მათ საქართველოში იცნობდნენ, როგორც კარგ ექიმებს, მოიხსენიებდნენ "პედიატრ ძმებად", თუმცა აკადემიკოსი გოგი ჩახუნაშვილი და პედიატრი ვაჟები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად კიდევ სხვა თვალსაზრისით გაიცნო, შეიძლება ითქვას, რომ ისინი აღმოჩნდნენ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ავანგარდში.
1 - ელი დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ BBC-ს წინააღმდეგ დაიწყებს "სამართლებრივი დავას საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა "ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო _ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა BBC-ს რესპონდენტი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილიც, რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში.
კოტე ჩახუნაშვილთან ერთად კვლევის თანაავტორები არიან მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი, მამა - გოგი ჩახუნაშვილი, დედა - ნინო ჯობავა და კიდევ ერთი ექიმი გელა ღუნაშვილი. ჯერჯერობით ნინო ჯობავას გარდა, სუს-ში ყველა მათგანი დაიბარეს.

როგორც ფილმიდანაც ჩანს, კონსტანტინე ჩახუნაშვილს არანაირი შეხება არა აქვს BBC -ის დასკვნასთან კონკრეტულ ნივთიერებასთან დაკავშირებით, ის უბრალოდ რესპონდენტი იყო, რადგან ჩატარებული აქვს კვლევა დარბევის შემდეგ, ოღონდ, ეს კვლევა ეხება არა "კამიტს”, არამედ სიმპტომებს, რომელიც ხანგრძლივად ჰქონდათ დემონსტრანტებს წყლის ჭავლის გამოყენების მერე, ანუ ჩახუნაშვილებმა მხოლოდ ანამნეზი შეკრიბეს და კლინიკური სურათი აღწერეს.
დღეს ექიმების ოჯახი თავდასხმის ობიექტი გახდა და როგორც კონსტანტინე გვეუბნება, ეს არა მარტო მათ დაშინებას ემსახურება. მედიცინის აკადემიური დოქტორი არც თავისუფლების აღკვეთას გამორიცხავს.

- ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფრის მოლოდინი უნდა გქონდეს, მათ შორის - დაკავების. BBC-ს გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებასთან ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენი კვლევა ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი გამოგვეკვლია და შედარებითი ანალიზის საფუძველზე დაგვედგინა, იყო თუ არა კლინიკური, თუ ლაბორატორიული ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის საგანი იდეაში იყო ის, რომ რადგან ბევრ ადამიანს ჰქონდა სუბიექტური გამოვლინებები, დაგვედგინა, კონკრეტული ობიექტური ცვლილებები ჰქონდათ თუ არა მათ, რაც გარკვეულ ანალიზებში დადგინდა, გარკვეულ ანალიზებში - ვერ. რაც აღმოვაჩინეთ იყო ის, რომ 347 გამოკითხული ადამიანიდან ორს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება, ასევე, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კარდიოგრაფიული ცვლილებები, რაც ასევე ყურადსაღებია. შესაბამისად, ნორმალურ ქვეყანაში ეს საინტერესო უნდა ყოფილიყო და ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაეტარებინათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სუბიექტებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს მსგავს საკითხებს. ეს ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. როცა ზოგადი მონიტორინგი მიმდინარეობს და რაღაც დაავადებები, ან პათოლოგიები უცნაურად იმატებს, ეს ნორმალურ ქვეყნებში ყოველთვის ექვემდებარება კვლევას. მაგ. თუ სიმსივნეების რაოდენობა უცაბედად იმატებს, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრეროგატივა და ინტერესია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ჭრილშიც ითარგმნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც კონკრეტული დაავადებების მკურნალობა მერე უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მათი პრევენცია.

- გამოკითხვაზე ყველანი დაგვიბარეს, მათ შორის ჩვენი ერთი მკვლევარიც (გელა ღუნაშვილი). რა კითხვებიც დამისვეს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სურდათ პროპაგანდისტული ხაზი გაეგრძელებინათ - მოეხდინათ BBC-ის დისკრედიტაცია იმით, რომ თითქოს ჩვენს კვლევაზე დაყრდნობით ამბობდნენ იმას, რომ კონკრეტული ნივთიერებებია გამოყენებული, არადა, ჩვენს კვლევაში ამაზე ინფორმაცია არ არის.
ეს ხელისუფლება ყველას იბარებს, ვინც კი BBC-ის ფილმში მონაწილეობდა დაზარალებულებით დამთავრებული. ამით ის დაშინებას ცდილობს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი საზოგადოების. ჩვენ არ დავშინდებით, მაგრამ როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოების ფართო სპექტრზე, ვინ იცის... რეალურად, BBC თავის კვლევას კი არა, მის წყაროებს დაეყრდნო რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. ამ კონკრეტულ ნივთიერებაზე ჩვენ ეჭვი არ აგვიღია, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მაშინ პროფესიონალ ექიმთა ჯგუფმა შეადგინა პეტიცია და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რათა მას შსს-სგან მოეთხოვა პასუხი, რა ნივთიერება გამოიყენა აქციის დარბევის დროს. მათ კი მოიფიქრეს პასუხი, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, შსს-ს მივმართოთო. ეჭვი იმისა, რომ რაღაც ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, სპეციალისტებს ჰქონდათ, თუმცა ამას ჩვენს თავზე ვერ ვიტყვით, სამწუხაროდ.
კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენს ირგვლივ ბევრს ჰქონდა ცხვირიდან სისხლდენა და გვაინტერესებდა, ცხვირიდან ხშირი სისხლდენები დაკავშირებული იყო თუ არა კოაგულაციის, ანუ შედედების დარღვევასთან, ასევე, კარდიოვასკულურ პრობლემებთან და კაპილაროსკოპულ მონაცემებთან. შესაბამისად, თავიდან ჩვენი კვლევა ამ მოტივით დაიწყო. ჩვენ გვინდოდა, უფრო მეტი კვლევა ჩატარებულიყო, მაგრამ რადგან ეს მოხალისეობრივად კეთდებოდა, ამის ჩატარების ფინანსური რესურსები არ გვქონდა, რაღაც კვლევები გამოვაკელით და რაც ახლა კვლევაშია მითითებული, მხოლოდ ის მონაცემები დაფიქსირდა.
- მამას ჩვენთვის არასდროს დაუძალებია, ექიმები უნდა გამოხვიდეთო, მე და ჩემმა ძმამ ეს თვითონ მოვინდომეთ, ჩვენით დავადექით ამ პროფესიულ გზას. მოტივაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როდესაც ოჯახში ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას განიჭებს, რომ მეტს მიაღწიო და შენი თავიც წინ წაწიო. მამა ძალიან გულისხმიერი ადამიანია, რომელიც ყველას მდგომარეობაში ცდილობს შევიდეს. მას ბავშვობიდან თან დავყვებოდით და ვხედავდით, დაახლოებით 200 ათასი ბავშვი გაუსინჯავს უფასოდ, რეგიონებში სხვადასხვა სპეციალისტები ჩაჰყავდა და 90-იანებში, როდესაც არაფერი იყო ამ ქვეყანაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი. გარკვეული დროის მერე, ჩვენც ვეხმარებოდით ამაში... 2016 წლამდე, როგორც მახსოვს, ასეთი პროექტიც გვქონდა - იმ მშობლებისთვის გადაგვეცა ბავშვთა კვება, რომელთაც ამის საშუალება არ ჰქონდათ. მამა მთელი ცხოვრება იმის მაგალითს გვაძლევდა, რომ თუ შეგიძლია და რითაც შეგიძლია, ვიღაცას უნდა დაეხმარო. ჩვენც ამ პრინციპით ვმოქმედებთ და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი.
მე და დათო მედიცინის აკადემიური დოქტორები ვართ, მამა აკადემიკოსია, ციციშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მუშაობს. ჩვენც - ძმებსაც გვაქვს იქ აღებული დღეები, ისე, აბულაძის კლინიკაში და "ნეოლაბში“ ვართ. დედაც პედიატრია, მამასავით კარდიოლოგ-რევმატოლოგი. ვინაიდან დედ-მამა და გელა ღუნაშვილი კარდიოლოგები არიან, ისინი კვლევისას კარდიოგრამის ინტერპრეტირებაში გვეხმარებოდნენ.

დედა ამ ეტაპზე საფრანგეთშია...
- როგორც მახსოვს, პირველად აქციაზე 2008 წლის ომის დროს, ჯაჭვი რომ გაკეთდა, მაშინ ვიყავით. ჩემი მთავარი ღირებულებაა ქვეყანაში იყოს სამართალი. თუ არ იქნა სამართალი და ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურებზე იქნება აგებული, ამ შემთხვევაში ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი აირჩევს უცხოეთს იმიტომ, რომ აქ რომ დარჩე, უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ რამეს შეცვლი. თუ შენ აქ რაიმეს შეცვლის იმედი არ გაქვს, ამ შემთხვევაში აქ დარჩენის მიზეზიც რთულია იპოვო. ვიცით, რომ უცხოეთში საკმაოდ კარგი ანაზღაურებაა ყველა პროფესიაში, მეტად დაფასებულიც ხარ და ამასთან, დემოკრატიულ ქვეყნებში შენი საქმიანობის გამო პოლიტიკურ დევნას არ დაგიწყებენ. მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე, თუმცა მაგ. შარშან მქონდა შემოთავაზება ევროპის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან პროფესორად გადასვლაზე. იმაზე აქტიურად არ მიმუშავია, ამ ქვეყნიდან რომ წავსულიყავი, პირიქით, ფიზიკურად თუ არ გამაგდებენ, ეს ვერც წარმომიდგენია.
- აკრძალული ნივთიერების გამოყენება დადასტურდება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სახიფათო პრეცედენტია. არ გამოვრიცხავ, კვლევასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლი და სხვა რაღაცები მომიყენონ (რაც უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ), როდესაც, რეალურად, პირიქითაა - ის საქმე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, სახელმწიფოს გასაკეთებელია. მას ფინანსური რესურსიც აქვს და გაცილებით ხარისხიანი კვლევაც შეიძლება დადებულიყო, ვიდრე ჩვენ დავდეთ. ჩვენ ფინანსური შესაძლებლობები ნაკლები გვქონდა, ასევე, ბევრი პრობლემა იყო, რაც ზოგადად ხელს გვიშლიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ვერ მოსთხოვ, კონკრეტული უფასო გამოკვლევები გაიკეთოს, ვერც ბიზნესს მოსთხოვ, უფასოდ გააკეთოს კვლევები, ჩვენ რა შესაძლებლობაც გვქონდა, ის გავაკეთეთ. სახელმწიფოს ეს შეზღუდული რესურსი არ აქვს და გაცილებით მოკლე ვადაში გაცილებით ხარისხიანი კვლევის დადება და მეტი ადამიანის რეკრუტირება შეუძლია, რისი განზოგადებაც უფრო მარტივი შეიძლებოდა ყოფილიყო.

იმისათვის, რომ ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს, საჭიროა კოორდინაცია. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ აქეთა მხარეს არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგიული ჩარჩო, რასაც მივყვებით. არ არის აუცილებელი, რომ გაერთიანდნენ და, შესაბამისად, ერთი ადამიანის ირგვლივ იყოს ყველაფერი, მაგრამ ყველა ვარიანტში მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, ერთად დგომა და ის, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ. ასევე, აუცილებელია, ყველანი საყვარელ საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახუროთ, უპირველესად, პატრიოტიზმად ეს მიმაჩნია.