ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის პირებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალათ - აკრძალვის შემდეგ სოცმედიის პლატფორმებზე მილიონობით მოზარდის ანგარიში დაიბლოკება.
კანონის თანახმად Facebook-მა, Instagram-მა, Threads-მა, X-მა, YouTube-მა, Snapchat-მა, Reddit-მა, Kick-მა, Twitch-მა და TikTok-მა ოთხშაბათიდან ის ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც 16 წლამდე ავსტრალიელ მომხმარებელთა ანგარიშების წაშლასა და მათი ხელახალი რეგისტრაციისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კომპანიას, რომელიც ავსტრალიის მთავრობის მოთხოვნებს არ დაემორჩილება, შესაძლოა 49.5 მილიონ დოლარამდე ჯარიმა დაეკისროს.
ბოლო კვირების განმავლობაში მოზარდები ასაკის დადასტურების პროცედურებს გადიოდნენ და ანგარიშების გაუქმებისთვის ემზადებოდნენ. ასაკის გადამოწმების სერვისის, k-ID-ის ავსტრალიელი ხელმძღვანელის, კირან დონოვანის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში მათ ასობით ათასი მოზარდის ასაკობრივი შემოწმება ჩაატარეს.
აკრძალვასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავად ბავშვების მშობლებს. ისინი ამბობენ, რომ ასაკის ამომცნობი აპლიკაცია ხშირად ცდება და არის შანსი, რომ 16 წლამდე მოზარდი 16+ ასაკის ადამიანად მიიჩნიოს.


ზოგიერთი მშობლის თქმით, ახალმა კანონმა, აიძულა შვილისთვის "კანონის დარღვევა ესწავლებინა":
"ვაჩვენე, როგორ მუშაობს VPN და სხვა გზები, რომელიც ასაკობრივი შეზღუდვების გვერდის ასავლელად გამოდგება, YouTube-ზე მიზანმიმართულად გავუხსენი ზრდასრულის ანგარიში, ვგეგმავ TikTok-ის ასაკის ამოცნობასაც ავუარო გვერდი და ასე გავაგრძელებ", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ავსტრალიის მიერ მიღებულმა კანონმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ყურადღება მიიპყრო.
მალაიზია, დანია და ნორვეგია უკვე აცხადებენ, რომ გეგმავენ მსგავსი აკრძალვები შემოიღონ. ევროკავშირმა ასევე მიიღო რეზოლუცია მსგავსი შეზღუდვების დასანერგად, ხოლო ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “ყურადღებით აკვირდებიან ავსტრალიის მიდგომას“