თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები - იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც თქვენ "სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი - მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალებას შეეხებოდა.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც თქვენ "სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასევე არის პოლიტიკური მოტივი, რის გამოც, ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან, ვერ აცნობიერებენ და ანალიზს ვერ აკეთებენ.
მოტყუებული ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ და მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. [აშშ-ის] ახალმა ადმინისტრაციამ დღეს თავად გააუქმა ის ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც თქვენ საქართველოში რევოლუციის მოწყობა გინდოდათ. ეს იმ ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომლებიც მოტყუებული არიან და ყოველდღე დაგყავთ [აქციაზე] და იმ ადამიანებმა, რომლებიც ციხეში არიან. აღიარონ თავიანთი შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს. მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს“, - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.