გუშინ ცნობილ გახდა, რომ ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მკვიდრი AMBEBI.GE-თან ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
“ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა ქალი იყო, როგორ გვენანება... ლოლიტა ცუდად გახდა, მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს. ორსული ქალი და მისი შვილიც კერძო კლინიკაში - „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ გარდაიცვალა. არ ვიცით, რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნაყოფი მოწყვეტილი იყო და ქალს პერიტონიტი განუვითარდა“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
"მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს, 4 შვილის დედას, რომელიც მე-5 შვილს ელოდებოდა, მაგრამ უფალმა მასთან წაიყვანა ორივე" - წერენ ახლობლები.
"წარმოუდგენლად, შემზარავი ინფორმაციით გათენდა დღევანდელი დილა! მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა შენი გარდაცვალების ამბავი, მთელი სოფელი ერთ ოჯახად გვაქცია, უცებ ყველა გავქვავდით, წამით შეჩერდა ყველაფერი!მრავალშვილიანი დედა კიდევ ერთი სიხარულის მოლოდინში იყავი, შენს ანგელოზთან ერთად იმიერში დაიდე ბინა... არ დაგცალდა, რომ გეხარა შენი შვილებით, ანასტასია ხომ ყველაზე პატარაა, გაცნობიერებაც არ შეუძლია მომხდარის, რეალობის აღქმა! ალბათ ცაში მოგძებნის. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავში იპოვის შენს სახეს და იმ ვარსკვლავს დაუწყებს ოცნებას, მოწყდეს და მას ჩაეხუტოს შენი სურნელით უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველ მართალთა შორის, ხელი ჩასჭიდე შენს ანგელოზს და ერთად ილოცე ყველა შენი დანატოვარის კარგად ყოფნისთვის!" - წერია ბუკნარის საბავშვო ბაგა ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.