ავტორი:

"არ სიამოვნებს საზოგადოებას ამდენი სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართულობა" - რას ამბობს გიორგი ასანიძე პოლიტიკაში წასვლის, როგორც საკუთარ, ისე ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებაზე?

"არ სიამოვნებს საზოგადოებას ამდენი სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართულობა" - რას ამბობს გიორგი ასანიძე პოლიტიკაში წასვლის, როგორც საკუთარ, ისე ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებაზე?

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი გიორგი ასანიძე. მან ჩვენი მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვათ სტატიის ბოლოში.

მეგი:

- როგორია როცა ხარ მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი - ეს რა ემოციას იწვევს თქვენში?

- რთულია ადამიანმა გადმოსცეს ზუსტად, თუ რას გრძნობს ადამიანი იმ დროს. ეს ინდივიდუალური განცდაა, მაგრამ ყველა ადამიანის, ყველა გამარჯვებულის შემდეგ შინაგანი კმაყოფილება, სიხარული, დადებითი ემოცია ეუფლება. ამაყი ხარ, რომ გამოგივიდა, თუმცა იმის გამო, რომ ამას მივაღწიეთ, ცხოვრებაში ამაყები არ უნდა დავრჩეთ... იმ დროისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან 90-იანების შემდეგ ჩვენში ახალი საქართველო იბადებოდა, ახალი იყო დროშა, ჰიმნი და იმ პერიოდში ასეთმა მიღწევამ პასუხისმგებლობა გააასმაგა.

უცნობი:

- თავის დროზე პოლიტიკაში წასვლას ახლა, ამ ეტაპზე როგორ აფასებთ? შეცდომად ხომ არ მიიჩნევთ?

- ვერ ჩავთვლი შეცდომად იმას, რაც მოხდა და რაც იყო, წარსულია. ეს არის ის ტვირთი, რომელიც მე საზოგადოების წინაშე გამაჩნია, თუმცა უამრავი კეთილი და კარგი საქმეც გაკეთდა იმხანად. პოლიტიკაში ყოფნისას ხშირად ტელეეკრანზე არ ვყოფილვარ, თუმცა აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ახალი საქართველოს დაბადებაში (ასე ვიწოდებ იმ ყველაფერს). მაშინ ყველა იმ მოსაზრებაზე ვიყავით, საქართველოს 90%-ზე მეტი და არა არტო მე, რომელმაც ამ ყველაფერს მხარი დაუჭირა, გვინდოდა, უკეთესი საქართველო აგვეშენებინა. გარკვეულ წილად ეს ყველაფერი გამოვიდა, თუმცა რაღაცები ვერ გამოგვივიდა. ეს იმის გამო, რომ ცოცხალი პროცესი. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა იყო შეტანილი, რომელიც ვერ იქნა მიღებული. ამ ყველაფრის გამო, მოხდა ის, რაც მოხდა, 2012 წელს, შეიცვალა მთავრობა და ახლა იმაზე საუბარი, ჩემი ნაბიჯი შეცდომა იყო თუ არა, არ ღირს. იმ გუნდმა პოლიტიკური ფასი გადაიხადა...

ჩემი იქ მისვლის მიზანი ის იყო, რომ ქართული სპორტისთვის მაქსიმალურად მხარი დამეჭირა. ეს გარკვეულწილად შევძელი, რაც აისახება, როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, ასევე ბიუჯეტის ზრდაზე...

მახო:

- პოლიტიკაში წასვლით სპორტს ხომ არ დააკელით რამე და ამით გულშემატკივარი ხომ არ გაანაწყენეთ?

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მქონდა მიზანი და ეს იყო ქართულ სპორტის განვითარება, ქართული ძალოსნობის კეთილდღეობა იმ პოლიტიკურ მდგომარეობაში, როგორიც იყო. იმის მერე ბევრი რამ ნებით თუ უნებლიედ ბევრი რამ შეიცვალა... ძალოსნობიდან ჩემი ინტერესით არასდროს გავალ და ვერც გავალ, 80-იან წლებში დავიწყე ეს სპორტი, დავრჩი, ვრჩები ბოლომდე. ვაგრძელებ შრომა ამ მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს საქმეს რამე დავაკელი. მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ვიყავი, ჩემ გვერდით იყო ისეთი ადამიანი ბატონი ვანო გრიქუროვი, ის მართავდა საწვრთნელ პროცესებს, ბევრი კარგი და წარმატებული სპორტსმენი გაიზარდა იმ პერიოდში... შეიცვალა დრო და ისევ დავბრუნდი. ჩემი გამოცდილება ადრე თუ გვიან რეალიზებულ იქნებოდა, ამიტომ არ ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. ბატონ ვანოსთან ერთად ყველა ის ადამიანი მეამაყება, ვინც მაშინ ჩართული იყო ძალოსნობის განვითარებაში და თუნდაც დღეს არის.

ანი:

- პოლიტიკაში ყოფნისას თუ დაგჭირდათ თქვენი სპორტული გამოცდილების მოშველიება? პარლამენტის დარბაზში გამართულ "ბრძოლებში“ არასდროს ჩართულხართ?

- შეიძლება ბევრი ბრალდება იყოს ჩემი მიმართ გამოთქმული, რომ მსგავს რაღაცაში ვმონაწილეობდი, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც ერთ კადრს ვერ ნახავთ, რომ სადმე ჩართული ვარ "ბრძოლაში“. შეიძლება ვიღაცამ წამომაძახოს კიდეც, რომ ძმებ ბერძენიშვილებთან და ბატონ ნაცვლიშვილთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ამ ადამიანებთან დაპირისპირებისას მხოლოდ გაშველებით ვიყავი დაინტერესებული და არა მუშტი-კრივით. ჩემი მხრიდან არ იქნებოდა ლამაზი, იქ მუშტი-კრივი გამემართა. ეს ჩემი სტილი და სასურველი მდგომარეობა არ არის. ამიტომ, ვცდილობდი, გამეშველებინა, თუმცა მაშინ ბევრი ცილი დამწამეს.

ვიმეორებ, ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და არ მივიღებ. ის, რაც ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ოჯახისთვის დამაზიანებელია, იმ საქმეში არ ვმონაწილეობ.

ადამიანები პოლიტიკაში მიდიან, მოდიან, მაგრამ მთავარია ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას. ესაა შენი ვალი საზოგადოების წინაშე.

ბექა:

- რა გამოცდილება მიიღეთ დეპუტატობით და კონკრეტულად რა პრობლემა, საკითხი გადაწყდა თქვენი უშუალო ჩარევით?

- მაშინ არ იყო სკოლაში სპორტის გაკვეთილები, მოშლილი იყო ეს პროცესი. ასე თუ ისე შევძელით სკოლებში დაგვებრუნებინა ეს ყველაფერი, რადგან მომავალი თაობა სკოლებში ყველა კუთხით სწორად უნდა აღიზარდოს. აწ გარდაცვლილ ვაჟა შუბლაძესთან ერთად, ჩემი ინიციატივაც იყო, საკონსტიტუციო ცვლილება ასახულიყო 34 პრიმა მუხლით ისე, რომ სპორტისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ვალდებულება სახელმწიფოს დაეკისრებოდა. ეს არ იყო პატარა ჩანაწერი.

სწორედ ამან დიდი სტიმული მოგვცა. სახელმწიფო ბევრად აფასებს წლიდან წლამდე იმ სპორტულ მიღწევებს, რასაც ჩვენი სპორტსმენები აღწევენ. მიმაჩნია, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

გურამი:

- მაინც როგორ დაუდექით "ნაციონალურ მოძრაობას“ და მიშა სააკაშვილს გვერდით?

- დავუდექი იმიტომ, რომ გვინდოდა ცვლილებები, რეფორმები, რაც აუცილებელი იყო თუნდაც ქართული სპორტისთვის. როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, პრეზიდენტი ჩამოვიდა ათენში. ჩვენ შორის იყო კომუნიკაცია და მაშინვე დავუფიქსირე ჩემი პოზიცია. თუ იქნებოდა ჩემს სპორტში ჩემი პროექტების და ხედვების რეალიზების შესაძლებლობა, პოლიტიკაში წასვლას დავთანხმდებოდი. ამის პირობა მივიღე. კი, ჩვენ გვინდოდა ახალი საქართველოს აშენება და ბევრი რამ შევძელით. თუ ამ კონკრეტული კითხვის ავტორი ანგაჟირებული არ არის, როგორ არ უნდა იცოდეს, რომ ის შეცდომები, რომელიც შემდგომ იყო დაშვებული ზოგი ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული და ზოგი - სუბიექტურით. როდესაც ამ კითხვას მისვამთ თუ ახალგაზრდა ხართ, გეპატიება, თუ უფროსი ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს თვალ-ყურს ადევნებდა, მაშინ ჩემთვის ამ კითხვის დასმა არასწორია...

ის კარგი რაც იყო, უნდა დავაფასოთ და იმ ცუდზე პასუხი აგოს, ვინც დააშავა. ამიტომაც ზოგი ამის საფასურს იხდის და ზოგმა გადაიხადა. წარსულიდან უნდა გამოვიდეთ, თორემ წარსულში იმდენ სახელმწიფო მოღვაწეს ვიპოვით, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ჭაობში ჩავიძირებით. ვიფიქროთ მომავალზე პოზიტიურად, იმ ხალხზე, ვინც მაშინაც და ახლაც კარგები არიან. მოხდეს ერის კონსოლიდაცია.

კახი:

- თავიდანვე იცოდით, რომ ლაშა ტალახაძე იმ შედეგებზე გავიდოდა, რასაც მან ამ წლების განმავლობაში მიაღწია?

- ლაშა - ჩვენი გოლიათი... კიდევ ერთხელ ამ მოვლენას პატივს ვცემ და ასე იქნება სულ რამდენი ხანიც ვიქნები ამ ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს რომ მომეცა სწორედ იმ პერიოდში სამწვრთნელო მოღვაწეობის საშუალება, როდესაც ლაშა იყო გამოჩენილი. ლაშას ბევრი წინაპირობა ჰქონდა იმის, რომ კარგი სპორტსმენი იქნებოდა. იმ ტალანტის შეფასება, რაც მას აქვს, მნიშვნელოვანია. ყველა იმ მწვრთნელს, ვინც მასთან მუშაობდა, ჰქონდა იმის განცდა, წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ის, რომ ლაშა ამ სიმაღლეებს დაიპყრობდა, რამდენიმე ადამიანს ეგონა, მათ შორის იყო ვანო გრიქოლოვი. ფოკუსირება ჰქონდა ლაშაზე, მიაჩნდა, რომ ყველა იმ რეკორდს დაამხობდა, რომელიც მანამდე არსებობდა.

ეს ესტაფეტა მისმა პირადმა მწვრთნელებმა მე გადმომაბარეს და ეს პასუხისმგებლობა პოზიტიურ ტვირთად ავიღე. ვიცოდი, მჯეროდა და იმ პოტენციალის, რაც მასში იყო. მისი არ რეალიზება, დანაშაულიც იყო. მადლობა, ლაშა, რომ გაუძელი ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ სირთულეს, რომელიც სპორტულ კარიერაში გქონდა. მეამაყება, რომ შეძელი ის, ნახევარსაუკუნოვანი მსოფლიო რეკორდების გაუმჯობესება, რამაც გამარჯვება, დიდება და სიამაყე მოუტანა შენს ქვეყანასა და მსოფლიოში.

ვახო:

- ლაშა ტალახაძეს მოუწონეთ პოლიტიკაში წასვლა? აზრი გკითხათ? მან, ფაქტობრივად, თქვენი გზა გაიარა... ასეა?

- ჩვენ ხშირი საუბრები, კომუნიკაცია გვაქვს, თუ რა და როგორ ჯობია. პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას, ადამიანურ ურთიერთობებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ის გამოწვევა, მიიღო არ იყო საპირწონედ 100/1-თან, 50/50-ზე გახლდათ. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მის შემდგომ ნაბიჯებზე. ვიცი, რომ მას კარგი ინიციატივები აქვს სპორტის კუთხით, მნიშვნელოვნად არის სპორტის კეთილდღეობით დაინტერესებული, იმავე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.

კი, რჩევები გვქონდა. რთულია თქვა ან ერთ მხარეზე კარგი ან მეორე მხარეზე ცუდი. ეს არის მოცემულობა და ადამიანმა მოცემულობაში არ უნდა დაკარგო შენი წონა, რომელიც გაგაჩნია. ლაშა თავის წონას არ დაკარგავს არც სპორტში, არც - პოლიტიკაში. შეიძლება პოლიტიკაში გამოუცდელი იყოს, მაგრამ ცხოვრებაა და იმედი მაქვს, რომ ის შეცდომები რომელსაც, ვფიქრობთ, რომ ასე თუ ისე დაშვებული იყო, უკეთესობისკენ გამოსწორდება.

თუმცა ვიცით, რომ გამოწვევის წინაშე ვართ. ვიცით, რომ არ სიამოვნებს საზოგადოებას ამდენი სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართულობა. ეს წნეხი წლების წინ მე გადავიტანე და ალბათ ლაშასაც მოუწევს ამის გადატანა. მთავარია სწორი ნაბიჯებით ვიაროთ და ერთმანეთის მიმართ ნდობა არ დავკარგოთ. ეს მნიშვნელოვანია.

თემო:

- ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში წასვლით აქტიურ სპორტს ჩამოსცილდა?

- ვფიქრობ, ლაშასაც აკლია ის გამარჯვებები, რომელიც მოიპოვა. როდესაც მას ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ვხედავ, ვამჩნევ როგორ აზარტულად და ემოციურად უდგება ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, მინდა, რომ სპორტში დაბრუნდეს...