პოლონური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვარშავის სასამართლოს ხმაურიან გადაწყვეტილებას უკავშირდება. მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, ლაშა ს., რომელიც პოლიციამ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, დატენილი იარაღით აიყვანა და რომელსაც პროკურატურა მძიმე დანაშაულებში ადანაშაულებდა.
საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ვარშავაში 2025 წლის იანვარში მოხდა. პოლონეთი-ხორვატიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, პოლიციელმა ხალხმრავლობაში საეჭვო მამაკაცი შენიშნა. ჩხრეკის შედეგად მას "სიგ საუერის" ტიპის დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ქამარში დამალული დანა აღმოაჩნდა. დაკავებული გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის მოქალაქე იყო და სამართალდამცავებს ყალბ ბერძნულ პასპორტს წარუდგენდა, თუმცა ექსპერტიზამ მალევე დაადგინა, რომ ის სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების ეტაპზე პოლონელ სამართალდამცავებს ჰქონდათ სერიოზული ეჭვი, რომ ქართველი კრიმინალი ვარშავაში შეკვეთილი მკვლელობის შესასრულებლად იყო ჩასული, თუმცა ამ კონკრეტული ვერსიის სამხილებით გამყარება ვერ მოხერხდა. თავად ბრალდებული თავის მართლებისას კურიოზულ ვერსიას ჰყვებოდა და ამტკიცებდა, თითქოს დატენილი იარაღი ქუჩაში იპოვა და პოლიციის განყოფილებაში ჩასაბარებლად მიჰქონდა.
სასამართლომ ლაშა ს.-ს იარაღის უკანონო ტარებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და ის გაათავისუფლა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოგნებულია და აცხადებს, რომ არსებობდა მიმალვის უზარმაზარი რისკი, რადგან მსჯავრდადებულს პოლონეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და წარსულში უკვე იყენებდა ყალბ ვინაობას.
ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაასაჩივრა, თუმცა, როგორც პოლონური მედია იუწყება, უკვე გვიანია. ლაშა ს.-ს ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია და დიდი ალბათობით, მან პოლონეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ის არ იძებნება არც იმ ქართველთა სიაში, რომლებიც ქვეყნიდან ახლახან გააძევეს.