მეტყველება ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება. მერე ისიც მინდა, დედაქალაქში სასწავლებლებს რომ დაამთავრებენ, ზუგდიდში დაბრუნდნენ. ვაკვირდები და დღესდღეობით არავის უნდა უკან დაბრუნება.

თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ჩემს ქალაქში დავბრუნდი და თეატრში დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, თავიდანვე მქონდა იმის ფუფუნება, რომ სცენაზე ბევრი მთავარი როლი მეთამაშა. ეს მაშინ, როცა ახალგაზრდა მსახიობებს, დედაქალაქის თეატრებშიც არ ჰქონდათ ამის საშუალება. ჩემი ჯგუფელების ნაწილს, რომლებიც აკადემიურ დასებში იყვნენ, ეპიზოდებში თამაშობდნენ... ამიტომაც მიყვარს ჩემი ზუგდიდი, მისი თეატრი და აქაური მაყურებელი. ძალიან თეატრალური მაყურებელი გვყავს. ბედნიერი ვარ, რომ შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დღემდე რომ ვარ. ვარ წამყვანი, პროფესიონალი, უმაღლესი კატეგორიის მსახიობი. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში კოპროდუქცია დაიწყო, - შესაძლებლობა გვაქვს, სხვა თეატრშიც (ფოთში, სენაკში, ბათუმში) მოვსინჯოთ ძალები. ყველგან სიამოვნებით ვითამაშებ. რაც უფრო სხვადასხვა თეატრსა და პარტნიორებთან ითამაშებ, მით უკეთესია. ხელოვანი ხომ სულ ძიების პროცესში ხარ.

- "დაქალებში" დაუვიწყარი როლი შექმენით... როგორც ჩანს, ყველა ლამარათი მოგმართავთ... გენატრებათ ლამარა?

- ბუნებრივად ვთამაშობდით მე და ბატონი დავით კვირცხალია... 2016 წელს ეკა მჟავანაძემ რომ მითხრა, თუ მაყურებელს მოეწონები, შენი ხაზი წავაო. ისე გაგმართლებოდეთ ყველაფერი, როგორც ამ ნათქვამმა გაამართლა. 7 წელი მე და დათო კვირცხალია პარტნიორები ვიყავით. ამ სერიალში არაჩვეულებრივი დებიუტი მქონდა. თბილისელებისგან ვიცი, რაც სერიალში მეგრული კლანი გამოჩნდით, არც ერთ სერიას არ ვაცდენთო. ლამარა როგორ არ მენატრება... კარგია, რომ ბატონ დავითთან ვმეგობრობ, ვეხმიანებით ერთმანეთს... ერთხელ დოლიძეზე მაღაზიაში „ყველაფერი ერთ ლარად“ რომაა, შევედით. გვიცნეს - დედა, ნახე, ბიჭო, გრიშა კაკაჩია და ლამარა "ყველაფერი ერთ ლარად" მაღაზიაში შევიდნენ, სირცხვილი არ არისო?" - იხუმრეს. დათომ მითხრა, - მარინა, ამათ გადაეცი, რომ ჩვენ მსახიობები ვართ და არა ბიზნესმენები, მით უფრო, გრიშა კაკაჩია არ ვარ. რა ჰგონიათ, მართლა ფულიანი ვარო?!. გადაღებისას ერთ დუბლს არ ვაფუჭებდით. თვალებში ვუყურებდი ბატონ დათოს და ვგრძნობდი, რა უნდოდა.

მეგრულიც ისე თავისუფლად მოდიდოა, თავის იმპროვიზაციებით, ექსპრომტად, საოცარი რაღაცები იჩენდა ხოლმე თავს, რაზეც რეჟისორი საერთოდ არც ფიქრობდა. აუ, რა კარგია, დავტოვოთო... მაგალითად, მეგრული გულმოსულობა, ძველი მეგრული სიტყვები ბებიისგან მომყვება, მისი გაზრდილი ვარ და ლამარას გული რომ მოუვიდოდა, იმ რაღაც სიტყვებს ყვიროდა. იმ პერიოდში ჩემში ბებია ცოცხლდებოდა... მთელმა საქართველომ გაგვიცნო, ემიგრანტები ხომ ჩვენზე დღემდე გიჟდებიან... ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ გული მწყდება, რომ ხალხი თეატრიდან ნაკლებად გვიცნობსო, - ამბობს დათო კვირცხალია...

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალბატონი ეკას გათვლამ გაამართლა. მადლობელი ვარ მისი, იმისიც, რომ ასეთი მეგობრები შევიძინე, ასეთი მსახიობები იყვნენ ჩემი პარტნიორები... სიამოვნებით ფილმებშიც ვითამაშებდი, ძალიან მინდა. მინდა, ვაჩვენო მაყურებელს, რომ ლამარას ბევრი რამ შეუძლია. მეგრულად ხომ არავინ მღერის დაბადების დღეზე - „რა ლამაზი დღეას,“ პირველად კაკაჩიას მე ვუმღერე. ხომ გახსოვთ? მას მერე ყველას დაბადების დღეზე ასე მეგრულად ვუმღერი ხოლმე, სადაც არ უნდა ვიყო. განსაკუთრებით ზუგდიდში თბილისიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებს. ახლა მინდა, მეგრული ლექსები ვისწავლო, რაც არაა ადვილი. მეგრულად დაწერილი "ვეფხისტყაოსნიც" მაჩუქეს, ესეც უნდა ვისწავლო და კიდევ "ყოფნა, არ ყოფნა? საკითხავი აი, ეს არის“..

- რა მოლოდინები და სურვილები გაქვთ 2026 წლისთვის?

- კიდევ ბევრი ახალი როლის. როგორც 2002 -2025 წლებში პრიზებით გავიხარე, ასეთი სიხარული ისევ მინდა განვიცადო. ქვეყანაში მშვიდობა მინდა. ერთიანი, გაბრწყინებული და გაერთიანებული საქართველო მინდა ვიხილო.