ავტორი:

"ბიზნესმენობისგან შორს ვარ... როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მშობლებმა გამაფრთხილეს, მოგშივდება, შარვალი, ფეხსაცმელი არ გექნებაო... 2 ქალიშვილი მყავს" - როგორია "კაკაჩიას" ცხოვრება ეკრანს მიღმა

"ბიზნესმენობისგან შორს ვარ... როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მშობლებმა გამაფრთხილეს, მოგშივდება, შარვალი, ფეხსაცმელი არ გექნებაო... 2 ქალიშვილი მყავს" - როგორია "კაკაჩიას" ცხოვრება ეკრანს მიღმა

"თეატრში უკვე 55-ე სეზონი ჩავამთავრე. ასაკის გარეშე ეს არ მოხდებოდა... ახლა ჩემს ასაკში ყოველდღიური სიახლეები გამორიცხულია. თუ რამე ახალი იქნება, ეს რეჟისორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი პროფესია ხომ ისეთია, - თანახმა ხარ მორჩილებაზე. თუმცა როცა რაღაცას მიაღწევ, სხვაც გაქცევს მერე ყურადღებას - უშენოდ არ უნდა, რომ დადგას" - გვეუბნება რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია.

მისმა ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შექმნილმა ბიზნესმენ გრიშა კაკაჩიას როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა. როგორ ცხოვრობს, როგორ აფასებს განვლილ წლებს და როგორია მისი წინასაახალწლო განწყობა, ამაზე ჩვენთვის მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ბატონო დავით, რას ნიშნავს თქვენთვის რუსთაველის თეატრი?

- 55 წელი ერთ პროსპექტზე რომ მიდიხარ, თეატრში, ამ დიდებულ შენობაში შედიხარ და შედიხარ იმ ისტორიაში, რომელიც 55 წლის მანძილზე შენ თვალწინ ტრიალებს, ეს ყველაფერს ნიშნავს. ეს შენი წარსულიცაა და აწმყოს...საერთოდ მსახიობის ცხოვრება ძალიან ჰგავს სპექტაკლის ცხოვრებას. როდესაც სპექტაკლი მთავრდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, ფარდა იხურება, ყველაფერი ცარიელდება. რჩება დეკორაცია, რომელსაც ან იმ ღამესვე აალაგებენ, ან მეორე დღეს...

- პირველად როდის შეიგრძენით თეატრის ჯადოსნური სამყაროს გემო, როდის მოხდა ამ სფეროთი თქვენი "მოწამვლა"...

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას, როცა სასკოლო, სარაიონო ოლიმპიადებზე ლექსებს მაკითხებდნენ. მაშინ ვიგემე პირველი ტაში და მორჩა! ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო... პატარაობისას მსახიობობა ბევრს უნდა, მაგრამ ეს სურვილი ჩემთან არც ისე პატარაობისას გაჩნდა. სკოლას ვამთავრებდი, რომ გადავწყვიტე, რასაც მშობლები მხარს არ უჭერდნენ... ჯერ ერთი, იმის გარანტია არავის აქვს, რომ გაგიმართლებს და დიდი მსახიობი, თუ სცენის კორიფე გამოხვალ... მერე გინდა კორიფე იყავი და გინდა - არა, შემოსავლიანი პროფესია არ გახლავთ. ერთადერთი გრჩება ამ პროფესიისადმი შენი პირადი სიყვარული. მერე რაკი სიყვარულია, არ შეიძლება მისი ღალატი და რჩები ერთგული. ძალაუნებურად ეგუები იმას, რომ გიყვარს შენი საქმე, მიუხედავად წლების მანძილზე უამრავი გულისწყვეტისა, თეატრის წარმატებისას უამრავი ძირითადი მომენტის გამოტოვებისა. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ბედს არ ვემდური და მიხარია, რომ ვარ ამ გენიალური თეატრის მსახიობი.

- ყველაფერს მაინც ის აბალანსებს, რომ ამ დიდი თეატრის მსახიობი ხართ, ხომ?

