28-30 ნოემბერს ქალაქ გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წარმატებით უმასპინძლა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს და რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული პლატფორმის შექმნას დაუდო საფუძველი.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფესტივალის საზეიმო გახსნაზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკა ნიკვაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა. მათ ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სცენა დაეთმო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას: ადგილობრივ ფოლკლორს და თეატრს. პირველი დღე დაეთმო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების „გურჯაანის“ (ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით) და „ხარებას“ (ტარიელ ჯაჭვაძის ხელმძღვანელობით) გამოსვლებს. ასევე, გაიმართა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის (დირექტორი ნიკოლოზ საბაშვილი) სპექტაკლი „საქართველო“.

მეორე დღის მთავარი მოვლენა იყო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ორკესტრმა ახალი ინტერპრეტაციებით გააცოცხლა ქართული და უცხოური კინოხელოვნების მუსიკალური თემები. ფესტივალის საერტაშორისო სტატუს ხაზს უსვამდასპეციალური მოწვევით იტალიელი მუსიკოსი ნელო სალცას მონაწილეობა, რომელიც ენიო მორიკონეს უკვდავი ნაწარმოებების განთქმული შემსრულებელია. მისმა შესრულებამ ქართველ მუსიკოსებთან კოლაბორაციით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მსმენელისთვის გამორჩეული იყო მომღერლების, მათ შორის იანო ალიბეგაშვილის, ნატო მეტონიძის, თამარ გვერდწითელის და პირველი ვიოლინოს ლელა მჭედლიძის, ბრწყინვალე შესრულება.

ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტზე ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიურ ორკესტრთან და ბენდთან ერთად სცენაზე წარსდგნენ მსოფლიოს წამყვანი სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, თამარ გვერდწითელი, გიორგი ლომისელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი სუხიტაშვილი, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, გუნდი მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით და ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ (ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი) და ანსამბლ „შავნაბადას“ სოლისტი ილო მახარაშვილი.
ადგილობრივი თუ მოწვეული მაყურებლის ოვაციები, მუსიკალური ნომრების განმეორებით შესრულების მოთხოვნა და უწყვეტი ტაში ცხადყოფდა ფესტივალის წარმატებულ დასაწყისს.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა გურჯაანში შექმნა ერთიანი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერასა და სამომავლო საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
R