ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ორი დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, დიზაინერს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი გუშინ საღამოს გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას. დათუნა სულიკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პატიმრობა და ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები
როგორც დიზაინერის მეგობარი Ambebi.ge-ს უყვება, სულიკაშვილი ქუჩაში 10 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ, სულიკაშვილის მეგობრების ნაწილმა, მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ნაწილმა კი მედიის საშუალებით გაიგო დიზაინერის დაკავების შესახებ. თუმცა, პირად საუბრებში რამდენიმე მათგანმა დაგვიდასტურა, რომ ბოლო დროს დიზაინერს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
"ძალიან გთხოვთ, მოეშვით ჭორების გავრცელებას! დათუნა სულიკაშვილი არის მომხმარებელი. დააკავეს შეძენის ფაქტზე! პროკურატურამ შეუფარდა შეძენა-შენახვა!“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.

"გადაგდებული“ კლიენტები და შანტაჟის ბრალდებები
სულიკაშვილის დაკავების ფაქტს წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი სკანდალური პოსტი, რომლებშიც მომხმარებლები დიზაინერს თანხის მითვისებასა და თაღლითობაში ადანაშაულებდნენ.
სექტემბერში ერთ-ერთმა გოგონამ "სასოწარკვეთილი მომხმარებლების“ ჯგუფში დიზაინერზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ სულიკაშვილმა მას კაბის შეკერვის სანაცვლოდ 700 ლარი წინასწარ გამოართვა, თუმცა შეკვეთა არ შეასრულა და არც თანხა დაუბრუნა.
"700 ლარი წინასწარ გადამახდევინა... მივედი კაბის წამოსაღებად, თავად დათუნა ადგილზე არ დამხვდა. დამხვდა მხოლოდ მისი მკერავი ლალი, რომელმაც მითხრა, რომ დათუნას კაბის შეკერვა არც კი დაუწყია. არანაირი ახსნა, არანაირი ბოდიში, არანაირი გეგმა თანხის დაბრუნებაზე. ეს არის თანხის მითვისება, თაღლითობა და კლიენტის სრული იგნორირება... ადგილზე მისულს მხოლოდ მისი მკერავი ლალი მხვდება, რომელიც მეუბნება, რომ ჩემნაირი „გადაგდებული“ მომხმარებლები ყოველდღე მოდიან.“
ამ პოსტის კომენტარებში სხვა დაზარალებულებიც გამოჩნდნენ:
"მეც ეგრე მაწვალა ერთმა მთელი 3 თვე, მახვეწნინებდა საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს... ვუჩივლე და დავაბრუნებინე საკუთარი ფული.“
"იგივე სიტუაციაა, გუშინ მქონდა ქორწილი და კაბის გარეშე დამტოვა! საჩივრის შეტანას ვაპირებ... გავუბედურდი მაგ ადამიანის გამო ქორწილამდე პირდაპირი მნიშვნელობით.“
ცნობილი ტიკტოკერის ბრალდება: მუქარა და შანტაჟი
სულიკაშვილის დაკავების შემდეგ, ცნობილმა ტიკტოკერმა Itsmariamna-მ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის დიზაინერის „ბოლო დაზარალებულია“.

მისი თქმით, სულიკაშვილი მას „არარსებული ნივთების სანაცვლოდ“ სთხოვდა ფულს:
"ასობით ასეთი „ქეისი“ აქვს. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი საჯარო გავხადე, მან ჩემს მიმართ მუქარა და შანტაჟი სცადა.... ისიც იცოდა, რომ ამ ეტაპზე ვარ ორსულად. თუმცა, არაფერმა შეუშალა ხელი ჯერ თაღლითობაში, ხოლო შემდეგ შანტაჟში და მუქარაში. მისი ქცევები ალბათ ნარკოდამოკიდებულებით აიხსნება. ცალსახად საშიშია მისი გარეთ ყოფნა საზოგადოებისთვის, ბოროტად იყენებს ყველას მის გარშემო და საკმაოდ ვრცელ კავშირებს, რომელიც მისი „აღმასვლის“ პერიოდში მოაგროვა!“
დათუნა სულიკაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის, დიზაინერი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.