ავტორი:

"როცა ვერ მხედავენ, ქართველი ვგონივარ, მაგრამ რომ დამინახავენ, შოკში არიან... არ სჯერათ, რომ მე ვმღერი" - ნიგერიული გოგონა ქართულ სოცქსელს იპყრობს

"როცა ვერ მხედავენ, ქართველი ვგონივარ, მაგრამ რომ დამინახავენ, შოკში არიან... არ სჯერათ, რომ მე ვმღერი" - ნიგერიული გოგონა ქართულ სოცქსელს იპყრობს

"ყვითელი ფოთლები" სასწაული სიმღერაა, როცა ვასრულებ, სითბოს ვგრძნობ" - ამბობს ნიგერიელი ომა ფავორი. ინტერნეტსივრცეში მის მიერ შესრულებულ გია ყანჩელის ამ უკვდავ კომპოზიციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთს ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი გოგონა ეგონა...

- ნიგერიიდან ვარ, 8 წელია საქართველოში ვცხოვრობ. სანამ ამ ქვეყანაში ჩამოვიდოდი, გაერთიანებულ სამეფოშიც ვცხოვრობდი, სამედიცინოზე ვსწავლობდი. მოვიძიე ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში იყო შესაძლებელი სწავლის გაგრძელება სამედიცინო მიმართულებით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირობები მომეწონა, მაგრამ საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ინტერნეტში ინფორმაციას გავეცანი, მოვუსმინე ქართულ ფოლკლორს, რამაც აღმაფრთოვანა და აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, კარგ განათლებასთან ერთად, მექნებოდა შესაძლებლობა გავცნობოდი თქვენს მუსიკასაც. 8 წელია ჯგუფ "სინთეზში" ვმღერი.

- ფოლკლორი ახსენეთ, რომელმა სიმღერამ მოგხიბლათ?

- პირველად მეგრული სიმღერა "აშო ჩელა" მოვისმინე და აღვფრთოვანდი, ემოცია ძალიან დიდხანს გამყვა. ჩემი საყვარელი ჟანრი სოულია. დღეს, როცა ქართულ ლირიკულ სიმღერას ვმღერი, ჩემი მთავარი მიზანია, გადმოვცე ის შეგრძნებები, რომელიც მასშია ჩადებული. ქართული სიტყვები ბევრი არ ვიცი, შეიძლება ტექსტის შინაარსს ყოველთვის კარგად ვერ ვხვდებოდე, მაგრამ ქართული სიმღერა ისეთი მელოდიურია, ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც მისი შექმნის წუთებში კომპოზიტორი განიცდიდა. შემიძლია გითხრათ, ის მაშინ მოწყენილი იყო, მხიარული თუ... მე, როგორც შემსრულებელს, ქართველი კომპოზიტორების განცდები და ემოცია ჩემს მსმენელამდე მიმაქვს. იმედია, გამომდის.

- ყველაზე მეტად რომელი სიმღერა მოგწონთ, განსაკუთრებულ ემოციას რომელი გიტოვებთ?

- ეს არის გია ყანჩელის "საით მიდიხარ". როდესაც ეს კომპოზიცია პირველად მოვისმინე, იმ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები მქონდა. ტექსტის შინაარსი პირველი მოსმენისას ვერ გავიგე, მაგრამ მუსიკამ იმდენი რამ "მითხრა", ისეთი მძაფრი ემოცია მომიტანა და ხასიათი ისე მაგრძნობინა, გავგიჟდი, ცრემლები ვერ შევიკავე და ვიტირე. მოგვიანებით, როდესაც ტექსტის შინაარსი გავიგე, მივხვდი, რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან.

- გია ყანჩელი თქვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორია?

- დიახ, მისი "ყვითელი ფოთლები" სასწაულია. როცა ვასრულებ, სითბოს ვგრძნობ. როდესაც შინ მარტო ვარ და მინდა მშვიდად ვიყო, გია ყანჩელის მუსიკას ვრთავ და ვუსმენ.

- რა რეაქცია აქვთ თქვენს ნიგერიელ მეგობრებს, როდესაც ქართულ სიმღერას ასმენინებთ?

- ჩემი ქართულად ნამღერი რომ მოისმინეს, ძალიან მოეწონათ, გაუკვირდათ, აღფრთოვანდნენ... თითქმის ყველა მეკითხებოდა, რამდენად რთული იყო ქართული სიმღერის სწავლა, როგორ მოვახერხე და ა.შ...განაგრძეთ კითხვა