ავტორი:

რას მოიტანს ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი (2026), რომელიც 60 წელში ერთხელ დგება - ისტორიული ქაოსი და გლობალური ცვლილებები: რისთვის უნდა მოვემზადოთ

რას მოიტანს ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი (2026), რომელიც 60 წელში ერთხელ დგება - ისტორიული ქაოსი და გლობალური ცვლილებები: რისთვის უნდა მოვემზადოთ

12 ცხოველისა და 5 ელემენტის კომბინაციით, ცეცხლოვანი ცხენის წელი ყოველ 60 წელიწადში ერთხელ დგება და მას, როგორც წესი, როგორც წარმატება, ისე უბედურება მოაქვს.

აღმოსავლური კალენდრის დამაინტრიგებელი პროგნოზი

2026 წელს, 17 თებერვალს, მთვარის ახალი წელი დგება. ამ დღეს დასრულდება ხის გველის წელი და დაიწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი. იმისათვის, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რამდენად „ცეცხლოვანი“ შეიძლება აღმოჩნდეს ეს წელი, უნდა გავითვალისწინოთ ჩინური ასტროლოგიური გათვლები და ფენ შუის რჩევები.

ჩინურ ასტროლოგიაში ყოველი წელი ასოცირდება 12 ზოდიაქოს ცხოველიდან ერთ-ერთთან და 5 ელემენტიდან ერთ-ერთთან: მეტალი, ხე, წყალი, ცეცხლი ან მიწა. ამ ელემენტებს შეუძლიათ ერთმანეთის შევსება ან ერთმანეთთან შეჯახება. სწორედ ამ ურთიერთქმედებას მიაწერენ ბუნებრივ სამყაროში ჰარმონიის, ბალანსისა და წესრიგის დამყარებას.

ორმაგი ცეცხლის ენერგია და 60-წლიანი ციკლი

5 ელემენტისა და 12 ზოდიაქოს ნიშნის არსებობის გამო, ნებისმიერი კონკრეტული კომბინაცია მეორდება ყოველ 60 წელიწადში. მაგალითად, ბოლოს ცეცხლოვანი ცხენის წელი 1966 წელს იყო.

2026 წლისთვის, ზეციური ენერგია აქტიურდება, რაც იანგის (მამაკაცური) და ცეცხლის ძლიერ გავლენას მოასწავებს. ვინაიდან ცხენის ნიშნის ძირითადი ელემენტიც ცეცხლია, მომავალი წელი „ორმაგი ცეცხლის“ წელი იქნება. ეს კი დრამატულ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას მოიტანს.

გარდა ამისა, ფენ შუის თანახმად, ახლა ვართ "პერიოდ 9"-ში, 180-წლიანი ენერგეტიკული ციკლის ბოლო, 20-წლიან ფაზაში. „პერიოდ 9“ ასევე ცეცხლთან არის დაკავშირებული და გრძელდება 2024 წლიდან 2043 წლამდე. ეს პერიოდი ნგრევასთან ერთად, შენებასაც მოიცავს.

"წითელი ცხენისა და წითელი ცხვრის უბედურება"

ჩინურ კულტურაში ცეცხლი წითელი ფერით არის წარმოდგენილი, ამიტომ მომავალ წელს ხშირად „წითელი ცხენის წელსაც“ უწოდებენ.

მას მოჰყვება 2027 წლის ცეცხლოვანი ანუ „წითელი ცხვრის წელი“. ეს ზედიზედ ორი „წითელი“ წელიწადი, რომელიც ყოველ 60 წელიწადში ერთხელ დგება, ცრუმორწმუნეთა შორის ცნობილია, როგორც „წითელი ცხენისა და წითელი ცხვრის უბედურება“ და მოსალოდნელია, რომ დიდი არეულობა ან თუნდაც ომები მოიტანოს.

ისტორიული მაგალითები ამ შიშს ამყარებს:

1966 წელი (ბოლო ცეცხლოვანი ცხენის წელი): ჩინეთში კულტურული რევოლუცია დაიწყო, რამაც ქვეყანა ათწლიან ქაოსსა და ძალადობაში ჩაძირა. მომდევნო წელს ჰონგ-კონგში არეულობა მოხდა.

1906 წელი (ცეცხლოვანი ცხენის წელი 60 წლით ადრე): აშშ-ში ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მოხდა. სან-ფრანცისკოში 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრას 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გარღვევის წელი

თუმცა, ცეცხლოვანი ცხენის წელი ასევე ასოცირდება ფუნდამენტურ პროგრესთან.

1966 წელს საბჭოთა კავშირმა მთვარეზე უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ლუნა 9“ დასვა.იმავე წელს აშშ-მ დაასრულა „ჯემინის“ კოსმოსური პროგრამა, რომელმაც კოსმოსური მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები შექმნა.ცეცხლოვანი ცხენის წელი სავარაუდოდ სავსე იქნება გარღვევებით, ინოვაციებითა და სწრაფი ცვლილებებით. ასტროლოგები უკვე წინასწარმეტყველებენ დიდ ტექნოლოგიურ მიღწევებს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და მედიცინის სფეროებში.

ადამიანებს მოუწოდებენ, მიჰყვნენ საკუთარ ოცნებებს, რადგან მომავალი წელი ბევრ ოქროს შესაძლებლობას გვპირდება.

ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებულები

ჩინურ კულტურაში ცეცხლი სინათლისა და სითბოს სიმბოლოა, ცხენი კი ინტელექტს, გამბედაობასა და შრომისმოყვარეობას განასახიერებს.

ამ ნიშნით დაბადებულები ითვლებიან ძლიერი ნებისყოფის მქონე, აქტიურ და ცოცხალ ადამიანებად. ისინი არიან თავდაჯერებულები და ენთუზიაზმით სავსენი სამსახურში, შეუძლიათ ერთდროულად მრავალი პრობლემის მოგვარება. ასეთი ენერგიული ადამიანები გამოწვევების ფონზე წარმატებას აღწევენ, მაშინაც კი, როცა სერიოზული სირთლეების წინაშე დგებიან.

როგორ დავიცვათ თავი ცეცხლისგან?

არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთმა მთავარმა საერთაშორისო მოვლენამ, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი, შესაძლოა შეასუსტოს „წითელი ცხენისა და წითელი ცხვრის უბედურების“ გავლენა – ეს არის 2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

ჩინური "ხუთი ელემენტის თეორიის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლს შეუძლია მეტალის დნობა, მეტალს შეუძლია წყლის შეგროვება, რაც ცეცხლს აქრობს.

ბურთის მსგავსი, გლუვი, მრგვალი ზედაპირის მქონე ობიექტები მეტალის ელემენტთან ასოცირდება. ამის გამო, ფენ შუის ოსტატებს მიაჩნიათ, რომ გლობალურ სპორტულ სანახაობას, სრულყოფილებასთან და ერთიანობასთან დაკავშირებული ფორმის გამო, შეუძლია „ორმაგი ცეცხლის“ ენერგიის ნაწილობრივ განეიტრალება.

წყარო