ქეით უინსლეტი ახალ ინტერვიუში პლასტიკური ქირურგიისა და ჭარბი წონის საწინააღმდეგო პრეპარატებს აკრიტიკებს. ბრიტანელი მსახიობი ბოლო დროს გავრცელებულ ე.წ ტრენდებს "საშინელსა და დამანგრეველს" უწოდებს.
„ახალგაზრდა ქალებს აღარ აქვთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ბუნებრივი სილამაზე. უბრალოდ შეპყრობილები არიან იდეალური გარეგნობით, რათა ინსტაგრამზე მეტი მოწონება მოიპოვონ. თუ ადამიანის თვითშეფასება ასეა დამოკიდებული მის გარეგნობაზე, ეს საშინელებაა. საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა საშინელებაა. ეს ეწინააღმდეგება ჩემს მორალს, იმ წესს, რომლითაც მშობლებმა აღმზარდეს და იმას, რასაც ბუნებრივ სილამაზედ მივიჩნევ.

ძილი და ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ზედმეტად დაღლილი ვარ, ვერანაირი მაკიაჟი და თმა ვერ დაფარავს ამის გავლენას სახეზე. ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიზრუნო. არაფერი ზედმეტად ძვირი ან ექსტრავაგანტური... ჩემი მთავარი რჩევა წყალი იქნება. წყალი, წყალი, წყალი. დაიტენიანეთ ორგანიზმი. მინდა ვუთხრა ნებისმიერ ქალს, რომელიც ჰოლივუდის სტილის მიბაძვას ცდილობს: ეს მითია.
ჩემთვის, დაბერების საიდუმლო ნებისმიერ ასაკში, ჰოლივუდში თუ მის გარეშე, არის იმის მიღება, თუ ვინ ხარ და იმის აღიარება, რომ ამ პროცესს ვერ შეებრძოლები. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაცები ჩვენი ჯანმრთელობისა შესანარჩუნებლად, რათა თავი ცოტა უკეთ ვიგრძნოთ. მაგრამ ჩემთვის მთავარია სილამაზე, რომელიც შინაგანად მოდის," - აცხადებს ის.
„ჩემი აზრით, მსახიობი ვალდებულია, იფიქროს იმაზე, რომ თავისი ემოციები და გრძნობები გამოხატოს სახის მიმიკით და არ ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გაახალგაზრდავდეს და დაიკლოს წლები. ბოტოქსი მსახიობის პროფესიის პირველი მტერია. გადაჭიმული სახე არაფრისმთქმელია. ამან შეიძლება მსახიობის პროფესია შეიწიროს კიდეც" - ამბობდა უინსლეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.