გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში მდებარეობს. იქ პოეტმა ცხოვრების ბოლო 24 წელი გაატარა, მისი ხელნაწერების, ლექსების, სხვადასხვა ექსპონატის გვერდით მისი ნიღაბიც ინახება.
გალაკტიონ ტაბიძის ნიღაბი, აღებულია 1959 წლის მარტში, მწერალთა კავშირის შენობაში, სადაც პოეტი ესვენა.
„...დილაადრიან მივადექით შაქრო გორგაძეს აკადემიის ხანდაზმულ ჩამომსხმელ მოქანდაკეს... უარზე იყო. ვემუდარეთ და ბოლოს წამოგვყვა... გავიდა დრო და ეს ამბავი დავიწყებას მიეცა,“ - წერდა მწერალი თამაზ ჩხენკელი 1970 წელს წიგნში ,,პოეზია - სიბრძნის დარგი,“ რომელიც გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველომ“ გამოსცა.
იქვე, მწერლისვე განმარტებით, გალაკტიონის ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში, შაქრო გორგაძის ოჯახში ინახებოდა... შემდეგ კი ეს ძვირფასი რელიკვია ფართო საზოგადოებრიობის კუთვნილებად იქცა.
- კი, გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ, ქართველი მწერლების დაკვეთით, მოხუცმა მოქანდაკემ შაქრო გორგაძემ, რომელიც სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა, გალაკტიონის სახის ნიღაბი დაამზადა. ის ზუსტი ანაბეჭდით თაბაშირის ტექნიკის გამოყენებით შეასრულა... სამწუხაროდ, პოეტის დაკრძალვის შემდეგ ნიღაბს წამოსაღებად არავინ მიაკითხა. წლების შემდეგ როდესაც მოქანდაკის სახელოსნოში სხვა ადამიანები შევიდნენ, გალაკტიონის ნიღაბი იცნეს, რომელიც იქვე სხვა ნამუშევრების გვერდით იდო.
მოგვიანებით შაქრო გორგაძის შვილმა ორიგინალისგან რამდენიმე ასლი ჩამოასხა და ასე გახდა ის ამ მუზეუმის საკუთრება. ასლი ჩამოასხა, რადგან სახელოსნოში არსებული ორიგინალი ნიღაბი უკვე ძალიან დაზიანებული იყო, რომელიც მოქანდაკეს იქვე ჰქონდა შენახული.
დიდი პოეტის ამ ნიღბის ნახვა დღეს მის მუზეუმში მისულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
იხილეთ ასევე: