ავტორი:

ალექსანდრე, ანდრია, ლუკა, მატილდა, ელენე და სხვები... - საიდან მოდის თქვენი სახელი: პოპულარული სტატიების უახლესი ნაწილი

ალექსანდრე, ანდრია, ლუკა, მატილდა, ელენე და სხვები... - საიდან მოდის თქვენი სახელი: პოპულარული სტატიების უახლესი ნაწილი

საკუთარი გვარ-სახელების შესახებ ესა თუ ის ისტორია, მეცნიერული კვლევა იქნება თუ რაიმე ამბავი ადამიანებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "ქართველური საკუთარი სახელები", რომელიც 1986 წელს მეცნიერ ალექსანდრე ღლონტის ავტორობითაა გამოცემული.

მისი პირველი გამოცემა კი 1967 წელს დაიბეჭდა. წიგნმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია ანთროპონიმთა, როგორც საკუთარი სახელების ლექსიკონის შედგენის პირველმა მცდელობამ.

ამჯერად შევეხებით უცხოური წარმოშობის ანთროპონიმებს, რომლებიც ქართველ ტომებს შეუთვისებიათ ჰურიტულ, სპარსულ, ბერძნულ, არაბულ, თურქულ, რუსულ და სხვა ენათა მეშვეობით.

ბერძნულიდან ნასესხებია თვით ბერძნული და ძველბერძნული სახელები, რომელთა დიდი ნაწილის წყარო ძველი და ახალი აღთქმის წიგნებია (ალექსანდრე, ანდრია, დავით, იაკობ, იოანე, ლუკა, ილია, იოსებ, მოსე, ზაქარია, მათე, ბართლომე, ანა, მარიამ, ელენე).

სპარსულ-არაბული ენობრივი სამყაროდანაა შემოსული: როსტომ, გივი, ვახტანგ, თეიმურაზ, ლეილა... ევროპული ენებიდან: ტრისტანი, კარლო, პიერ, ჰამლეტ, ტიციან, ბენიტო, იზოლდა, მატილდა, ანეტა, ვიქტორია...

რუსულიდან: ვლადიმერ, ვლადისლავ, ვერა, ნადეჟდა, ლუბა...

ძველ ქართულ წყაროებში დამოწმებულია რამდენიმე სომხური სახელი (არშაკ, არტავაზ, აკოფ, თრდათი...), ხოლო სვანური და მეგრული ტრადიცია იცნობს სხვა ენობრივი ერთობის ანთროპონიმებსაც (მაითუყ, მამსირყვა, მგრზაბეგ, მძიფხან, მისახრხან, თემყვა...).

  • წიგნში ვკითხულობთ იმასაც, რომ ზოგიერთი უცხოური საკუთარი სახელი ქართულს შეეგუა და ისე შეუცვლია თავდაპირველი მოდელი, რომ ახლა კაცს გაუჭირდება არაქართულად მიჩნევა (დათო, თედო, ვანო, სიკო, კოტე, კოწო, რაფო, ლადო, გიო).

ნასესხებ ანთროპონიმთა ბევრი ნიმუში შესწავლილი აქვთ მეცნიერებს ნიკო მარს, ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, იუსტინე აბულაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, აკაკი შანიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს, ზურაბ ჭუმბურიძეს და კიდევ არაერთ ცნობილ მკვლევარს.

აღნიშნულ წიგნში ვეცნობით, რომ გ. მელიქიშვილი იკვლევდა ურარტულ-ჰურიტულ საკუთარ სახელებს და მათ კავშირს ქართველურთან. მკვლევარი გ. ჟორდანია კი ეყრდნობა სხვა მეცნიერთა ცნობილ ნაშრომებს, რომ ჰურიტულიდან უნდა მომდინარეობდეს ქართველურ ენებში დამკვიდრებული ისეთი საკუთარი სახელები როგორიცაა: აგი, აგია, ბათუ, ბუდუ, კაკი, კაკა, გიგა, გიგი, გიგო, კანკა, კიკა, კიკი, კიკო, კიკოლა, კაკული, კალე, გუგუ, ზაზა, ჯაჯუ, თედო, დადა, დათა, დათუნა, დუტუ, თადო, შაქრია, ხუტა, უტა, უტუ, ხუხა, ნანა, ნანი, ნინო, ნინია, თამარ, თაკო, ფაცია და სხვა.

ამ სახელებზე ამ ვარაუდის დაბეჯითებით, მტკიცებით ფორმაში გავრცელება სწორი არ იქნება, მაგრამ სახელთა დამთხვევა მეცნიერს მიაჩნია, რომ უთუოდ დამაფიქრებელია...

ქართველ ანთროპონიმიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიბლიური წარმომავლობის სახელებს, რომელიც ჩვენში ორი გზის გავრცელებულა. ერთი - ზეპირად და მეორე - მწიგნობრობით. ქართველ ტომებს საკუთარ სახელებად გამოუყენებიათ წარმართულ ღვთაებათა უძველესი სახელები, არა მარტო ადგილობრივი, ნასესხებიც - მაგალითად, ქალთა ადგილობრივი სახელები: დალი - სვანური ნადირობის ღვთაება, სამძიმარა - ღვთაება მთაში.

მამაკაცთა სპარსულიდან ნასესხები სახელი - არმაზი. ნიკო მარისა და სვანიძის კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებში დამოწმებული სახელები (ალალე, ვარდო, რაშა, ორირაშა, ნანა, დელია, ლალე...) წარმართულ ღვთაებათა სახელები ან ეპითეტები უნდა იყოს.

წიგნში მეცნიერი სვანაძის ციტატა აი, რას ამბობს: "სახელები: ნანა, ნანაია, რანუნი, რანინა, ნანინა, ანინა, დილა, დელია, დელა, ლალე, ლილე, არალუ, ალალე, ალათა, ბალათა, ირირია, ია, უა, ეა, ვარდო - დიდი აუცილებლად ღმერთების საკუთარ სახელებს წარმოადგენს, ანდა უძველესი წარმოშობის საკუთარ სახელებს, რომელთა შორის ხეთური წარმოშობის ღვთაებების სახელებიც გვხვდება მაგალითად, ალალე)“.

წაიკითხეთ ასევე: