ხელისუფლების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს მეცნიერი, პროფესორი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- მოგეხსენებათ, ხელისუფლება საკმაოდ მასშტაბურ სასკოლო თუ უმაღლესი განათლების რეფორმას გეგმავს. თქვენ როგორ აფასებთ უკვე გახმაურებულ ცნობებს მოსალოდნელ სიახლეებზე?
- გავიხსენებ აწ განსვენებული მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს ჩვენებურ რეფორმებზე - მისი თქმით, ეს არის „"გადასხვაფერება ცვლილებების გარეშე." სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება თუ 12-წლიანი, ეს განათლების მიღების ხარისხს ვერაფერს უშველის მანამ, სანამ არ გვეყოლებიან ნორმალური მასწავლებლები. ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ უვიცი მასწავლებლები გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ შეეხება... სამწუხაროდ, ყველას გვახსოვს, ცდებმა, რომ ჩაეტარებინათ პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები, რა სავალალო შედეგები გვიჩვენა. დიახ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მასობრივად არაკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს. ასე იქნება მანამ, სანამ შენარჩუნდება ის ხელფასები, რაც დღეს სკოლის მასწავლებლებს აქვთ. განათლებული და კვალიფიციური კადრი სკოლაში ამ ხელფასზე არ მიდის. იქ მიდიან ძირითადად ადამიანები, რომლებმაც კარიერა სხვაგან ვერ აიწყვეს.
დარწმუნებული ვარ, ამ სასკოლო რეფორმიდან არაფერი გამოვა. ის, რაც სკოლებში ხდება, დღეს გაჩენილი პრობლემა არ არის. ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დაგროვილი პრობლემები. სისტემურად არის ყველაფერი შესაცვლელი. ირაკლი კობახიძეს და დანარჩენებსაც რეფორმა ასე წარმოუდგენიათ, რომ ხვალ დაიწყებენ და ზეგ უკვე შედეგებს მიიღებენ. ჩვენ თუ რეალური, შედეგიანი ცვლილებები გვინდა, რეფორმა გათვლილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 10-12 წელიწადზე.
სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმით შენიღბულია პოლიტიკური მიზნები. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მოინდომეს უმაღლესი განათლების რეფორმა, რისი მიზანიცაა "ილიაუნის"“ მოსპობა. „"ქართული ოცნება"“ გაიძახის, რომ ეს უნივერსიტეტი თურმე ფარული „ნაციონალური მოძრაობაა. არადა, ეს არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და თავისუფალი აზრის მატარებელი სასწავლო დაწესებულება - მათთვის პრობლემა სწორედ ეს არის. არ უნდათ თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდა, მათ მონები სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარუმატებელი იქნება ყველა მიმართულებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ.
შეეშვან განათლების სისტემის ნგრევას, რომელიც ისედაც სიკვდილის პირას არის მისული, ერთი პატარა ბიძგი და, საერთოდ ჩამოიშლება. ძალიან მეშინია, რომ ეს ვითომ რეფორმა არ აღმოჩნდეს ის ბიძგი, რომელიც სრულად ჩამოშლის ჩვენს განათლების სისტემას.
არ შეიძლება უმაღლესი განათლების პედაგოგებს ასეთი ანაზღაურება ჰქონდეთ. წარმოიდგინეთ, მე, მეცნიერების დოქტორს, განყოფილების გამგეს, ხელფასი ნაკლები მაქვს, ვიდრე ჩვენს სახლში დაქირავებულ ძიძას ვუხდით. ამიტომ კერძო სექტორშიც ვმუშაობ.
ასეთი ინიციატივაც მოვისმინე, რომ თურმე უცხოელი პენსიონერი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოყვანას გეგმავენ. მართლაც, ვაი მაგათ პატრონს...
წარმოგიდგენიათ, აქ უცხოელი პენსიონერი რომ ჩამოვა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, ქართულ განათლების სისტემაზე ზრუნვის? სადმე გაგიგიათ, რომ ნორმალურ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ პენსიონერებს ასაქმებდნენ?
ეს არის უვიცი ხალხის უვიცი ინიციატივა. ეს ჩვენი განათლების მინისტრი მიქანაძე აზრზე არა ვარ, რა პროფესიის არის. საერთოდ რამე იცის საგანმანათლებლო სისტემაზე?
ასევე დამღუპველი მგონია იდეა "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი". ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. აღარ დარჩება სტუდენტი სახელმწიფო დაწესებულებებში, ყველა კერძო სასწავლებლებში წავა. რაც შეეხება დაფინანსების საგრანტო სისტემის შეცვლას, მე ვიტყოდი, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული რეფორმა სწორედ ეროვნული გამოცდები და საგრანტო სისტემა იყო. ეს გაკეთდა, როგორც მახსოვს, ბრიტანელებთან მჭიდრო კავშირით და ამან აღმოფხვრა ამ სისტემიდან კორუფცია. ეჭვი მაქვს, ყველაფერი, რასაც ახლა გეგმავენ, ამ კორუფციას ისევ ააღორძინებს.
ასევე ძალიან მაეჭვებს ისიც, რომ ამ რეფორმაზე დარგის სპეციალისტები კი არ გველაპარაკებიან, არამედ პოლიტიკოსები. ესეც აჩვენებს, რომ ეს ე.წ. რეფორმა პოლიტიკური მიზნების შესანიღბად მოიგონეს.