აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან "ძალიან დიდი, ყველაზე დიდი“ ნავთობმზიდი დააკავეს. როგორც ტრამპი ამბობს, ოპერაციის უკან "სერიოზული მიზეზები“ დგას, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია, თუმცა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში ისაუბრებს ამაზე.
რამდენიმე საათში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია. მისი ცნობით, დაკავებული ტანკერი წლებია სანქციების ქვეშ არის "ნავთობის გადაზიდვის იმ არაკანონიერ ქსელში მონაწილეობისთვის, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდა". მისი თქმით, ოპერაციაში FBI, უსაფრთხოების სამსახური, სანაპირო დაცვა და პენტაგონიც მონაწილეობდნენ.
მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ნავთობმზიდი, რომელიც "სანქცირებული ვენესუელური და ირანული ნავთობის გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა“.
ბონდისვე თქმით, ვენესუელის სანაპიროსთან გემის დაკავება "უსაფრთხოდ და წარმატებით“ განხორციელდა, ხოლო "სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირების“ შესახებ გამოძიება გაგრძელდება.
მან ოპერაციის ვიდეოც გამოაქვეყნა.

ოფიციალური კარაკასის განცხადებით, "აშშ-ის ნამდვილი მიზანი ყოველთვის იყო და არის დღესაც ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ვენესუელური ნავთობის მითვისება. ასევე, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ვენესუელას წინააღმდეგ ხანგრძლივი აგრესიის "ნამდვილი მიზეზები საბოლოოდ გამოაშკარავდა“:
"ეს არ არის მიგრაცია, არც ნარკოტრეფიკი, არც დემოკრატია და ადამიანის უფლებები. საქმე ყოველთვის ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ჩვენს ნავთობს, ჩვენს ენერგიას შეეხებოდა - რესურსებს, რომლებიც მთლიანად ვენესუელის ხალხს ეკუთვნის".
უმაღლესი რანგის სამხედრო წყარომ CBS-ს აცნობა, რომ ოპერაციაში გამოყენებული ვერტმფრენები გაეშვა USS Gerald Ford-იდან - მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდიდან, რომელიც კარიბის რეგიონში გასულ თვეში გაგზავნეს.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ: ორი ვერტმფრენი, სანაპირო დაცვის 10 თანამშრომელი, 10 საზღვაო ქვეითი და სპეციალური დანიშნულების ნაწილები.
ზღვის რისკების შეფასების კომპანიამ Vanguard Tech-მა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ხომალდი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ გადასცემდა ყალბ კოორდინატებს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ტანკერი 2022 წელს შეიყვანა სანქციების სიაში.
ბოლო კვირებში აშშ-მ გააძლიერა სამხედრო ყოფნა ვენესუელის სანაპიროსთან და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. თუმცა კარაკასში დარწმუნებულნი არიან, რომ ვაშინგტონი რეჟიმის შეცვლას ცდილობს იმისთვის, რომ ვენესუელის ბუნებრივ რესურსებზე, პირველ რიგში კი ნავთობზე, კონტროლი მოიპოვოს.
ნოემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია დონალდ ტრამპისა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სატელეფონო საუბრის შესახებ.
სექტემბრის შემდეგ აშშ-მა კარიბის ზღვაში 20-ზე მეტ გემს დაარტყა, რომლებიც იყვნენ ნარკოტრეფინგში ეჭვმიტანილნი, რის შედეგადაც სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა Politico-ს უთხრა, რომ "მადუროს დღეები დათვლილია“ და აშშ-ის სახმელეთო შეჭრაც კი არ გამორიცხა.