ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ უძრავი ქონების აღრიცხვა გადაწყვიტა. 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა "უძრავი ქონების კადასტრის შესახებ" დე ფაქტო კანონი და უკმაყოფილების ახალი თემაც აგორდა. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ აფხაზები ომის შემდეგ ქართველების უკანონოდ მიტაცებულ უძრავ ქონებას ვერ ირეგისტრირებენ დოკუმენტების უქონლობის გამო და უკვე ძალიან ბევრი საჩივარი დაგროვდა "კადასტრის შესახებ" კანონის შეჩერების მოთხოვნით.
არის მეორე პრობლემაც: ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ "კადასტრის კანონით" შენიღბულად შემოაპარეს გასულ წელს უკან გაწვეული აპარტ-ოტელების კანონპროექტი და რუსი დეველოპერები თავდაპირველად ბინებად დაპროექტებული შენობების მშენებლობას აგრძელებენ... დე ფაქტო ხელისუფლებამ "უძრავი ქონების კადასტრის შესახებ" ე.წ. კანონი 2024 წლის დეკემბერში მიიღო და ის ძალაში წელს, 1-ელ ოქტომბერს შევიდა. აღრიცხვის დაწყებიდან ერთ თვეში აღმოჩნდა, რომ ქონების აღრიცხვა შეუძლებელია მთელი რიგი პრობლემების გამო.
1992-93 წლების ომის შემდეგ, როდესაც აფხაზებმა და რუსებმა ქართველი მოსახლეობა გააძევეს, ქართველების უძრავი ქონება კანონიერი მფლობელების გარეშე დარჩა და აფხაზებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკებმა ამ სახლებისა და მიწების დატაცება დაიწყეს. ხშირად ქართველების ქონების გამო აფხაზებს შორის კონფლიქტი ხდებოდა, მათ შორის - სისხლიანიც.
წლებია ამგვარი დავები არ წყდება და "უძრავი ქონების კადასტრის შესახებ" კანონის შემოღების ერთ-ერთი მიზანიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ პრობლემის მოგვარებაც იყო. როგორც კი მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 40%-ს არა აქვს ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, 25%-ს კი მხოლოდ არასრული დოკუმენტი აქვს.
სხვადასხვა ორგანოში საჩივრების რაოდენობა იზრდება: ადამიანებს არ შეუძლიათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების დასრულება, პრივატიზება, ჩუქება. დე ფაქტო პარლამენტში ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ დააყენა საკითხი, რომ "კანონის" ამოქმედება 2027 წლის ივლისამდე შეჩერდეს.
ოპოზიციური ფლანგი შფოთავს, რომ "კადასტრის კანონით" რუსული საქმე კეთდება. ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ აპარტ-ოტელების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ "ხელისუფლებამ" იპოვა ახალი გზა რუსული დაკვეთის შესასრულებლად - კადასტრის კანონი ხელს უწყობს რუსული აპარტამენტების მშენებლობას ისე, რომ მოსახლეობა ამ რისკებს ვერ შეამჩნევს, რისკები კი დევს ტერმინების ცვლილებაში - ტერმინი "ბინა" შეიცვალა ნეიტრალური ტერმინით - "შენობა". გაბნიას თქმით, "ადგილობრივ ადმინისტრაციებს" უფლება აქვთ მიწის ნაკვეთები რუს ბიზნესმენებს არა ბინების, არამედ შენობების მშენებლობისთვის გადასცენ. დეველოპერებს ეძლევათ უფლება საცხოვრებელი ფართობი ცალკეულ ერთეულებად დაყონ, რომელთაც საცხოვრებელი სტატუსი არ მიენიჭება, დარეგისტრირდება არასაცხოვრებლად და რადგან "აფხაზური კანონი" არ კრძალავს არასაცხოვრებელი ფართობის გაყიდვას, მათი გასხვისება სრულიად კანონიერი გახდება. არსებითად, ეს არის ბინების გაყიდვა არასაცხოვრებელი ქონების საფარველით. გაბნიას თქმით, სწორედ ამ ჩრდილოვანი ხვრელის არსებობის გამოა, რომ რუსი დეველოპერები აპარტ-ოტელებისთვის გათვალისწინებული შენობების აშენებას სრული ტემპით აგრძელებენ, რადგან გარანტირებული აქვთ ფართობების გაყიდვის შემდგომ ლეგალიზაცია ახალი "კადასტრული" კანონით და ამაზე თვალის დახუჭვა მიუღებელია.
მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი: - აფხაზეთში ომის შემდეგ ქონების კადასტრი არ არსებობდა, ახლა იქმნება იმის გამო, რომ რუსებს ჰქონდეთ უფლება და ოფიციალური საბუთი აფხაზეთში უძრავი ქონების ფლობაზე. სქემა ასეთია: აფხაზები საცხოვრებელ ბინებს ან სახლებს აფორმებენ როგორც კომერციულ ფართობს;..განაგრძეთ კითხვა