უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საღამოს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ორ-სამ თვეში ჩაატაროს არჩევნები (იმ პირობით, რომ ხმის მიცემის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება). მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა დათანხმდეს რუსეთთან ენერგეტიკულ ზავს, თუ რუსული მხარეც მზად იქნება.
უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კიევი შეერთებულ შტატებს ოთხშაბათს წარუდგენს განახლებულ სამშვიდობო გეგმას. მისი თქმით, უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის სამი დოკუმენტი განიხილება, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ განმიხილავს. მეორეც, უკრაინაში არჩევნების საკითხი, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული. ეს უკრაინელი ხალხის საკითხია და არა სხვა ქვეყნების ხალხების. ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემის გამოხატვით. გულწრფელად ვიტყვი, რომ არჩევნებისთვის მზად ვარ. მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ორი საკითხი ჩნდება.
"პირველ რიგში, უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება დარტყმების ქვეშ, რაკეტების ქვეშ? და ჩვენი სამხედროების საკითხი, როგორ მისცემენ ხმას? თქვენ ეს იცით და არ მინდა, გამეორება. მეორე საკითხი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველია. რადგან ამ საკითხს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. შეხედეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს. "ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
"არსებობს 20-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი. ის მუდმივად იცვლება და ეს ნორმალურია. ეს არის ცოცხალი სტრუქტურა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს ინტერესებს.
მეორე დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტიებია:
ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ველოდები შესაბამის წინადადებებს ჩვენი სამხედროებისგან და მათ დიალოგს ამერიკელ პარტნიორებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული "მსურველთა კოალიციის“ საფუძვლებთან.
მესამე დოკუმენტი რეკონსტრუქციაა:
ზოგი ამბობს, რომ ეს ეხება უკრაინაში ეკონომიკურ განვითარებას, ანუ რეკონსტრუქციას. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს ომის დასრულების ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე".
"პირველ რიგში, რუსები ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს ესხმიან თავს და ჩვენ, აბსოლუტურად, სამართლიანად ვპასუხობთ. ამიტომ, თუ რუსები მზად არიან ენერგეტიკული ზავისთვის - მზად ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის".
სამშაბათს საღამოს, Financial Times-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ზელენსკისგან "სამშვიდობო გეგმაზე“ სწრაფ რეაგირებას ითხოვს. დოკუმენტის მიზანია რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე.
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხის გასაცემად, რომელიც მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიული დანაკარგების აღიარებას აშშ-ის უსაფრთხოების დაუზუსტებელი გარანტიების სანაცვლოდ.