- რა თქმა უნდა... ასეთ სარისკო პროფესიაში, როდესაც შენი ნიჭიერებით რაღაც წარმატებებს ხელს გამოჰკრავ, რაღაცას დაამტკიცებ, ამაზე დიდი არაფერია. მერე აქ მნიშვნელოვანია მაყურებელი, მათზე დგას თეატრი, თუ მაყურებელი არ იქნება, ითამაშე რამდენიც გინდა. როდესაც თეატრს, ცეკვას, მუსიკას მაყურებელი ჰყავს, მოსწონთ არტისტის შემოქმედება და თუ ამ ყველაფერში შენც მოღვაწეობ, რა თქმა უნდა, სიხარულის მომნიჭებელია... ცოტა ხნის წინ მეგობართან ერთად გარდაცვლილ მეგობრებს ვიხსენებდი. სამწუხაროდ მათი რიცხვი დაგროვდა, თეატრალური წრიდან ბევრი წავიდა (რეჟისორი, მსახიობი). ერთ რამეს ხაზს განსაკუთრებით გავუსვამ, რომ ყველას შესანიშნავი შვილები, ოჯახი დარჩათ. ალბათ ამას ის განაპირობებს, რომ თავად იყვნენ კარგები და ასევე ზრდიდნენ შვილებს. ბევრი მათგანი გაჰყვა მამის და დედის პროფესიას. აქ საუბარია მსახიობების და რეჟისორების შვილებზე... მე არ გავყოლივარ მშობლების პროფესიას...

დავით კვირცხალია, ლია გუდაძე და კახი კავაძე

- ვინ იყვნენ ისინი პროფესიით?

- უმაღლესი განათლებით იყვნენ, მაგრამ არასდროს მიფიქრია, მათ პროფესიას გავყოლოდი. პედაგოგები იყვნენ... ვიმეორებ, რომ მათ ჩემი მსახიობობა არ უნდოდათ...

- გავიხსენოთ თქვენი პოპულარული როლი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"... გრიშა კაკაჩია არც ისე დადებითი თვისებების მქონე პერსონაჟი იყო, მაგრამ ისე ითამაშეთ, რომ მაყურებელს ეს კაცი შეუყვარდა...

- როდესაც ქართულ ფესვებზე აღმოცენებულ ნაწარმოებში ვთამაშობ, ყოველთვის ვცდილობ, პერსონაჟი იყოს ქართული... გრიშა კაკაჩია არ მინდოდა, ვინმე ერთ კაცს დამსგავსებოდა - ვთქვათ ბიძას, ბიძაშვილს, ვეცადე, ზოგადად ქართული ხასიათი ჰქონოდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრით, ეს როგორ გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი ოდნავ განსხვავებული აქცენტით, ვეცადე, მისთვის მეტი სიღრმე მიმეცა. ოღონდ, ეს ის აქცენტი არაა, ესტრადაზე რომ გამოდიან და მეგრულად ლაპარაკობენ...ჩემი ბებიის ძმები აფხაზეთში, კელასურში ცხოვრობდნენ, იქაურ გარემოში ვტრიალებდი. მაშინ სამწუხაროდ ასე იყო, იქაურმა მეგრელებმა უფრო მეგრული და რუსული იცოდნენ, ქართული - ნაკლებად. ამ კილოსკენ კიდევ უფრო იმან წამიყვანა, რომ კაკაჩიას რუსი ცოლი ჰყავდა - ირა. სხვათა შორის, ამ როლს ძალიან კარგი მსახიობი და კარგი ადამიანი თამაშობდა...

- ჰოდა კაკაჩიას თამაში არ გენატრებათ?

- როგორც სამუშაო შეიძლება მენატრება, მაგრამ კაკაჩიას მონატრება მაინცდამაინც დიდი ამბავი არ არის. გაუგებარი ფსიქიკის კაცია, როდის რა გაუხარდება, არავინ იცის, იმპულსური პერსონაჟია. იმდროინდელ საქართველოს ჰგავს. ასეთები ბევრნი იყვნენ, - ვიღაც მოსკოვიდან ჩამოვიდა, ვიღაც წავიდა, ვიღაც უკრაინაში იყო... თან რატომღაც მათ შორის საკმარისად იყვნენ მეგრულად მოლაპარაკეებიც...

- გასულ კვირას სერიალში თქვენი პარტნიორი, მოახლე ქალბატონი, ლამარას როლის შემსრულებელი მსახიობი მარინა დარასელია ჩავწერე... თქვენზე თბილად ისაუბრა...

- მარტო იმიტომ ღირს ამ სერიალზე ლაპარაკი, რომ ლამარასნაირი ერთ-ორი მეგობარი ამ ასაკში, ამ სერიალში შევიძინე. მარინა დარასელია ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომელმაც მისი საქმე ზედმიწევნით იცოდა. მასთან ურთიერთობა ამ გადაღებებისას, რომელიც საოცარ რეჟიმში მიმდინარეობდა, საინტერესო იყო. სულ გვეჩქარებოდა, ყოველი კვირის ბოლოს 3 სერია უნდა ყოფილიყო მზად. თუ არა შენი დიდი „სამზარეულო,“ სადაც ეს ოსტატობა შეიძინე, ამ რეჟიმს ვერავინ გაუძლებდა იმიტომ, რომ იქ ყველა რეპლიკას წამიერად გაცოცხლება უნდოდა. რეპეტიციების დრო არ გვქონდა, სახლში წავიკითხავდით, ჩვენს მონახაზს გავაკეთებდით, იქ 2-ჯერ წავიკითხავდით და უნდა გადაგვეღო. საერთოდ ამ "მეგრულ ბლოკში" ყველანი ძალიან კარგები იყვნენ.

- ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც სულ არ არის მეგრელი, ვფიქრობ, მეგრელი ქალის არანაკლები სახე შექმნა...

- ძალიან საინტერესო... სამეგრელოში ისე უყვართ, მასზე გიჟდებიან. ზაფხულობით რომ მიწევს ჩასვლა, როგორც შინაურს, ისე მოიკითხავენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მეგრულთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მეგრულ ენაში რაღაც სხვანაირი მუსიკა აღმოაჩინა. უნიჭიერესია, დიდებულ სკოლის წარმომადგენელია, კარგი მსახიობების მემკვიდრე. რუსი მსახიობი, კაკაჩას მეუღლის როლის შემსრულებელი რომ ვახსენე, იმან საერთოდ გამაოცა... ალბათ გახსოვთ, ნორა ბიცოლას დაკრძალვის სცენა რომ იყო, ირა მოსკოვიდან ჩამოვიდა. ეზოში რომ შემოვიდა, უცებ რუსული აქცენტით, „მუჭო რექ?“ - რომ დაიძახა, ცუდად გავხდი... ვაიმე, სად ვარ-მეთქი, ვამბობდი. არა მარტო „მეგრულმა ბლოკმა,“- ყველა საუკეთესო იყო. საერთოდ პროექტი იყო შესანიშნავად მოფიქრებული. ბარაქალა ქალბატონ ქეთი დევდარიანს და ჩვენს გიორგი ლიფონავას, თენგო მეგრელიშვილს. საერთოდ მთელ შემოქმედებითი ჯგუფი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული. საოცარი წესრიგი და რეჟიმი იყო, ამ ახალგაზრდებს საათივით ჰქონდათ ყველაფერი აწყობილი. მერე ისეთი პროექტი იყო, სადაც მთელმა საქართველომ გაიარა. მარტო თბილისის თეატრების მსახიობები კი არ მონაწილეობდნენ, პერიფერიის ყველა თეატრიდან იყვნენ მსახიობები. ყველას დიდი წარმატება ჰქონდა.

- კაკაჩიას ცხოვრებაში გეძახიან?

- როგორ არა, კაკაჩიას გახსენებაზე უფრო გრიშა მოსდით ხოლმე. ჩემს ერთ-ერთ შვილს ჩემს ნომერზე გრიშა უწერია. შვილიშვილებიც გრიშას მეძახის, მაგრამ სიამოვნების მეტი ამას სხვა არაფერი ახლავს. დაკანონებული კი არ აქვთ, გრიშა დამიძახონ, მაგრამ ნიშნის მოგებით, რომ უყვართ ხოლმე მომართვა. როცა ხანდახან წონასწორობიდან გამოვალ, გავბრაზდები, - გრიშა, გეყოფა ახლა - მეტყვიან...

- რა ადგილი უკავია ამ როლს და ამ სერიალს თქვენს შემოქმედებაში?

