ავტორი:

"თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს ყოველთვის გახსოვდეთ!" - ტატა ხვედელიანისა და ალექსანდრე დარახველიძის კამათი განათლების კომიტეტის სხდომაზე

"თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს ყოველთვის გახსოვდეთ!" - ტატა ხვედელიანისა და ალექსანდრე დარახველიძის კამათი განათლების კომიტეტის სხდომაზე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

  • მან კომიტეტზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა და გასული წელს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები შეახსენა, სადაც ხვედელიანის თქმით, "აქციის მონაწილეებზე იძალადეს“.

ხვედელიანის გამოსვლას, სხვა დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა და "გახარია საქართველოსთვის“ წევრს, რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდეს.

"კომენტარის სახით ვიტყვი, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩემდა სამწუხაროდ, იძალადეს ამ ადამიანებზე. 500- მდე ადამიანი არის დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება, მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურად პირბადეებისა და ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებთ ადამიანებს. ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული. ახლაც ვერ გაგვირკვევია, რით დაგვწამლეს ერთი წლის წინ“,- აღნიშნა ხვედელიანმა.

ხვედელიანის პასუხად, "ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საკომიტეტო განხილვებისას დეპუტატმა გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ უნდა გამოიყენოს.

"პოლიტიკური განცხადებების დრო არის ხვალ, სამშაბათს და შეგიძლიათ განაცხადოთ რამდენიც გინდათ. პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია? ხვალ გააკეთეთ რამდენი განცხადებაც გინდათ იმდენი“, - მიმართა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ტატა ხვედელიანს.

ამასთან, ხვედელიანს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა დეპუტატმა გრეტა წიწავამაც.

"რეგლამენტი თუ არ იცით, სხვანაირად მიჰყევით [...] 150 პოლიციელზეც ისაუბრეთ, რომელიც დაზარალდა, დაშავებულები რომ არიან და მხედველობა რომ დაკარგეს“, - განაცხადა წიწავამ.

  • "ძალიან გამიკვირდა, რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით - 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე. არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ტატა ხვედელიანს.

"თქვენ როგორც პოლიციელი, წლების განმავლობაში, მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ძალიან გამიკვირდა, რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით. ჩვენ კარგად ვნახეთ, რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა, 171 პოლიციელია დაშავებული. ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს, სმენა დაკარგეს, სერიოზული დასახიჩრებები მიიღეს. შეგვიძლია პარლამენტის შენობაც ვნახოთ, რა მდგომარეობაში იყო, 1990-იანი წლების შემდეგ ასეთი დაზიანებული საქართველოს პარლამენტი არ გვინახავს. რუსთაველის გამზირზე ერთი საგზაო ნიშანი არ იყო დარჩენილი, არ ვიძახი კერძო საკუთრებას რა უქნეს და როგორ გაანადგურეს, რა დღეში ჩააგდეს. თუ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ამ შემთხვევაში, პოლიციამ ძალას გადაამეტა... შესაძლებელია იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს. ქალბატონო ტატა, თქვენგან ეს შეფასება ძალიან გამიკვირდა.

15 წუთში ერთხელ იყო სამინისტროს ვებგვერდზე გაფრთხილება, რომ „თავი შეიკავეთ, ნუ გამოხატავთ აგრესიულად პროტესტს, გამოხატეთ მშვიდობიანად პროტესტი“ და ამის შემდეგ იწყებოდა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა თქვენგან ეს შეფასება, ადამიანისგან რომელიც სისტემაში მუშაობდა და იცის თითოეული პოლიციელის გასაჭირი. როგორი ძნელია, როცა დგახარ კორდონში და თავზე ქვები გეცემა, როცა ფოიერვერკების წვიმას გიშენენ და ამ დროს ვალდებული ხარ, რომ იდგე და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. ძალიან გამიკვირდა.