ლონდონის პოლიციამ ჰითროუს აეროპორტში 1 მამაკაცი დააკავა - არსებული ინფორმაციით, მან მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია.
ინციდენტი მესამე ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა. ქაოსის გამო ჰითროუს აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო.

მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, აეროპორტის ოფიცრებმა რეაგირება მოახდინეს მას შემდეგ, რაც "ერთ-ერთ ქალს ოთხი მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს და ჩემოდნის წართმევა დაუპირა. ერთ-ერთმა მათგანმა მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რის შედეგადაც, მიმდებარედ მყოფი ადამიანებიც დაზარალდნენ“, - განაცხადა მეთაურმა პიტერ სტივენსმა.


პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა ოფიცრებმა 31 წლის მამაკაცი თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სხვა ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ.
ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა 21 დაშავებულს, მათ შორის სამი წლის გოგონას, დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.