რუსეთში, ორენბურგის სასამართლომ ქართული რესტორანი "Nino&Vano" რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო 150 ათასი რუბლით დააჯარიმა. საქმე შეეხება სარეკლამო ფლაერს, რომელზეც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი – წმინდა ბასილი ნეტარის ტაძარი – გუმბათების ნაცვლად ხინკლებით იყო გამოსახული.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, თუ როგორ მოხვდა "კრეატიული" რეკლამა მომხმარებლის მაგიდაზე. რესტორნის დაცვა კი აცხადებს, რომ მომჩივანი ქალის უკმაყოფილება, სავარაუდოდ, ნელი მომსახურებით იყო გამოწვეული და არა რელიგიური გრძნობებით.
კონფლიქტის ისტორია სექტემბერში დაიწყო, როდესაც რესტორანს "Nino&Vano" მოქალაქე ნატალია სუხოვეი ესტუმრა და მაგიდაზე ნახა ფლაერი, რომელზეც მოსკოვის წმინდა ბასილის ტაძრის ილუსტრაციას, გუმბათებისა და ჯვრების ნაცვლად, ხინკლები ამშვენებდა.
როგორც ნატალია სუხოვეიმ პროკურატურაში შეტანილ საჩივარში აღნიშნა, ეს დამოკიდებულება რუსეთის მთავარი მართლმადიდებლური სალოცავის მიმართ, მას, როგორც მორწმუნე ადამიანს, შეურაცხყოფს.
პროკურატურამ კონსულტაცია გაიარა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ორენბურგის ეპარქიის იურისტთან და ღვთისმეტყველთან, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოსახულება "სიწმინდის შებილწვად" უნდა ჩაითვალოს.
სასამართლოზე რესტორნის მმართველმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს განზრახ არ მომხდარა. მისი თქმით, რეკლამის შექმნის პროცესში დაირღვა შიდა რეგლამენტი:

მისი თქმით, რეკლამა რესტორანში მოხვდა ბრენდ-მენეჯერის შეცდომით, რომელმაც დიზაინი მისი დამტკიცების გარეშე გაუშვა. თუმცა ბრენდ-მენეჯერი ამტკიცებდა, რომ ის დიზაინერის მხრიდან "უხარისხოდ გაწეული მომსახურების მსხვერპლია".
ადვოკატის თქმით, დიზაინერმა განმარტა, რომ არ ჰქონდა "ცუდი განზრახვა", ხოლო სურათი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. დიზაინერი ამტკიცებდა იმასაც, რომ არ იცოდა, წმინდა ბასილის ტაძარი რელიგიური ობიექტი თუ იყო - მას "კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად" მიიჩნევდა.
ამრიგად, რესტორნის დაცვის მხარემ მთელი პასუხისმგებლობა "უვიც" დიზაინერსა და ხელოვნურ ინტელექტს დააკისრა.
სასამართლო სხდომაზე რესტორნის დაცვის მხარემ სკანდალური ვერსია წამოაყენა: მათი მტკიცებით, საჩივრის ნამდვილი მიზეზი არა რელიგიური გრძნობები, არამედ კლიენტის უკმაყოფილება იყო.
"პირველ სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოჩნდა დიდი, ვრცელი შეფასება იმის შესახებ, რომ ნატალია სუხოვეის არ მოეწონა მომსახურება რესტორანში: კერძები დაგვიანებით მიჰქონდათ... ამ შეფასებაში ერთი სიტყვაც არ არის ფლაერზე, რომელმაც თითქოს მორწმუნე ოჯახის გრძნობები შეურაცხყო", - განაცხადა ადვოკატმა.
რესტორანმა, დანაშაულის აღიარების შემდეგ, ნატალია სუხოვეის ბოდიში მოუხადა და უფასო ვახშამზე დაპატიჟა, თუმცა ქალმა მიპატიჟებაზე კატეგორიული უარი თქვა.
მიუხედავად დაცვის ამ არგუმენტებისა, სასამართლომ რესტორნის მმართველი, დამნაშავედ ცნო და მას 150 ათასი რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.