თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა.

დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.
“ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას“, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ის იმედოვნებს, რომ ადვოკატები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ადვოკატთა ასოციაციაში ვირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, მოლოდინი არის პოზიტიური. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ადვოკატი მოვა და სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში“ , -განაცხადა ყანდაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ჩომახაშვილი ყველას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საერთო კრება, სადაც ავირჩიეთ კომისიის წევრები. კოალიციურად შევთანხმდით საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურებზე და 15-ივე საარჩევნო კომისიის წევრი ჩვენ ავირჩიეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად შევეცადეთ. დღეს უკვე პროფესიის დაცვა ადვოკატების და ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად, ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია. ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, ასევე იქნება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. ვაპირებთ ცვლილებებს, მათ შორის, უფლებების დაცვის კომიტეტის ნაწილში. უამრავი გამოწვევა იქნება ჩვენს წინაშე, ყოველდღიურად ვინაიდან ვხედავთ, რომ ადვოკატის უფლებები ირღვევა. ჩვენ N1 რასაც უზრუნველვყოფთ არის ის, რომ ყველა ადვოკატის, განურჩევლად შეხედულებისა, დავიცავთ“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.


მისი თქმით, ხმის მიცემა გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება. ხმის მიცემა მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. დათვლა ელექტრონულად მოხდება. ცხადია, შედეგებს 21:00 საათისთვის უნდა დაველოდოთ და დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს და ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და თითოეულ წევრზე ორიენტირებული იქნება.
ყველა კანდიდატს სურს მოგება, საბოლოოდ შედეგები გვაჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები. შესაბამისად, მე გულწრფელად ყველა კანდიდატს გამარჯვებას ვუსურვებ და მინდა, რომ მშვიდად დასრულდეს [არჩევნები]. ასოციაციაში მთავარია, რომ პროცესები დასრულდეს ექსცესების გარეშე“, - განაცხადა მახარაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ასოციაციას სიახლე სჭირდება.

“მინდა, ასოციაციამ დღეს აჩვენოს, რომ უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პროფესიული და ეთიკური მაღალი სტანდარტების დაცვა - ცვლილებების დროა, ასოციაციასაც სჭირდება განახლება და სჭირდება, მართლმსაჯულების სისტემას აჩვენოს, რომ ადვოკატებს მეტი პატივისცემით მოექცნენ, ვიდრე დღეს ვხედავთ...
„დღეს მე ძალიან ბევრ სისტემურ პრობლემას ვხედავ - ადვოკატებს ციხეში ისე ექცევიან, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას ხელყოფს, სასამართლო დარბაზში ვხედავ როგორ არათანაბარ პირობებში აყენებს სასამართლო მეორე მხარესთან მიმართებით. ვხედავ ინსტიტუციურ გამოწვევებს პროფესიის შიგნით. საჭიროა, რომ ეს ასოციაცია ყველასთვის გაიხსნას - ყველა ადვოკატი უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი ასოციაცია და მისი ტრიბუნაა. ადვოკატი ვინმეს ზეწოლის ქვეშ - ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს ვერ დავიცავთ, რადგან ეს არის ერთადერთი პროფესია, რომელსაც აქვს ასეთი მაღალი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ სხვები დავიცვათ - როგორ შეიძლება ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ? მაშინ როგორ მოვახერხებდით ადამიანების დაცვას.
მინდა ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ჩემი გამოცდილებით მივეხმარო და ვაპირებ, აქტიურად ვიყო ამ პროცესში ჩართული. მინდა, რომ არჩევითი ორგანოები სხვადასხვა ჯგუფიდან იყოს. არ მომწონს გუნდურობა, რადგან ასოციაციას სჭირდება ამ ორგანოებში სანდო, ეთიკური, გამოცდილი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადვოკატები. მე იმედი მაქვს, ასეთებს ავირჩევთ ჩვენ დღეს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფოტო: ვანო გორგიშვილი