ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომლებმაც სხვადასხვა ცხოველის ოჯახური ურთიერთობებისადმი ერთგულების დონე შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ მონოგამიის თვალსაზრისით, ადამიანები ყველაზე მეტად სურიკატებს (ძუძუმწოვარი, მანგუსტისებრთა ოჯახის ცხოველი) ჰგვანან.
უცნაურია, რომ Homo sapiens-ი თურმე ამ მხრივ უფრო ახლოს დგას მანგუსტების ოჯახის წარმომადგენელთან, ვიდრე საკუთარ უახლოეს ნათესავ პრიმატებთან.
ადამიანების მონოგამიის მაჩვენებელი (ანუ იმის ალბათობა, რომ ინდივიდი ცხოვრების განმავლობაში ერთ პარტნიორთან დარჩება) 66%-ს შეადგენს.
სურიკატებშიც ეს მაჩვენებელი 60%-ია, მაშინ, როცა პრიმატები რეიტინგში ბოლოში მოხვდნენ: მთის გორილებს "ერთგულების“ დონე მხოლოდ 6% აქვთ, შიმპანზეებს (ისევე, როგორც დელფინებს) მხოლოდ 4%.
კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც ხშირად ინარჩუნებს ერთ პარტნიორს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თახვია - მისი მონოგამიის მაჩვენებელმა 73% შეადგინა.
როგორც ირკვევა მონოგამია ხშირად გვხვდება ფრინველებშიც, მაგალითად, გედებში.

"მონოგამიის მხრივ არსებობს რაღაცით "უმაღლესი ლიგა" და ადამიანები ამ ჯგუფში მყარად შედიან“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი მარკ დაიბი.
მისივე თქმით, ადამიანებს ყველაზე მეტად ემთხვევათ სურიკატებისა და თახვების გენეტიკური სურათი, თუმცა ადამიანთა სოციალური წყობა სრულიად განსხვავებულია.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ერთგული სახეობა კალიფორნიული ზაზუნაა - მისი მონოგამიის მაჩვენებელი 100%-ია.
რეიტინგის ბოლოში კი აღმოჩნდნენ სოეის ცხვრები, რომელთა შორის სრული ბიოლოგიური და-ძმების წილი მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს.

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი კიტ ოუპი (რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა) ამბობს, რომ ეს დასკვნები ბევრ რამეს ხსნის ადამიანურ მონოგამიაზე.
"ნაშრომი ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ ადამიანები ისტორიისა და ტერიტორიული განვითარების მიხედვით მონოგამიურ სახეობას წარმოადგენენ... ჩვენი საზოგადოება უფრო წააგავს შიმპანზეების ან ბაბუინების საზოგადოებას, მაგრამ პარტნიორის არჩევის თვალსაზრისით, სრულიად სხვა გზით წავედით", - ამბობს ის. წყარო