- სერიოზული. ეს იყო ჩემთვის ღვთის საჩუქარი. მოულოდნელი მობრძანება... თავიდან ეპიზოდური როლი იყო, მაშინვე დავინახე, რომ რაღაც საინტერესო შეიძლებოდა გამოსულიყო, თუ გაგრძელდებოდა. მინდოდა, გაგრძელებულიყო. გიორგი ლიფონავას მაშინვე ვკითხე კიდეც - ხომ არ გაგრძელება-მეთქი? არ მგონიაო... მერე რომ ნახეს, ეტყობა, მოეწონათ და "მეგრული ბლოკი“ რამდენიმე სეზონი კი გაგრძელდა. ქალბატონი ქეთი დევდარიანის წერის მანერა, სამწერლო ენა, გამოცდილება, აზროვნება მართლა საოცარია... სანამ ახალი სცენარი სანამ ჩემამდე მოვიდოდა, მოუთმენლად ველოდებოდი, მაინტერესებდა, რა იქნებოდა, რომ მერე რაღაც ჩემი შემეთავაზებინა. ვინც ასე ვფიქრობდით, დიდი ნდობით გვეპყრობოდა და მგონი, საინტერესო ერთობლივი ურთიერთობა გამოგვივიდა როგორც რეჟისორთან, ისე დრამატურგთან.

- გრიშას ფული უყვარს, კარგადაც შოულობს, ბიზნესმენია... თქვენ ამ ყველაფრისგან შორს ხართ... ისე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ბიზნესმენობა ხომ არ გიცდიათ?

- კი, ბიზნესმენობისგან შორს ვარ... ისე, ფულის შოვნა საერთოდ მამაკაცის მოვალეობაა, რომ ოჯახი არჩინოს. მამაკაცმა ასევე უნდა დარგოს ხე, სახლი ააშენოს, მეუღლე შეირთოს, რომელსაც უნდა შეჰფიცოს, რომ ზღაპარივით აცხოვრებს... მერე ცხოვრება ამას სხვადასხვანაირად არეგულირებს - ზოგი ასე შოულობს, ზოგი - ისე, ზოგი საერთოდ ვერ შოულობს. გრიშა კი თავისებურად უბერავს... რაც შემეხება მე, როდესაც გადავწყვიტე, ჩემს პროფესიას ვზიარებოდი, იქ ფულზე ლაპარაკი გამორიცხული იყო. მშობლებმა გამაფრთხილეს, შვილო, მოგშივდება, შარვალი, ფეხსაცმელი არ გექნება, ამაზე უნდა დაფიქრდეო. არც ვინმე წინამორბედი - ბაბუა, ბიძა, ნათესავი მყოლია მსახიობი, რეჟისორი, რომ ორიენტირი მოეცა, ამ გზაზე როგორ უნდა მევლო. ამიტომ ჩემი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მშობლებს ერთგვარი პანიკა ჰქონდათ... ახლა არ გეგონოთ, იმ გენიოსი მსახიობების რიგში ჩავდექი, რომლებიც განუმეორებლები იყვნენ, არა, უბრალოდ პატიოსნად შევასრულე მოვალეობა. მე რუსთაველის თეატრში ჯარისკაცად მივედი და ეს წლებია, ჯარისკაცად მოვდივარ... არასდროს არაფერი მომითხოვია და არც არაფერს გამოვკიდებივარ. ბიზნესმენობა არასდროს მიფიქრია. საერთოდ რაც ჩემს ქვეყანაში არ მომწონს, ისაა, რომ ადამიანები იმ საქმეებს ეჭიდებიან, რაც მათი არაა. რატომღაც ჰქონიათ, რადგან სხვას გამოუვიდა, მათაც გამოუვათ. ასე არ არის. საქმე არ გამოვა, თუ შენი საქმის მეცნიერი არ ხარ.

- წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. რა ტრადიციები გაქვთ ამ დღესასწაულის წინ?

- 2 ქალიშვილი მყავს. ერთი ჩემთან ცხოვრობს და ჩემთან სახლში ისინი არიან ხოლმე ამ კუთხით ჩართულები... თუ შევწვდით ინდაურს, რომ შევიძინოთ, საცივს გავაკეთებთ. წელს არ ვიცი, როგორ იქნება ინდაურის ფასი. თუ არადა, მეორე ქალიშვილთანაც მივდივართ და იქ ვიქნებით. მინდა ჩემს შესანიშნავ სამშობლოს, ჩემს საქართველოს დამდეგი 2026 წელი მივულოცო. ახალ-ახალი წარმატებები ვუსურვო. საქართველო იმსახურებს იმას, რომ ძალიან კარგი ქვეყანა იყოს. მე ოპტიმისტი ვარ და ყველაფერი კარგად იქნება.

წაიკითხეთ ასევე: