ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ დიასპორაში უპრეცედენტო მღელვარებაა. პროცესი, რომელიც თავდაპირველად ევროპის ცალკეულ ქალაქებში დაიწყო, ახლა უკვე ფართო მასშტაბებს იძენს. ქართველი ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში სამშობლოდან ჩასულ მომღერლებსა თუ მსახიობებს სავსე დარბაზებით ხვდებოდა, დღეს რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეა.
გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და საბერძნეთი - ეს ის გეოგრაფიული არეალია, სადაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილისთვის კარი ლამის დაიხუროს. ემიგრანტთა გაერთიანებების და ცალკეული მოქალაქეების განცხადებით, ეს არ არის აგრესია ხელოვნების წინააღმდეგ, ეს არის პასუხი იმ დუმილსა თუ მხარდაჭერაზე, რომელსაც არტისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციის შეფერხების ფონზე იჩენენ.
მოვლენების ეპიცენტრი თავდაპირველად გერმანია გახდა. 20 ნოემბერს დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა - ქალაქ ნიდერკასელში დაგეგმილი პოპულარული ჯგუფის, "ურსას“ კონცერტი გაუქმდა.
თავდაპირველი გეგმით, ღონისძიების ორგანიზატორი ქართული რესტორანი "პეპელა“ იყო. დაჯავშნილი იყო საკონცერტო დარბაზი, მიმდინარეობდა აქტიური სარეკლამო კამპანია, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივმა ქართველებმა ჯგუფის წევრების პოლიტიკური პოზიცია გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთობის“ და რიგითი ემიგრანტების განცხადებით, მიუღებელია იმ ადამიანების მასპინძლობა, რომლებიც "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. ემიგრანტთა პოზიცია ასეთი გახლდათ:
"იმ პარტიის მხარდამჭერ მომღერლებს, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დაბლოკა და ქვეყანაში რეპრესიებს ატარებს, ევროპაში არაფერი ესაქმებათ“.
საქმეში გერმანული სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერთნენ. მას შემდეგ, რაც ემიგრანტებმა პოლიციის განყოფილებაში ოფიციალური განაცხადი შეიტანეს კონცერტის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის თაობაზე, პასუხმაც არ დააყოვნა. გერმანულ პოლიციას გადაწყვეტილების მიღებისთვის დაახლოებით 24 საათი დასჭირდა. უსაფრთხოების ნორმებისა და მოსალოდნელი დაძაბულობის გათვალისწინებით, კონცერტი გაუქმებულად გამოცხადდა. ემიგრანტები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პრეცედენტია და საფუძვლად დაედება დიასპორებში ღირსებისა და უფლებების დაცვას.
"ურსა" კი ამტკიცებდა, რომ თითქოს კონცერტი მაინც ჩაატარეს, თუმცა მათ ჩვენთან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
გერმანიის მოვლენები მალევე გადაედო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, სადაც ქართული დიასპორა არანაკლებ აქტიურია. 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია "დუეტ ჯორჯიას“ (მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი) კონცერტის გაუქმების შესახებ.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნატატო გიორგაძე სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "დიდი პროტესტის“ შედეგია.
ემიგრანტების გულის წყრომას იწვევს არა მხოლოდ არტისტების პოლიტიკური პოზიციონირება, არამედ მათი გულგრილობა იმ პრობლემების მიმართ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ - მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა და ხმის უფლების ფაქტობრივი წართმევა.

"ხალხი, ვინც არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მხარს არ უჭერს უკანონო ტყვეებს, არ ადარდებს ქვეყნის ბედი და არ აინტერესებს, ემიგრანტს ხმის უფლებას წაგვართმევენ თუ არა, რა ნამუსით უნდა გვიმღეროთ?!“ - წერს გიორგაძე.
მათი გზავნილი ასეთია:
ემიგრაცია აღარ აპირებს იყოს მხოლოდ ფინანსური წყარო არტისტებისთვის, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
"სადაც გინდათ, იქ მოიწყვეთ თქვენი ახალი წელი და ვოიაჟები, მაგრამ ფულს ვერ იშოვით ჩვენთან თქვენი ტაშ-ფანდურით!“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. მომღერლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ყველაზე მწვავე და ემოციური ფონი საბერძნეთშია, სადაც იანვარში იუმორისტების - ნიკა არაბიძისა და პაატა გულიაშვილის კონცერტია დაანონსებული.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია ემიგრანტ მაია ბაჩანაშვილის წერილმა. ის პასუხობს იმ მუქარებს, რომლებიც მან კონცერტის გაპროტესტების შემდეგ მიიღო.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ემიგრანტები წლების განმავლობაში ითმენდნენ და თვალს ხუჭავდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების არტისტების ვიზიტებზე, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა - ემიგრანტებისთვის ხმის უფლების მოსალოდნელმა შეზღუდვამ და ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკამ - მოთმინების ფიალა აავსო.
"ყველა პარტიის და პოლიტიკოსის დედა ვატირე, როდესაც ჩვენს ღირსებას და თავმოყვარეობას ეხება საქმე! როდიდან იმატა ემიგრანტებში სიბრაზემ? მაშინ, როდესაც თქვენთვის "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენთვის - რუსულმა რეჟიმმა, ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება წაგვართვა... იმის მერე გავბრაზდით, რაც აბუჩად აგვიგდეს", - წერს ემიგრანტი.
მაია ბაჩანაშვილი აღნიშნავს, რომ შიშის გრძნობა იმ დღეს დაკარგა, როდესაც შვილები საქართველოში დატოვა და უცხოეთში გადაიხვეწა.
"მე იქ მოვკვდი, როდესაც ჩემი შვილების ტირილის მიუხედავად, ზურგი ვაქციე მათ და დავტოვე! ვერ შემაშინებთ! იმიტომ, რომ შიში არ ვიცი რა არის! პოლიტიკის დედაც! აქ ღირსებაზე და პრინციპზეა საუბარი!“
ფაქტია, რომ შექმნილი ვითარება სრულიად ახალ რეალობას ქმნის ქართული შოუბიზნესისთვის. თუ ადრე საზღვარგარეთ გასტროლები შემოსავლის გარანტირებული წყარო იყო, დღეს ეს რისკის შემცველი ხდება.
"კონცერტი არ ჩატარდება! აგერ ჩვენ და აგერ თქვენ!“ - წერს მაია ბაჩანაშვილი.