ავტორი:

"2010-ში უგულავას ზეიმზე ჩემი რამდენიმე მსახიობი იყო ჩამომჯდარი, ეს ბიჭები ახლა, ყველა იქით მხარესაა გადასული" - ვანო ჯავახიშვილი გუნდის დაშლაზე, არაბიძესთან ურთიერთობასა და კოშმარულ სიზმრებზე

"2010-ში უგულავას ზეიმზე ჩემი რამდენიმე მსახიობი იყო ჩამომჯდარი, ეს ბიჭები ახლა, ყველა იქით მხარესაა გადასული" - ვანო ჯავახიშვილი გუნდის დაშლაზე, არაბიძესთან ურთიერთობასა და კოშმარულ სიზმრებზე

პოპულარული ტელეწამყვანი და იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემას, "მესამე ფურცელს“ სტუმრობდა. ჯავახიშვილმა გულახდილად ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რომელსაც კრიტიკული მედია გადის, გაიხსენა გუნდის დაშლის მტკივნეული პერიოდი და ის ურთიერთობები, რომლებიც ყოფილ თანამშრომლებთან დღეს აქვს

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

კოშმარული სიზმრები ფილარმონიის სცენაზე

ვანო ჯავახიშვილი იხსენებს, რომ მიუხედავად ტელევიზიაში მრავალწლიანი მუშაობისა, სცენა მისთვის მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც ხშირად მის სიზმრებშიც აისახება.

"სცენა ძალიან მიყვარს, ახლაც სულ მაქვს ხოლმე სიზმრები, რომ გამოვდივარ სცენაზე... თუმცა, კოშმარული სიზმრებიც მქონია. ჩემთვის კოშმარული სიზმარი რა არის, იცით? რამდენჯერმე გამღვიძებია ისეთი შეგრძნებით, თითქოს ფილარმონიის სცენაზე გამოვდივარ, სადაც 2000 კაცი მიყურებს და მე არც სცენარი მაქვს, არაფერი ვიცი და ვერაფერს ვამბობ. ამ დროს გაოფლიანებულს გამიღვიძია“, - ამბობს ტელეწამყვანი.

იუმორი კრიზისის დროს და ფინანსური პრობლემები

ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ფინანსური კრიზისი გადაცემის მომზადებასა და გუნდის შენარჩუნებაზე პირდაპირ აისახება.

"რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს, ხშირად იცვლება თანამშრომლების რაოდენობა. ზოგი ვერ უძლებს უხელფასობას, ზოგს უჭირს მუშაობა და მიდის. არის ისეთი პერიოდი, როცა უბრალოდ თემა არ არის, ან განწყობა არ არის შესაბამისი. განწყობის მხრივ ყველაზე რთული აქციების დარბევების პერიოდი იყო. ასეთ დროს ელემენტარული ხუმრობის დაწერაც კი გიჭირს. ვფიქრობდით, ხომ არ გავჩერებულიყავით დროებით, რადგან ტელეეკრანზე მძიმე კადრები გადიოდა და ამ დროს გამოსვლა და ხალხის გამხიარულება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, როცა ხვდები, რომ მაინც რაღაც უნდა თქვა, უფრო სატირულ მიმართულებას ვირჩევთ, რომ გადაცემა მთლად „გადასახარხარებელი“ არ იყოს“.

"ოცნების" დამოკიდებულება იუმორზე

ტელეწამყვანის თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იუმორის აღქმა უჭირთ.

"სააკაშვილის დროსაც მუდმივად ვაშარჟებდით ხელისუფლებას. ხშირად მისვამენ კითხვას, იმ დროს რატომ არ ვხუმრობდით, რაც ალბათ მოკლე მეხსიერების ბრალია. სააკაშვილის პერიოდში ყოველთვის ვხუმრობდით იმაზე, რომ სიტყვაზე, ერთ შენობას ხუთჯერ ხსნიდა, ან საავადმყოფოში დაცვის თანამშრომლები რომ იწვნენ. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაერეკა და რამე ეთქვა, რადგან იუმორზე დარეკვა სირცხვილად ითვლებოდა.

