საბერძნეთში, კუნძულ ზაკინთოსზე ტრაგედია დატრიალდა. ბრიტანელი დედა, რომლის 2 წლის შვილიც ოჯახის კუთვნილმა პიტბულმა სასიკვდილოდ დაგლიჯა, მომხდარის შოკისმომგვრელი დეტალებს Daily Mail -თან იხსენებს. 32 წლის რობი დიტის თქმით, მათი უსაყვარლესი გოგონა საკუთარ ეზოში ძაღლის თავდასხმის მსხვერპლი წამებში გახდა.
2 წლის ლეონ დულია მას შემდეგ დაიღუპა, რაც მშობლებთან ერთად მაღაზიიდან დაბრუნდა და ეზოში დაბმულ ძაღლთან სათამაშოდ მივიდა.
განადგურებული დედა Daily Mail-თან საუბრისას ამბობს, რომ ტრაგედია "30 წამზე ნაკლებ დროში" მოხდა. ის მომხდარს ახლომახლო მყოფ მონადირეებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ თოფების ხმამ და სასტვენებმა ძაღლი დააფრთხო და აგრესიული გახადა.

რობი მეუღლესთან - ლუკასთან და შვილებთან ერთად, ზაკინთოსზე საცხოვრებლად, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
"ლეონი ნებისმიერი დედის ოცნება იყო, ყველაზე ტკბილი ბავშვი. მასზე ვამბობდით, რომ ისეთ ადამიანებსაც კი აყვარებდა თავს, ვისაც ბავშვები არ უყვართ. ის განსაკუთრებული იყო, მუდამ იღიმოდა და ჩვენთვის დიდი ბედნიერება მოჰქონდა", - იხსენებს ატირებული დედა.
ოჯახს ბევრი შინაური ცხოველი ჰყავს - კატები, ცხენები და ძაღლები. რობის თქმით, პიტბულს აქამდე აგრესია არასდროს გამოუვლენია.
"ჩემმა ქმარმა ეს ძაღლი გადაარჩინა. ის ეზოში, 10-მეტრიანი ჯაჭვით იყო დაბმული, რომელიც ტყის პირას გადის. იმ დროს იქ ნადირობდნენ. ისმოდა თოფების სროლისა და სხვა ძაღლების ხმა, მონადირეები სასტვენებს იყენებდნენ. მჯერა, რომ სწორედ ამან დააფრთხო ძაღლი და მისი აგრესია გამოიწვია", - ამბობს რობი დიტი.
დედის თქმით, "ბავშვი ძაღლთან ხშირად თამაშობდა, ეფერებოდა..."
"რაღაც გადაუტრიალდა... იმ 30 წამში, ვიდრე ჩვენ სახლში პროდუქტების შესატანად შევედით, ლეონი მასთან მივიდა და ყველაფერი დასრულდა. ჩემი უფროსი ქალიშვილი შემოვიდა და გვითხრა: "ლეონს პიტბულმა უკბინა". გარეთ გავცვივდით, ბავშვი ძირს იწვა და არ მოძრაობდა, თუმცა ძაღლი მასთან ახლოს აღარ იყო. ეს იყო მხოლოდ ერთი ნაკბენი..."
მშობლებმა ბავშვი სასწრაფოდ მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოსკენ გაქანდნენ, გზაში კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეხვდათ. თუმცა, ექიმებმა პატარას გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ლეონს დაბადების დღე სულ რაღაც ორი კვირის წინ ჰქონდა. როცა დაიბადა, უბედნიერესები ვიყავით, მაგრამ სულ მქონდა რაღაც მტანჯველი ეჭვი, რომ ის ჩემთან დიდხანს არ იქნებოდა და ახლა ეს მოხდა... საფრთხე რომ მეგრძნო, ლეონს პიტბულთან სათამაშოდ არასდროს გავუშვებდი", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლებს ბრალს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენებენ, თუმცა რობი ამას უარყოფს და ამბობს, რომ პოლიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ არაფერი უთქვამს. ამ დროისთვის ძაღლი იზოლირებულია და გამოძიება გრძელდება.