ავტორი:

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

ორგანიზატორი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

ადგილი: კონსერვატორიის დიდი დარბაზი

თარიღი: 2 - 23 დეკემბერი, 2025

ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში ვოკალური საღამო გაიმართება, სადაც მსმენელის წინაში წარსდგება მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. მასთან ერთად სცენაზე იხილავთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს, რომელსაც მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს.

შესრულდება საოპერო მუსიკა, ცნობილი არიები სხვადასხვა ოპერიდან და სარსუელა - ჟანრი, რომელიც ქეთევან ქემოკლიძისთვის ძალიან ორგანულია.

ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ დაამთავრა მილანის ლა სკალას აკადემია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. კარიაულის კლასი), სადაც 2023 წელს მიენიჭა სამუსიკო ხელოვნების დოქტორის წოდება. ქეთევან ქემოკლიძე აქტიურადაა დაკავებული მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში, აქვს საკონცერტო გამოსვლები, მონაწილეობს პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში. მეცო-სოპრანომ გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, მათ შორისაა: პლასიდო დომინგოს “ოპერალია”, ტულუზას, ბარსელონას, ბელვედერის, ე. ობრაზცოვას და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსები.

მისი დისკოგრაფია მოიცავს: როსინის “სევილიელ დალაქი”, გუნოს “რომეო და ჯულიეტა” და “ფაუსტი”, ვერდის “ოტელო”, ბერლინის ოპერნ-გალა, მასნეს “ტაისი”, შტრაუსის “სალომე”, მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”. ქეთევან ქემოკლიძეს უდიდესი წარმატებით აქვს შესრულებული ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში “მე, დონ ჯოვანი“.

ზაზა აზმაიფარაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი დირიჟორია. ამასთან იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია და საოპერო მომზადების მიმართულებას ხელმძღვანელობს. მან 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს, კი, იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა - საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით. 1985–2004 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრს და პარალელურად ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც 1991 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ამჟამად პროფესორი. მაესტროს მრავალრიცხოვან რეპერტუარში ვხვდებით ოპერებს: “აიდა”, “ტრუბადური”, “ჯამბაზები”,“სამსონი და დალილა”, “სოფლის ღირსება” და მრავალი სხვა. მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ თუ უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ელენა ობრაზცოვა, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, თამარ ივერი, ალესანდრა მარკი, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, სამუელ ესტესი, მარინე იაშვილი, ელისო ვირსალაძე, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი, ამბროჯო მაესტრი, მარკო ბერტი, მარსელო ალვარესი, დმიტრი ხვოროსტოვსკი და სხვა.

დარბაზის ფოიეში წარმოდგენილია ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

R