ავტორი:

"დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა, მამა კი გაიქცა... ოჯახმა ყველაფერი იცოდა" - დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა

"დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა, მამა კი გაიქცა... ოჯახმა ყველაფერი იცოდა" - დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა

თამუნა მუსერიძის პოდკასტი „ვეძებ“ მორიგ მძიმე და ემოციურ ისტორიას გვიზიარებს. ამჯერად გადაცემის სტუმარი ნინო წყალობაძეა, გოგონა, რომელმაც წლების განმავლობაში არ იცოდა საკუთარი წარმომავლობა, საბოლოოდ კი აღმოაჩინა, რომ მას არა მხოლოდ ბიოლოგიური და, არამედ საკმაოდ ტრაგიკული საოჯახო ისტორია აქვს, სადაც კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

ნინოს ისტორია ჰგავს დეტექტიურ დრამას, სადაც არის თვითმკვლელობა, გაშვილება, სიცრუე და მამა, რომელმაც საკუთარი შვილები ორჯერ მიატოვა.

"ზვავის დროს დაღუპული მშობლები“ - ტყუილი, რომლითაც ნინო გაიზარდა

როგორც ნინო იხსენებს, პირველად გაშვილების შესახებ ამბავი ამყვანმა დედამ ხუთი წლის ასაკში უთხრა. პატარა ბავშვმა ეს ყველაფერი ზღაპრად მიიღო.

"პატარა ვიყავი, ამას აღვიქვამდი როგორც ზღაპარს იმ პერიოდში. მახსოვს ის ფაქტები, რომ ძალიან ხშირად ვეუბნებოდი - კიდევ მომიყევი, კიდევ მომიყევი... მიყვებოდა ასე, რომ ორივე მშობელი დაიღუპა ზვავის დროს და დავრჩი მარტო, ბებიამ ვერ გამზარდა და მოუწია გაშვილება. ეს იყო სულ მთელი ისტორია, რომელიც ალბათ დავიჯერე... და მინდოდა ალბათ, ასე ყოფილიყო.

მიშვილეს, ორი წლის ასაკში, ეს კი მითხრეს, მაგრამ საიდან, როგორ, რანაირად - არა. სამომავლოდ მერე ალბათ იფიქრეს კიდეც და შიში გაუჩნდათ იმის, რომ არ წავსულიყავი სადმე... ამისთვის საჭირო იყო, რომ არაფერი აღარ ეთქვათ. სულ მაინტერესებდა, მაგრამ კითხვა ჩემი მხრიდან არასოდეს დამისვამს, რომ ვინ ვარ, საიდან ვარ და რატომ მოვხვდი აქ. არაფერი არ ვიცოდი. ჩემი მთელი ბავშვობა ვფიქრობდი იმაზე, რომ მცოდნოდა ვინ ვიყავი. ეს ძალიან რთული იყო“.

პირველი ნაბიჯები სიმართლისკენ

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ძიება არასდროს შეუწყვეტია, ნინომ რეალური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ 30 წლის ასაკში სცადა. დეიდას გარდაცვალებამდე ჰკითხა წარმომავლობის შესახებ, თუმცა პასუხი მწირე იყო.

„ერთადერთი ის მითხრა, რომ „მე არაფერი არ მაინტერესებს, მე არ ვიცი არაფერი“ და მხოლოდ იმ ადამიანის სახელი მითხრა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და ვინც დაეხმარა დედაჩემს ჩემს შვილებაში. მაგის მერე მივაკითხე იმ ადამიანს. გარდაცვლილი იყო უკვე იმ პერიოდში და მის შვილს, რომელსაც ჩემი თავი მოანათვლინეს (ნათლია ჩემია), ბევრი ვერაფერი მითხრა. ერთადერთი ის მითხრა, რომ: „მამაჩემი იმდენად მორწმუნე ადამიანი იყო, რომ დედმამიშვილი რომ გყოლოდა, თქვენ თავებს არ დააშორებდაო“. პირველი კითხვა სწორედ ეს მქონდა - მყავდა თუ არა დედმამიშვილი. სამწუხაროდ, ნათლიის ნათქვამი სიმართლე არ აღმოჩნდა“.

წლების შემდეგ, მეგობრის რჩევით, ნინო გაწევრიანდა ჯგუფში „ვეძებ“. თუმცა, როგორც ბევრი ნაშვილები ბავშვი, ისიც თავდაპირველად უარყოფის ეტაპს გადიოდა.

"გავწევრიანდი, მაგრამ არ არსებობს, რომ ვიღაცა ნაშვილებმა ბავშვმა თქვას, რომ „მე არ მაინტერესებს“. გამორიცხულია! ყველას აინტერესებს. თუ ამბობენ, რომ არ აინტერესებთ - გულში მაინც სხვა ხდება. ამას უბრალოდ ვერ ვამბობთ.

ჩემს შემთხვევაში თითქოს დავიჯერე, რომ მარტო ვიყავი და თითქოს ეს ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ მარტო ვარ, არავინ მეძებს, არავინ მყავს და ვიადვილებდი ცხოვრებას. მაგრამ ყოველთვის რაღაცა მაწვალებდა. ანუ, ერთს ვიტყვი, რომ დაახლოებით 22-24 წლამდე არცერთ საღამოს ჩემთვის არ გაუვლია, რომ მე არ მეტიროს. ძალიან განვიცდიდი, ოღონდ მხოლოდ ჩემთან ხდებოდა ეს. მე ამას ვერავისთან ვამბობდი, ვერავის გულს ვერ ვუშლიდი და ძალიან მიჭირდა“.

დნმ ტესტი და საბედისწერო 1 იანვარი

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნინომ დნმ ტესტი გაიკეთა. პასუხი ზუსტად 1 დეკემბერს მოვიდა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

"ტესტში გამოჩნდა მეორე თაობის ნათესავი, რომელიც საბოლოო ჯამში ბებიაჩემის (დედის მხრიდან) ბიძაშვილის შვილი აღმოჩნდა. მათმა მხარემ, დედაჩემის მხარემ, ყველაფერი იცოდა და ჩვენ გვეძებდნენ მე და ჩემს დას. თუმცა ამის შესახებ მაშინაც არ ვიცოდი, რომ და მყავდა. დავეკონტაქტე და ტრეფიკინგის სააგენტოდან მოვიდა გვარი... დედის გვარი აღმოჩნდა დინა მამედოვა.

ზუსტად პირველ იანვარს, ახალ წელს, ღამის 2 საათზე, შემოდის შეტყობინება მეილზე: „ჩვენ გვინდა თქვენთან დაკავშირება, შენ ბიძა გყავს, შენი და სად არის? შენთან ერთად არის?“ - იმიტომ რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთად ვიქნებოდით. გაოგნებული ვიყავი, აღმოჩნდა რომ და მყავდა. ბიძას, დედის ძმას, რომელიც ცოცხალია და ძალიან ახალგაზრდაა, მივეცი პირობა, რომ მე მასაც ვიპოვიდი“.

დის პოვნა - ორი ბავშვის ტრაგედია

ნინომ ჯგუფში "ვეძებ“ პოსტი გამოაქვეყნა და სულ რაღაც ერთ საათში მისი ბიოლოგიური დის, მაკას კვალს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ დები ერთ პერიოდში გააშვილეს - ნინო თბილისში, მისი და კი ქედაში.

"ერთ-ერთი მეზობელი გამომეხმაურა და იცოდა, რომ ის ოთხი წლის იყო და ახსოვდა. ამ სიტუაციაში ჩემი დის მდგომარეობა უფრო რთულია, იმიტომ რომ მას მეც ვახსოვდი და ყოველთვის მეზობლებთან, ნათესავებთან კითხულობდა, რომ „მითხარით სად არის“. ძალიან დიდი გულის ტკივილია, რომ ეს მეზობლები სიმართლეს არ ეუბნებოდნენ. ქობულეთში აძებნინებდნენ ჩემ თავს და ყველამ იცოდა, რომ თბილისში ვიყავი გაშვილებული“.

დების შეხვედრა ემოციური იყო. როგორც გაირკვა, მათი დაშორების ამბავი ტრაგიკული და ძალადობრივი სცენარით წარიმართა.

"სხვათა შორის, ერთი-ორჯერ უნახებიათ, შეახვედრეს ჩემი თავი. დედაჩემი ასულა ქედაში, რადგან ჩემი და ტიროდა. ამას ჰყვებიან მისი მეზობლები, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან არავინ არაფერს არ ჰყვება. მისი მეზობლები ამბობენ, რომ მივიდნენ და ამ დროს, ამყვანი დედა ჯოხით გამოეკიდა, გამოაგდო. აქ უკვე საბოლოოდ მოხდა ჩვენი დაშორება“.

დედის თვითმკვლელობა და გაქცეული მამა

ყველაზე მძიმე ნაწილი ამ ისტორიაში მშობლების ბედია. ნინომ გაარკვია, რომ მისი ბიოლოგიური დედა, 24 წლის ულამაზესი გოგო, ნიგიარა მამედოვა (მეტსახელად ლოლა), ოფიციალურად თვითმკვლელობით გარდაიცვალა.

„დედა გარდაიცვალა, ოფიციალურად თავი მოიკლა 24 წლის ასაკში. საბოლოო ჯამში რომ გავარკვიეთ, ისე აღმოჩნდა, რომ დედის გარდაცვალება და მამას წასვლა რუსეთში ერთდროულად მოხდა. მამა გაიქცა. არ ვიცით სიმართლე, არ ვიცით, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ გაქცეული იყო. გამოძიებიდან გამომდინარე, ის იყო ერთადერთი ეჭვმიტანილი დედაჩემის თვითმკვლელობის საქმეში, რომელიც არასოდეს დაკითხულა“.

ირკვევა, რომ ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მამა, თამაზ გოგიტიძე, სავარაუდოდ ძალადობდა მეუღლეზე.

ნინო და მისი და ცდილობენ გაარკვიონ სიმართლე, თუმცა ყველა დუმს. „ყველა დამნაშავეა! ყველამ ყველაფერი იცოდა. არაფერს არ ამბობენ, ყველას აქვს წყალი პირში დაგუბებული. არავინ არაფერს არ ამბობს. პროკურატურაში დავწერეთ განცხადება, მაგრამ მას მერე საერთოდ არავინ არ გამოგვეხმაურა. ალბათ გამოსაძიებელია ეს საქმე“.

შეხვედრა მამასთან: "შენ ვაფშე ვინა ხარ?“

დებმა მამა, თამაზ გოგიტიძე, სოფელ ერგეში იპოვეს. შეხვედრა თავდაპირველად თბილი ჩანდა, თუმცა მალევე კოშმარად იქცა.

"მამას ჰყავს მეუღლე და შვილი. მივედით, შვილი არ დაგვხვდა, იქვე, ეზოშივე იდგა დამალული. ვიზუალურად იმდენად ვგავარ მამას, რომ ვბრაზდები პირველ დღეს რომ უარმყო „მეო არ ვიცოდიო, რას ამბობო შენო, ჩემი შვილიო არ იქნებიო“. მერე დაახლოებით ერთი-ორი საათი რომ ვისაუბრეთ, ბოლოს „აი მგონი შენც ჩემი ხარო“. თავიდან ძალიან კარგად მიგვიღეს, მე თვითონ გაოგნებული ვიყავი. ერთ დღეს მოაწყვეს სუფრა, ისე ჩამიხუტა გულში...“

თუმცა, როგორც კი დებმა კითხვების დასმა დაიწყეს წარსულზე, მამის დამოკიდებულება შეიცვალა.

"მერე დავიწყეთ კითხვების დასმა და მანდ უკვე ჩვენი კითხვები არ მოეწონა. კითხვაზე მისი ხელი რომ არ ერია დედის ამბავში, გააბრაზა. გვითხრა: „აღარ მოხვიდეთ, ფეხი არ მოადგათ აქო და ჩემს შვილს თავი დაანებეთო. შენ ვაფშე ვინა ხარ? ვაფშე ჩემი ხარო?“ - როდესაც ასეთ ვიზუალურ მსგავსებას ხედავს, როგორ არ რცხვენია, რომ ამას ამბობს?“

მესამე ბავშვის საიდუმლო

ისტორიაში კიდევ ერთი უცნაური დეტალია. არსებობს ეჭვი მესამე ბავშვის არსებობის შესახებ. ნინო და თამუნა ახლა ეძებენ ინფორმაციას ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის 4 ნომერში (ყოფილი ზოოპარკის ტერიტორია) მცხოვრები ძველი მეზობლებისგან, რომლებსაც შესაძლოა ახსოვდეთ ნიგიარა მამედოვა და მისი ტრაგიკული ბედი.

„ვინმეს თუ რამე სულ მცირე, აი ერთი პატარა ისტორია რომ მოგვაწოდო, თქვენ არ იცით შვილისთვის ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს,“ - მიმართავს ნინო საზოგადოებას.

დღეს დები ერთმანეთთან ხშირად ურთიერთობენ და ცდილობენ დაკარგული წლები აინაზღაურონ, თუმცა დედის გარდაცვალებისა და მამის საქციელის გარშემო არსებული კითხვები მათ მოსვენებას არ აძლევს.