არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით, ის საპატრიარქოს კომისიაზე დაიბარეს.
როგორც არქიმანდრიტმა გამოქვეყნებულ ქადაგებაში განმარტა, ის სამშაბათს, 14:00 საათზე არის დაბარებული.
„არ ისვენებს ბოროტი. ჩვენი ხელისუფლებისგან არის ჩემი განეიტრალების ბრძანება გაცემული, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს. ისევ დაბარებული ვარ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ. ბრალდება არის ასეთი, რომ თითქოს მე ეპისკოპოსებს, კომისიის წევრებს მივაყენე შეურაცხყოფა და ცილი დავწამე. ამიტომ, იმავე კომისიაში ვარ დაბარებული, რომელ კომისიასაც, მათი თქმით, მე ცილი დავწამე და შეურაცხყოფა მივაყენე. ასეთი რამ არცერთ კანონში არ წერია, რომ ადამიანი დაიბარო იმ კომისიაზე, რომლის მიმართ პრეტენზია აქვს. თუ მე ცილი დავწამე ამ კომისიას, ამ კომისიამ რატომ უნდა დამიბაროს. პირიქით, ამ კომისიის წევრები ჩემთან ერთად უნდა დაიბაროს სინოდმა ან სინოდალურმა კომისიამ, მაგრამ როგორც წინაზეც გითხარით, პატრიარქის მოსაყდრე შიომ, [ანდრია] ჯაღმაიძემ, [მიქაელ] ბოტკოველმა საქართველოში გააუქმეს სინოდი და სამართალი არ არსებობს. ეს უსამართლობა არის რჯულის კანონითაც“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან „იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები".
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდა.