NASA-ს "დედამიწის ობსერვატორიამ“ ახალი, შთამბეჭდავი კადრები გაავრცელა, რამაც მეცნიერების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს ე.წ. "შავი მაგიდები" (Black Mesas) - პალეოზოური ეპოქის რელიკვიები, რომლებიც დღემდე "განაგებენ" უდაბნოს ლანდშაფტს და ქარის მოძრაობას ცვლიან.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ასტრონავტმა ფოტო სამხრეთ მავრიტანიაში გადაიღო. სურათზე კარგად ჩანს სამი თითქმის იდენტური, ბრტყელთავიანი ბორცვი, რომლებიც ქვიშის ოკეანეშია ამოზიდული. ობიექტების აღმოსავლეთით დიუნები წითლად და ოქროსფრად ციმციმებს, დასავლეთით კი ქვიშა თითქოს ქრება. NASA-ს განმარტებით, ეს მკვეთრი კონტრასტი შემთხვევითი არ არის - ის უძველესი გეოლოგიისა და თანამედროვე ატმოსფერული ძალების ურთიერთქმედების შედეგია.
ეს ბორცვები დაფარულია ე.წ. კლდის ლაქით - ბუნებრივი მინანქრით, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში თიხის, მანგანუმისა და რკინის ოქსიდებისგან წარმოიქმნება. სწორედ ეს აძლევს მათ მკვეთრ შავ შეფერილობას, რაც საჰარას ღია ფერის ფონზე ჩრდილებს ჰგავს. ეს ფენა მილიონობით წლის განმავლობაში უძლებს ეროზიას და დედამიწის გეოლოგიურ მეხსიერებას ინახავს.
ყველაზე საინტერესო ამ კადრში ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეხვედრაა: ერთ მხარეს დიუნები, მეორე მხარეს კი - შიშველი კლდე.
ძლიერი ქარები, რომლებიც აღმოსავლეთიდან უბერავს, ბორცვების ფერდობებზე ქვიშას აგროვებს და ქმნის ე.წ. მცოცავ დიუნებს, რომლებიც კლდოვან კედლებს მიუყვება.

თუმცა, დასავლეთით სრული სიჩუმე და სიცარიელეა. აქ ჰაერის ნაკადები ბორცვებს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელებში დიდი სიჩქარით მოძრაობს და"ადგილს ქვიშისგან მთლიანად ასუფთავებს“. ეს ფენომენი ქვიშას კი არ აგროვებს, არამედ პირიქით - "გვის" მას, რაც ქმნის "დიუნებისგან თავისუფალ ზონას". ეს არის აეროდინამიკის, რელიეფისა და მინერალური ზედაპირის საოცარი ბალანსი, რომელიც ასეულობით კილომეტრის სიმაღლიდანაც კი ჩანს.
გეოლოგების აზრით, პალეოზოურ ერაში (დაახლოებით 541-252 მილიონი წლის წინ - დრო, როცა დინოზავრები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ) ეს სამივე ბორცვი ერთიანი, გიგანტური კლდოვანი მასივის ნაწილი იყო. მილიონობით წლის განმავლობაში წყლისა და ქარის განუწყვეტელმა ზემოქმედებამ სტრუქტურა დაშალა და დღეს ჩვენ წინაშე სამი იზოლირებული "კოშკია".
ეს ნარჩენები წააგავს ცნობილ "რიშატის სტრუქტურას", იგივე "საჰარას თვალს", რომელიც ასევე მავრიტანიაში მდებარეობს. მსგავსი ფორმაციები გვხვდება არა მხოლოდ დედამიწაზე (მაგალითად, ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში), არამედ მარსის ზედაპირზეც, სადაც მსგავსი ეროზიული ნიშნები უძველეს კლიმატურ აქტივობაზე მიუთითებს.