ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქნესეთის წევრებმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმეს, რაც ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია ტერორისტული საფრთხის შესახებ.
კონფერენცია “ისრაელის კვირეული“ ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ არის ორგანიზებული და ქნესეთის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში 13-14 დეკემბერს იგეგმებოდა. თუმცა კონფერენციის მონაწილე დეპუტატები გააფრთხილეს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, "რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდება".
შეხვედრაზე უნდა განხილულიყო ებრაული სახელმწიფოს მხარდასაჭერად ბიზნეს და საზოგადოებრივი ინიციატივები, ასევე ებრაელთა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიები.
ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ Arutz 7-ს განუცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები, მათ შორის ებრაული სახელმწიფოდან.
“მან აღნიშნა, რომ სამი წლის წინ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობით, ტერორისტულმა ჯგუფმა მოშეს მოკვლა სცადა თბილისში,“ - აღნიშნავს მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნულისა, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება, ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
“არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.
ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვებას გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.
ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ, ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.