...მისი სახე, ღიმილი და ცრემლიც კი ქართულ კულტურაში სამუდამოდ დარჩა. ის მელოდიად იქცა, რომელიც ვერის უბნის ქუჩებიდან მთელ საქართველოს გასდევს და აგრძელებს ჟღერას ეკრანზე, მეხსიერებაში, გულში... სოფიკო ჭიაურელმა არა მხოლოდ ეპოქა შექმნა, ის ეპოქების შემკვრელი ხიდია. ჩვენ მის შვილს ნიკუშა შენგელაიას აკაკი ხორავას სახელობის ერთი მსახიობის თეატრში ვესტუმრეთ, სადაც წლების შემდეგ თეატრი "ვერიკო" ისევ იწყებს ახალ სიცოცხლეს...
- მას შემდეგ, რაც სოფიკო და კოტე წავიდნენ, დაიხურა თეატრი "ვერიკო", რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. მაშინ ეს თეატრი მერიის დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ კანონები შეიცვალა... ძალიან რთული იყო სოფიკოს და კოტეს გარეშე ამ თეატრის შენახვა... ამასობაში, თეატრალურმა საზოგადოებამ ბატონი გიორგი გეგეჭკორის თაოსნობით განაახლა აკაკი ხორავას სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. მე და გიორგის დაგვებადა იდეა, ამ დარბაზში ხომ არ დაგვეფუძნებინა თეატრი "ვერიკო". კულტურის სამინისტრო გვერდით დაგვიდგა და პირველი სპექტაკლიც შედგა - "საიათნოვა".
- ის პერიოდი გაიხსენეთ, თავად სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე რომ ხსნიდნენ "ვერიკოს"...
- სხვათა შორის, კოტეს ჰქონდა დარეჯანის სასახლეში მსგავსი თეატრი. შემდეგ იქ ეკლესია აღადგინეს და წამოსვლამ მოუწიათ. ფაქტობრივად, ჰაერში დარჩნენ და სოფიკომ გადაწყვიტა, თავისი სახლის ერთი სართული თეატრისთვის დაეთმო. ასე დაიბადა "ვერიკო" - ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი, რომელსაც სოფიკო "გამქრალი ცივილიზაციის მსახიობთა თეატრს" უწოდებდა. იქ უამრავი სპექტაკლი იდგმებოდა, იმართებოდა თეატრალური შეხვედრები დიდ მსახიობებთან. ეს სახლი გახდა დიდი შემოქმედებითი სახელოსნო... მე და გიორგი გეგეჭკორს გვინდა აუცილებლად აღვადგინოთ მსგავსი შემოქმედებითი საღამოები, პოეტებსა და მწერლებთან შეხვედრები. მინდა ძალიან დიდი ადგილი დავუთმო ქართულ ფოლკლორს და ჩვენი ახალგაზრდები ვაზიარო ქართულ კულტურას. იქნება დღეები, როცა სტუდენტებს უფასოდ დავპატიჟებთ, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის კულტურა.
- დედა გავიხსენოთ...
- დედა უშუალო იყო ყველასთან, ძალიან თავმდაბალი, ამიტომაც უყვარდათ. არასდროს უვლია ცხვირაწეულს, თანაბრად ურთიერთობდა ქვეყნის პრეზიდენტებთან თუ მძღოლებთან, ყვავილების გამყიდველებთან, დამლაგებლებთან... ჩვენს ოჯახში ყველა ასეთი იყო - ვერიკო, მიშა ჭიაურელი. სოფიკო მკაცრი არასოდეს ყოფილა, თუ რამეს დავაშავებდით, ყველაზე დიდი სასჯელი ის იყო, რომ გაგვებუტებოდა და მთელი დღე ხმას არ გვცემდა. არ იცოდა ყვირილი და გაბრაზება, ჩვენთან უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. არ ჰქონია ამბიცია, რომ მისი შვილები აუცილებლად ხუთოსნები უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ, სურდა გვესწავლა... წაიკითხეთ ვრცლად