რაც შეეხება დღევანდელობას, ყველაზე ცუდად და მძაფრად იუმორს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იღებენ. მგონია, რომ საერთოდ არ აქვთ იუმორის გრძნობა, ან დავალება აქვთ ასეთი. თითქოს ზემოდან არის დირექტივა - "ამას არ უყუროთ“, "ამაზე არ გაიცინოთ". თუმცა ვიცი, რომ ჩუმად მაინც უყურებენ. მაგალითად, ვიცი, რომ არ მოეწონა კალაძეს. თუ მის წარსულს გადავხედავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ზოგადად იუმორი არ აქვს. ასევე არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებით მის პაროდიებზე გიჟდება. ჩვენ ხომ მოგვისმენია მათი, ანეკდოტები იქნება თუ „გამოიქანე“... ეს 80-იანი წლების ბიძებისგან მოსმენილი ხუმრობები დღემდე სასაცილო ჰგონიათ.

იყო შემთხვევები, როცა ჩვენი პაროდია არ მოეწონა ნინო წილოსანს, თამუნა ლეკვეიშვილის შესრულებით და პოსტიც კი მოგვიძღვნა. პოსტი ჰქონდა თეა წულუკიანსაც, ხოლო ირმა ინაშვილისგან მუქარებიც კი მოდიოდა“.

გუნდის გახლეჩა და ურთიერთობა ნიკა არაბიძესთან

ვანო ჯავახიშვილმა გულახდილად ისაუბრა გუნდის დაშლის პროცესზე, როდესაც თანამშრომლების ნაწილი „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა, ნაწილი კი ახალ არხზე გადავიდა.

"პრობლემა ჩემთვის გუნდის გახლეჩაა, რაც რამდენჯერმე მოხდა. პირველი 2012-ში იყო, როცა ნაწილი ბიძინას გუნდში გადავიდა. ბოლო გაყოფა კი მაშინ მოხდა, როცა „რუსული კანონის“ პირველი პროტესტის დროს გუნდი „ფორმულაზე“ იყო, შემდეგ კი ერთი კონკრეტული პიროვნება, ნიკა არაბიძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. დანარჩენებმა, მათ შორის მიშა ანდღულაძემ, ცალკე ტელევიზია გააკეთეს.

ეს დაყოფა, რა თქმა უნდა, მუდმივად გაზიანებს და განგრევს. იწყებ ახლების ძებნას, ზრდი მათ და მერე ისინიც მიდიან. ამ სფეროში არსებობენ გადამეტებული ამბიციის მქონე ადამიანები. რაც შეეხება ურთიერთობებს - მიშა ანდღულაძე ჩემი მეგობარია და მასთან ხშირად ვკონტაქტობ, თუმცა ნიკა არაბიძესთან, სიმართლე გითხრათ, ურთიერთობა არ მაქვს და მას მერე არც მინახავს“.

უგულავას უკან ჯდომის ისტორია

ჯავახიშვილმა გაიხსენა 2010 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ისტორია, როდესაც გავრცელდა ჭორი, თითქოს ის გიგი უგულავას გამარჯვებას ზეიმობდა.

"2010 წელს, როცა უგულავამ არჩევნები მოიგო, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩემი გუნდი სადმე წასულიყო. ვეუბნებოდი: თუ სადმე დაგიძახეს, სამთავრობო კონცერტზე ან სხვაგან, არსად არ წახვიდეთ, თორემ „დაბრედილი“ ხართ-მეთქი. ეკრანი ჩავრთე და რას ვხედავ - უგულავას უკან, გამარჯვების ზეიმზე, ჩემი რამდენიმე მსახიობია ჩამომჯდარი. ეტყობა, ვიღაცამ რაღაც შეჰპირდა და „გამოიჭიმნენ“. სიმართლე გითხრათ, ეს ბიჭები ახლა, ყველანი იქით მხარეს არიან გადასულები.

წლების შემდეგ, დავით აქუბარდიამ მითხრა: "შენ არ იჯექი უგულავას უკანო?" ანუ შეიქმნა აზრი, რომ რადგან ჩემი მსახიობები იქ იყვნენ, მეც იქ ვიჯექი, რაც არასდროს მომხდარა“.