სანქტ-პეტერბურგში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 36 წლის ბლოგერმა და ქოუჩმა, ანასტასია სკვორცოვამ, საკუთარი 16 დღის ვაჟი წყლით სავსე აბაზანაში დაახრჩო. ცნობილია, რომ ქალს ასევე ჰყავს 8 წლის ქალიშვილი - ევა.
როგორც ირკვევა, ანასტასიას მძიმე დეპრესია ჰქონდა. ახლობლების ინფორმაციით, მას დაეძაბა ურთიერთობა ქმართან, რომელიც ბავშვის აღიარებას არ ჩქარობდა. ეს განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ფონზე, რომ სკვორცოვა დაორსულებას 5 წლის განმავლობაში ცდილობდა.
სოციალურ ქსელში ანასტასია ბედნიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და გამომწერებს საკუთარ "ტრანსფორმაციაზე" უყვებოდა:
"მე გავიარე გზა 5-წლიანი უშვილობიდან და 10-წლიანი ტოქსიკური ქორწინებიდან ტოტალურ მსხვერპლად ყოფნამდე. ახლა კი მსუბუქად და სიამოვნებით ვცხოვრობ. მე გავხდი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შენც იმავეს გასწავლი", - წერდა ანასტასია თავის ბლოგში.
ორსულობის პერიოდში ქალი ბედნიერებას ასხივებდა და ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილს თბილ პოსტებს უძღვნიდა. ის წერდა, რომ თავიდან ბიჭის გაზრდის ეშინოდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მზად იყო "კაცის გასაზრდელად".
"სახელი ალექსანდრე გონებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც მთელი ეს საგიჟეთი გამოვიარე - ცემა, ფსიქიატრიული კლინიკა, ღალატი... ვიცი, რომ ეს განსაკუთრებული ბავშვია. მას დიდი მომავალი აქვს. ის იქნება დიდებული, სამართლიანი", - წერდა სკვორცოვა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე.
თუმცა, რეალობა ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. ანასტასია თავს "გვარის სისტემის" კურსების ავტორად მოიხსენიებდა და გატაცებული იყო სკანდალურად ცნობილი ელენა ბლინოვსკაიას მარათონებით (რომელიც ამჟამად გადასახადების არ გადახდის გამო ციხეშია).
ის ქალებს უტარებდა ტრენინგებს იმაზე, თუ როგორ უნდა "გაწმინდონ გვარის კარმა", როგორ მიიღონ "გვარის ძალა" და როგორ დაალაგონ ურთიერთობა წინაპრების სულებთან, რომ ცხოვრება აეწყოთ.
ერთ-ერთ პოსტში სკვორცოვა ღიად წერდა თავის ჯოჯოხეთურ ცხოვრებაზე:
"პრეტენზია მაქვს წლის გადარჩენილის ტიტულზე: ცემა პოლიციის განყოფილებაში, გაქცევა ფსიქიატრიულში თავის გადასარჩენად... მეოთხე დღეს კი, საწოლზე დაბმულმა გავიგე, რომ ორსულად ვარ... ბავშვის მამა უარყოფს შვილს და აბორტის მაიძულებს, პარალელურად - ყველა ახლობლის ღალატი... თუ გგონიათ, რომ პრობლემები გაქვთ, მეგობრებო, გეტყვით - ყველაფერი მოგვარებადია".
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 8 დეკემბერს, დღისით, სანქტ-პეტერბურგში, უშინსკის ქუჩაზე მდებარე ბინაში, ქალმა თავისი ახალშობილი ვაჟი წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და საკუთარი ხელით დაახრჩო", - ნათქვამია სამართალდამცავების ოფიციალურ განცხადებაში.
1989 წელს დაბადებული ანასტასია სკვორცოვა დაკავებულია. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. სასამართლო უახლოეს პერიოდში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.