Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივ გადაცემას „სახალხო ინტერვიუს“ ცოტა ხნის წინ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ აკადემიური დასის მთავარი პროდიუსერი და გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა და ამ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდების ელექტრონული ვერსია გასულ კვირას Ambebi.ge-მ შემოგთავაზათ.
„სახალხო ინტერვიუს“ ფორმატში მან კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, რასაც ახლა გთავაზობთ.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- თქვენი აზრით, სიახლის რატომ ეშინიათ ადამიანების უმრავლესობას?
- ვთვლი, რომ სიახლის გარეშე წინსვლა არ იქნება. მაგრამ ისე ხდება, რომ არა მარტო ხელოვნებაში (ცეკვა, არქიტექტურა, მოდა) საერთოდ ადამიანი ყველაფერს ფრთხილად უყურებს. გავიმეორებ ნინო რამიშვილის სიტყვებს, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აფორიზმია. ამას სულ ამბობდა - „ჩვენი ანსამბლი არ არის ცეკვის მუზეუმი, ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ ვითარდება და იცვლება“. თვითონაც მუდმივად ავითარებდა, ყოველ წელს სიახლე შემოჰქონდა. მაგალითად, „ხევსურული დუეტის“ წინა ნაწილი სწორედ ნინო რამიშვილის დროს მოიხსნა და არა ჩემი და ილიკოს დროს.
იმ ხალხისაც მესმის, ვისაც სიახლის ეშინია, რომ ჰგონიათ, სიახლის შემოტანით რაიმე ქართული დაიკარგება, რომ ეს ყველაფერი ქართულ ცეკვას აფუჭებს. არ მგონია, ასე იყოს. ქართული ქორეოგრაფია შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა ჩვენი ანსამბლი. რა თქმა უნდა, მანამდე იყო ცეკვები, ილეთები, მაგრამ რასაც ნამდვილი შოუ ჰქვია, ცეკვების ნაზავი, მათგან ნახევარზე მეტი ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მოიგონეს. ¾ პროგრამის მათი ავტორობით შეიქმნა. „ცეკვა ქართული“ მათ არ მოუგონიათ, მაგრამ „სამაია,“ „ხანჯლური,“ „ხევსურული ფარიკაობა,“ „ძველი თბილისის სურათები,“ „ქალთა ცეკვა ნარნარი“ - რომელი ერთი ჩამოვთვალო, ძირითადად, გამოყენებული ილეთებით, სულ მათ ფანტაზიის ნაყოფი იყო. იმ ილეთებს „საშენ მასალას“ უწოდებდნენ, რომელზეც ახალ ქორეოგრაფიას აშენებდნენ. ზუსტად იმავეს ვაკეთებთ მე და ილიკო, მათ საქმეს ვაგრძელებთ. ვიყენებთ ეროვნულ, ნაციონალურ ილეთებს და მათგან ახალი ცეკვები იქმნება. რაც თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ქართული სულისკვეთებით, ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით და ეროვნულობით.
ხალხს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. ამას რომ უყურებენ, ჰგონიათ, რომ ვიღაც სულ რაღაცას გვართმევს - მიწას, ქვეყანას, ენას, რელიგიას. არავინ არაფერს გვართმევს, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. არც იმ ქართულ ცეკვას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რომ უფრო პოპულარული გახდება. ამიტომ ჩვენი საქმიანობა ეროვნულ ძირებზეა დაფუძნებული. ვიღაცები კი ამ დროს შიშით გვიყურებენ, ჰგონიათ რომ ჩვენს ბინძურ ხელებს ქართულ სიწმინდეებში, ანუ ქართულ ქორეოგრაფიაში ვაფათურებთ. მინდა ყველა დავამშვიდო, ასე არ არის. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ამას ინარჩუნებს, ავითარებს, გააქვს მსოფლიოში და ჩვენს პატარა ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობს. 40-იანი წლებიდან დაწყებული, არავინ არაფერი იცოდა საქართველოზე, ბევრმა შეიძლება დღესაც არ იცის, მაგრამ ჩვენი კონცერტის შემდეგ, რომელ ქვეყანასა თუ პატარა ქალაქშიც არ უნდა ვიყოთ, თუნდაც მექსიკის უკიდურეს რაიონში, ხვდება, რა ქვეყნიდან ვართ, რა კულტურის, ისტორიის მქონენი ვართ და ჩვენს ქვეყანას რა განძი აქვს...
ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანსამბლი, ეს არის სახალხო ანსამბლი და ამიტომაც აქვს ხალხს ეს დამოკიდებულება. მე და ილიკოს ამაზე არც ერთი წუთით არ გვინერვიულია. არ გვაქვს რეაქცია, გეღიმება და გვიხარია კიდეც, რომ ჩვენი მაყურებელი ასე ღელავს, უნდათ, რომ ყველაფერი ისეთ დონეზე იყოს, რომ ჩვენი პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ქვეყნის სიმდიდრე შენარჩუნდეს. მგონი, ამისთვის მათ მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ.
- არსებობს არაერთი ქრონიკა, სადაც შეიძლება ქართული ცეკვებისთვის თვალის გადავლება. როგორ ცეკვავდა ანსამბლი მაგალითად, გასულ საუკუნეში...
- ჩემთვის საყვარელი და ნიშანდობლივი ფილმი-ისტორიაა - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში,“ სადაც აღბეჭდილია ის, საქართველოში მაშინ თუ როგორ ცეკვავდნენ და რა იყო საერთოდ ქართული ცეკვა, ან იგივე 30-იან წლებში - ანსამბლის შექმნის დროს. თუნდაც 20-იან წლებში, როცა ნინოს და ილიკოს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ თავიანთი ჯგუფი...
1935 წელს ილიკო ლონდონში ფესტივალში მონაწილეობდა, მსოფლიოს ხალხთა ცეკვებში ქართულმა ცეკვამ გრამ-პრი აიღო. ეს მანამდე მოხდა, სანამ ანსამბლი 1945 წელს ოფიციალურ სტატუსს მიიღებდა. არქივი, ქრონიკა, იგივე ჩვენი ანსამბლის გავლილი ყოველი წელი - 30-იანი, 40-იანი, 50-იანი, 60-იანი ნათელი მაგალითია თუ როგორ და რას ცეკვავდა, ჩვენი ანსამბლი. როგორ ვითარდებოდა ჯერ კიდევ ილიკოს და ნინოს დროს. ახლა რომ ვუყურებ 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანსა და 90-იან წლებში როგორ ცეკვავდნენ, დღევანდელი ცეკვისგან განსხვავებაა, რადგან ტექნიკურად გაიზარდა შესრულების სტილი, მანერა. ბევრად მაგარი მოცეკვავეები გვყავს, ვიდრე ადრე იყვნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები იყვნენ. იციან ხოლმე თქმა - „ოქროს თაობა“. ჩემთვის ყველა თაობა ოქროსია, არ არის ანსამბლში პერიოდი, როცა რომელიმე თაობა, რომელიმეზე ნაკლები იყო. პირიქით, უკეთესი და უკეთესია. ჩემთვის რამდენ მოცეკვავეს უთქვამს, ახლა ესენი რასაც ცეკვავენ, ამას ჩვენ ვერასდროს შევასრულებდით, ტექნიკურად იმდენად გართულდაო. ცეკვა კი არა, სპორტი რთულდება, კლასიკური ბალეტიც. ტექნოლოგიების დამსახურებით ცხოვრება, ყველაფერი აჩქარდა, ვითარდება და ჩვენ ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით. არც ჩვენ და არც სხვა სფეროები, ხელოვნების სხვა დარგები, მეცნიერება არაფერი არ უნდა გაჩერდეს. წინსვლის გარეშე ვერაფერი განვითარდება, ვერც ჩვენ და ვერც - სხვა. დამდგარ წყალს კარგი არაფერი მოაქვს. დინება სულ უნდა იყოს.
კიდევ გავიხსენებ ილიკოს და ნინოს ნათქვამს, რომელსაც ჯერ კიდევ მამაჩემს ეუბნებოდნენ, რასაც მამა ჩვენ გვიმეორებდა: „ისეთი პროდუქტი შევქმენით, მატარებელივით რელსებზე დავაყენეთ, რომ თქვენ ცოტა ხელის წაკვრა გინდათ და სულ ივლის“... ეს ხელის წაკვრა - სიახლე და განვითარება მუდმივად საჭიროა. ასე ვართ - ეს არის ჩვენი მთავარი აზრი და სტილი, რომლითაც ვმუშაობთ და ალბათ ამით სხვა კოლექტივებისგან განვსხვავდებით.
