ავტორი:

ბრიჯიტ მაკრონი ისევ სკანდალში გაეხვა - სტუმრად კომიკოსთან, რომელიც 2021 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და განცხადება რომელიც სექსისტურად მიიჩნიეს

ბრიჯიტ მაკრონი ისევ სკანდალში გაეხვა - სტუმრად კომიკოსთან, რომელიც 2021 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და განცხადება რომელიც სექსისტურად მიიჩნიეს

საფრანგეთის პირველი ლედი ისევ სკანდალში გაეხვა - ამჯერად ცნობილი ადამიანები და ფემინისტები აღაშფოთა კომიკოს არი აბიტანის შოუს დროს პროტესტის მონაწილე აქტივისტებზე ბრიჯიტ მაკრონის ნათქვამმა.

გასულ შაბათს არი აბიტანის შოუზე ნიღბებით მისულმა აქტივისტებმა, რომლების ყვიროდნენ, "აბიტანი -მოძალადე!", მას სტენდაპ-შოუ გააწყვეტინეს. საქმე ისაა, რომ აბიტანი 2021 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, თუმცა გამოძიება მოგვიანებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. აქცია ორგანიზებული იყო Nous Toutes-ის ("ჩვენ ყველა“) მიერ - ეს არის ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობას ებრძვის.

ქალბატონმა მაკრონი კი აბიტანს კვირას, მისი შოუს დაწყებამდე შეხვდა. გავრცელებულ ვიდეოში კომიკოსი ამბობს, რომ "ეშინია", რაზეც მაკრონი პასუხობს: "თუ იქ იქნებიან ბინძური/სულელი ნაბოზრები (sales connes), ჩვენ გავყრით მათ“, რის მერეც იცინის... ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში ცნობილ ადამიანებსა და ფემინისტებს შორის, რომლებმაც დაგმეს მისი განცხადება.

Nous Toutes-მა Instagram-ზე დაწერა:

"ვგმობთ სცენებს, როდესაც წითელ ხალიჩას უგებენ გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცებს, რითაც სექსუალური ძალადობის გამართლება ხდება. ეს მსხვერპლების საჯარო შეურაცხყოფაა ...“

სოციალურ ქსელებში ჰეშთეგს #salesconnes უკვე მრავალი ადამიანი იყენებს, რათა ფემინისტურ მოძრაობას სოლიდარობა გამოუცხადონ.

ცნობილი მსახიობი ჟიუდიტ გოდრეში, რომელმაც ერთ-ერთი რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, (რეჟისორმა ეს ბრალდებები უარყო), კამპანიას შეუერთდა. "მეც სულელი ნაბოზარი ვარ", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ბელგიელმა კომიკოსმა ფლორანს მენდესმაც განაცხადა, რომ ამ ტერმინის ტარება მისთვის სიამაყეა.

ბრიჯიტ მაკრონის წარმომადგენლებმა AFP-ს განუცხადეს, რომ მისი სიტყვები "რადიკალური პროტესტის მეთოდების“ კრიტიკას წარმოადგენდა.

მისმა ოფისმა განცხადება გაავრცელა,რომელშიც ნათქვამია, რომ პირველი ლედი აბიტანის დამშვიდებას ცდილობდა.

"ვიდეოც აჩვენებს, რომ ქალბატონის ერთადერთი სურვილი იყო დაემშვიდებინა არტისტი, რომელმაც გასახდელში, სცენაზე გასვლამდე უთხრა, - მეშინიაო, რადგან წინა საღამოს შოუ შეაწყვეტინეს. ის არანაირად არ ესხმის თავს პროტესტანტებს. თუმცა იგი არ ეთანხმება რადიკალურ მეთოდებს, რომლითაც ცდილობენ არტისტისთვის სცენაზე გამოსვლის ხელის შეშლას ისე, როგორც ეს შაბათს მოხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიჯიტ მაკრონი აბიტანის შოუს ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა.