მთამსვლელი, რომელმაც შეყვარებული ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე დატოვა, აცხადებს, რომ გადასარჩენად ვერტმფრენს ითხოვდა, თუმცა განუცხადეს, რომ დახმარების გაგზავნა შეუძლებელი იყო - 36 წლის თომას პლამბერგერმა მოვლენების საკუთარი ვერსია გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში გაამხილა.
თავის განცხადებაში პლამბერგერმა განაცხადა, რომ „სიტუაცია უიმედო იყო“ და არ ესმოდა, თუ რატომ დასჭირდა ამდენი ხანი სამაშველო ოპერაციის დაწყებას. მამაკაცი ამტკიცებს, რომ პირველად სამაშველო ჯგუფებს დაახლოებით 00:35 საათზე დაუკავშირდა და ვერტმფრენით სამაშველო ოპერაციის ორგანიზება მოითხოვა.

"იმ ეტაპზე უკან დაბრუნება აბსოლუტურად გამორიცხული იყო“, - თქვა მან და დასძინა, რომ ოფიცერმა, რომელთანაც ტელეფონით დაკავშირება მოახერხა, უთხრა, რომ ვერტმფრენით სამაშველო ოპერაცია შეუძლებელი იყო. ამიტომ წყვილმა გადაადგილების გაგრძელება ამჯობინა.

პროკურორები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პლამბერგერი და მისი შეყვარებული გზაზე საღამოს 9 საათამდე გაიჭედნენ. მათივე მტკიცებით, მამაკაცმა პოლიცია პირველად ღამის 1:35 საათზე გამოიძახა და დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დახმარების საძებნელად გაიქცა.
"ბრალდებულმა შეყვარებული დაუცველი, დაღლილი და დეზორიენტირებული დატოვა. ვინაიდან ბრალდებულს, თავისი შეყვარებულისგან განსხვავებით, უკვე ჰქონდა დიდი გამოცდილება, იგი ტურის პასუხისმგებელ გიდად უნდა ჩაეთვალათ." - განაცხადეს პროკურორებმა.

სამაშველო ჯგუფებმა ქალის გაყინული ცხედარი მეორე დილით იპოვეს — სავარაუდოდ, დახმარების გამოძახებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ბრალდების წაყენების შემდეგ, პლამბერგერის ადვოკატმა განაცხადა, რომ გურტნერის გარდაცვალება "ტრაგიკული, საბედისწერო შემთხვევა" იყო.
პლამბერგერს, რომლის სასამართლო პროცესიც ინსბრუკის რეგიონულ სასამართლოში თებერვალში უნდა გაიმართოს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.