ასე იყო ხოლმე - ჩვენზე ყოველთვის იყო სწორება და ახლაც ასეა, რაც გასაგებია, ვისგან უნდა ისწავლონ, თუ არა ჩვენგან, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ლამაზი არაა რაღაცის ძალიან გამეორება, განსაკუთრებით, საავტორო ცეკვების. ხალხურ ცეკვას რომ ამბობენ, იმ ხალხურ ცეკვას თავის ავტორი ჰყავდა. უბრალოდ იმ ვიღაცის სახელი არ შემოინახა. ჩვენს ცეკვებს ისტორიამ სახელი შემოუნახა და ეს არის - ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი. დღეს უკვე ილიკო სუხიშვილი უმცროსი.
ამიტომ პლაგიატობა ცოტა გამაღიზიანებელია, რბილად რომ ვთქვა - არ არის ლამაზი. შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო ვიყოთ, თუმცა ჩვენი ნამუშევრის კოპირება არ არის კარგი საქციელი.

- ზოგჯერ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ანსამბლმა გარკვეულ ცეკვებში ტრადიციულ ხაზს გადაუხვია. მუდმივად ამ კუთხით თითქოს ვიღაც არის ჩასაფრებული... რისი ბრალია ეს?
- მგონი, ეს მოსაზრება არასწორი პროპაგანდის ბრალია, რადგან ასე არ არის. არაფერს გადავუხვიეთ, - გვაქვს ჩვენი ტრადიციული კლასიკური პროგრამა. ასევე რამდენიმე სხვადასხვანაირი პროგრამა, სადღაც ხუთი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ანსამბლის რეპერტუარში მთლიანობაში 30-ზე მეტი ცეკვაა. ერთ კონცერტში 15-16 ცეკვა შეიძლება წარადგინო, რადგან 2 საათზე მეტი არ შეიძლება კონცერტის ხანგრძლივობა იყოს. მაყურებელი არ უნდა დაღალო. ტრადიციული პროგრამა კი ჩვენს რეპერტუარში სულ არის. ამ პროგრამით გავდივართ საზღვარგარეთ და თბილისშიც, როცა ამის საშუალება გვაქვს...
არაფერს გადაუხვიეთ, პირიქით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის დანატოვარს მე და ჩემი ძმა - ილიკო როგორც უფრთხილდება, ასე ვერავინ გაუფრთხილდება. ამიტომ მგონია, რომ ეს „რაღაც აზრი“ იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც ჩვენს კონცერტებს საერთოდ არ დასწრებია. ალბათ სოციალური ქსელის პატარა რილსებით თუ სიუჟეტებით თავისი აზრი ასე გამოაქვთ, ან საერთოდაც სხვის აზრს იმეორებენ. კი, ეს ყველაფერი ნამდვილად პროპაგანდის ნაწილია, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება ჯანსაღი კრიტიკის მიმართ?
- ჯანსაღი კრიტიკოსები მიყვარს, მაგრამ ეს ჯანსაღი კრიტიკოსები ბევრნი არ არიან. დღეს ხელოვნებაში ერთადერთი ჯანსაღი კრიტიკოსი მხოლოდ დავით ბუხრიკიძე მახსენდება, მეტი არც არავინ, ვინც ხელოვნებაზე, ცეკვაზე, თეატრზე სერიოზულად, პროფესიონალურად კრიტიკას დაწერს. კრიტიკის მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს თუ არის საღი, პროფესიონალური და არა ავადმყოფური. ჩვენთან კრიტიკა ხომ აღარ არსებობს, ძირითადად ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხყოფაზე გადადის ყველა. არადა, ნამდვილი ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. ალბათ საჭიროა, მეტი პროფესიონალი კრიტიკოსი გვყავდეს და არა ერთი და ორი...
- როგორ წარმოგიდგენიათ ,,სუხიშვილების" მომავალი, 30 და 50 წლის შემდეგ. რა იქნება ახალი ან რა იქნება ძველი ანსამბლში?
- ალბათ ისევ ისე, როგორც ახლა... რომ გავიხსენოთ ანსამბლი 30 ან 50 წლის წინ, განსხვავება არის, მაგრამ პრინციპში, ერთი და იგივე დონეა და იგივე ხარისხი. ცეკვების უმეტესობა ალბათ იგივე იქნება. მე მაინც მგონია, რომ სანამ საქართველო იარსებებს, „სუხიშვილების“ ანსამბლიც იარსებებს და ყოველთვის მაღალ დონეზე იქნება.