ავტორი:

"იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა" - 16-წლიანი ლოდინის შემდეგ თამუნა ამონაშვილი დედა გახდა: რას ჰყვება მისი მეუღლე?

"იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა" - 16-წლიანი ლოდინის შემდეგ თამუნა ამონაშვილი დედა გახდა: რას ჰყვება მისი მეუღლე?

16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმია - წყვილს ტყუპი, ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელი სექტემბერს მოევლინნენ, თუმცა მშობლებმა ეს ბედნიერი სიახლე საზოგადოებას მხოლოდ ახლა გაუზიარეს.

ეს არის ისტორია დიდ სიყვარულზე, იმედსა და სასწაულზე, რომელსაც წყვილი წლების განმავლობაში ელოდა. როგორც რეზიკო არჩვაძე ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, შვილებისთვის ბრძოლის გზა იმდენად რთული და ფინანსურად დატვირთული იყო, რომ ოჯახი უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა - იყო მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად სახლის გაყიდვაზეც კი ფიქრობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ღვთის ნებით და ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდა. პროდიუსერი ემოციურად საუბრობს იმ განცდებზე, რაც მშობლობას ახლავს თან და განვლილ რთულ გზას იხსენებს

- რეზიკო, გილოცავთ, როდის დაიბადნენ პატარები და რატომ არ საუბრობდით ამ სიახლეზე აქამდე?

- ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვისები არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. ამდენი წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ამისთვის გვებრძოლა და გვემკურნალა. ძალიან ბევრი განვლილი წელი გვაქვს უკან, რომელშიც ჩადებულია დიდი შრომა. ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი, შეიძლება ისე დასრულებულიყო, არც მომხდარიყო.

იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, ხანდახან ვერც ვარჩევ ერთმანეთისგან. ბიჭს ბიბლიური სახელი შევურჩიე - იონა, მაცხოვარიც ახსენებს აღთქმაში და გოგონას - მელანია, ასევე წმინდანის სახელი.

- ჩართული ხართ ბავშვების მოვლაში?

- რა თქმა უნდა, დამხმარეს გარეშე ვზრდით მე და თამუნა. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. ეს პერიოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კონტაქტისთვის მშობლებთან, გვინდა, რომ ჩვენს სითბოში და სიყვარულში იყვნენ. თამუნას კონცერტი ან ჩაწერა თუ აქვს, მოდიან მეგობრები და გვეხმარებიან.

თამუნა ძალიან შეცვალა დედობამ. ხელოვნურ კვებაზე არიან ბავშვები და ორი თვე საოცარ რეჟიმში ვიყავით. ორი საათი გვეძინა დღეში. მადლობა უფალს, რომ ამისი ძალა და ენერგია მოგვცა.

- რეზიკო, წლებია, რაც საქართველოში დაბრუნდით საცხოვრებლად...

- დიახ, უკვე დიდი ხანია აქ ვართ. ზუსტად ამის გამო ვიყავით სხვა ქვეყანაში, რომ გვემკურნალა. იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა.

- ვის ჰგვანან პატარები?

- უფრო მე... გოგონას თამუნას თვალები აქვს, ბიჭი უფრო ჩემკენ არის, კლონივით, მაგრამ ტყუპია და ერთმანეთსაც ძალიან ჰგვანან. 16 წლის წინ შევუღლდით მე და თამუნა და ეს დიდი ეტაპი იყო ჩვენს ცხოვრებაში, ამდენი წლები... თან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაშინ ვერ შევძელით და არც გვქონდა ამის საშუალება, ასე გადავდეთ. ძალიან დიდი წვალებით, დიდი მსხვერპლის გაღება მოგვიწია. ასეთი მარტივი არ არის, წახვიდე, ფული გადაიხადო. მართლა მიზანს მივაღწიეთ, დიდი ბრძოლა იყო, ერთი უშედეგო, მეორე უშედეგო... თან ტყუპი გაჩნდა...

- საქართველოში დაიბადნენ პატარები?

- დიახ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მადლობა ნინო მუსერიძეს, ძალიან გვერდში დაგვიდგა, ასევგიორგი არჩვაძეს ჩემი მოგვარეა, ამ კლინიკის ხელმძღვანელი. ამანაც გადამაწყვეტინა, ჩემი მოგვარე რომ იყო... ცოტა ფრთხილად ვიყავით, მეშინოდა. ძალიან რთულია, ეგ კი არა, მანქანა რომ მიიყვანო პროფილაქტიკაში, იმას ვერ გიკეთებენ ხარისხიანად საქართველოში და წარმოიდგინე, შვილი რომ გინდა გააჩინო.

უნდა გამრავლდეს ქართული გენი და კარგი იქნება, სახელმწიფო დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. ბევრი ადამიანია ჩვენნაირად. ფინანსურად ძალიან რთულია, იყო მომენტი, რომ სახლს ვყიდდით, ისეთ სიტუაციაში ვიყავით, რომ ეს საქმე გამოსულიყო. მადლობა ღმერთს, რომ არ დაგვჭირდა.