აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების "ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.
განაცხადის შევსება ვებ გვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.
შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის "შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.
"ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა.
"ველი, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მივიღებთ“, - აღნიშნა ლუტნიკმა.