India Tour 2025-ის ფარგლებში ლიონელ მესი ინდოეთს ეწვია. ფეხბურთელი კალკუტაში, ჰაიდარაბადში, მუმბაიში და ნიუ დელიში გულშემატკივრებს შეხვდება და სხვადასხვა აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას. ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელი ინდოეთში ლუის სუარესთან და როდრიგო დე პოლთან ერთად ჩავა.

ტურნე რამდენიმე დღეს გაგრძელდება. 13 დეკემბერს ფეხბურთელი კალკუტასა და ჰიდერაბადს ეწვევა. 14 დეკემბერს მუმბაის მოინახულებს, ტურნეს კი 15 დეკემბერს, დელიში დაასრულებს.
ტურნე შაბათს ქაოტურად დაიწყო. „სოლტ ლეიკის“ სტადიონზე ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ, გულშემატკივრებმა სკამები დაამტვრიეს და მოედანზე შეყარეს. როგორც ამბობენ, ხალხმრავლობის გამო, მესიმ სტადიონი მისვლიდან 20 წუთში დატოვა.

"მხოლოდ ქვეყნის ლიდერები და მსახიობები იყვნენ მესის გარშემო... რატომ დაგვირეკეს მაშინ?“ - განუცხადა სტადიონზე მყოფმა გულშემატკივარმა ANI-ს.
“გასულ პარასკევს ჩვენ ვიქორწინეთ, თაფლობისთვე კი გავაუქმეთ, რადგან მესი ჩამოდიოდა ინდოეთში, ეს კი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მას 2010 წლიდან ვგულშემატკივრობთ" - ამბობს ფეხბურთელის სანახავად მისული წყვილი.

დასავლეთ ბენგალის შტატის მთავარმა მინისტრმა, მამატა ბანერჯიმ, მესის ბოდიში მოუხადა და ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.
"ღრმად შეშფოთებული და შოკირებული ვარ სოლტ ლეიკის სტადიონზე დღეს მომხდარი არასწორი მენეჯმენტით“, - დაწერა ბანერჯიმ X-ზე.


"გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ლიონელ მესის, ასევე ყველა სპორტის მოყვარულსა და მის გულშემატკივრებს სამწუხარო ინციდენტისთვის. ვქმნი საგამოძიებო კომიტეტს... კომიტეტი ჩაატარებს ინციდენტის დეტალურ გამოძიებას".
ფეხბურთელის სანახავად ბევრი მოქალაქე შორეული რეგიონებიდან ჩამოდის. მესი სოლტ ლეიკის სტადიონზე გულშემატკივრებთან ისაუბრებს. ის საფეხბურთო გაკვეთილებს ჩაატარებს, თავის ნიჭს ამხანაგური მატჩების საშუალებით წარმოაჩენს და სხვა ქალაქებში კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
მესი, ლუის სუარესთან და როდრიგო დე პოლთან ერთად, პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრას გეგმავს. ეს ფეხბურთელის ინდოეთში რიგით მეორე ვიზიტია - პირველად ის ქვეყანას 2011 წელს ესტუმრა.