ავტორი:

"მიშა წერილებს ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ის შვილს ძალიან ანებივრებს… ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა, მისი წესებით ვიცხოვრებთო...“ - სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ

"მიშა წერილებს ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ის შვილს ძალიან ანებივრებს… ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა, მისი წესებით ვიცხოვრებთო...“ - სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ეკა ჩხეიძეს გადაცემაში, "პირველი სტუდია“ ესტუმრა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის მისი პირველი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც საუბრობს პირად ცხოვრებაზე, უმძიმეს ჭორებსა და პროფესიული საქმიანობაზე, რაც "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში შეფერხებულია. ის ასევე საუბრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე.

  • მიხეილ სააკაშვილის 362 წერილი, მონატრება და ალისას მოთხოვნები

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადამიანური მდგომარეობის შესახებ სოფო ნიჟარაძე ინტერვიუში აცხადებს::

"მისი წუხილი ალბათ ის არის, რომ ენატრება შვილები და უნდა შვილებთან ურთიერთობა. ბიჭები ძალიან დიდები არიან უკვე და რაც მათთან დრო დაკარგა, უნდა ალბათ უფრო ეს აინაზღაუროს. და ეს არის მისი უმთავრესი წუხილი, ადამიანური.

მიშა წერილებს მწერს ხშირად, ხელნაწერ წერილებს, რაც დღევანდელ რეალობაში დავიწყებულია. 362 წერილი მაქვს, ეს გარდა იმისა, რაც არ შემინახავს.

ალისა სულ მეკითხება, როდის მოვა მიშა, ახლა არ მაქვს ასეთი კონკრეტული პასუხი. ის კი ითხოვს კონკრეტიკას. აი, მაგაშიც მიშას ჰგავს. მეკითხება რამდენი ხვალის მერე მოვაო?.. ვცდილობ, რომ რაღაც თემიდან გადავიყვანო ხოლმე. მაგრამ ძალიან მომთხოვნია, მითხარი, როდის.

  • "დაბლოკილი მომღერალი“ და დამოკიდებულება სახელმწიფოზე

პირადი ცხოვრების კავშირი კარიერულ პაუზასთან:

"[რატომ არ ვჩანვარ?], არ არის, მე მგონი, რთული გამოსაცნობი. ყველამ იცის, პირადი ცხოვრება კი, არის პირდაპირ კავშირში ამ პაუზასთან. ვერ გავექცევი ამას ვერანაირად. ეს არის მოცემულობა და ალბათ მე თვითონაც რაღაცა დრო მჭირდება იმისთვის, რომ ამით არ დავკომპლექსდე, ვთქვათ და რაღაც ისე ვეცადო, რომ სხვანაირად დავალაგო ეს ყველაფერი.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს დაბლოკილი მომღერალი ვარ. მაგრამ, მეც არ მაქვს სურვილი, სიმართლე რომ გითხრათ, მიმიწვიონ სახელმწიფო კონცერტებზე, ნამდვილად არ მაქვს სურვილი. თუმცა, ალბათ ჭკვიანები რომ იყვნენ, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, რომ მოდი, გამოდი და სათქმელი მაინც ექნებოდათ, რომ ვპატიჟებთ, მაგრამ არ მოდისო".

  • კოლეგების სიჩუმე:

"არა, არ ვგრძნობ მხარდაჭერას. და არც მიკვირს პრინციპში და არც გული არ მწყდება, იმიტომ, რომ მესმის, ყველას თავისი განწყობა აქვს და, რა ვიცი, დამოკიდებულება ამის მიმართ, რომ ჯობია, რომ რაღაცნაირად სიჩუმე შეინარჩუნო. გული მწყდება ისეთი ადამიანებისგან, ვინც ძალიან ახლობელია... მხოლოდ ისეთი ადამიანებისგან მწყინს რაღაცები, ვინც ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

მთავარი გამოწვევა ახლა მაინც ის არის, რაც ხდება ქვეყანაში. პირდაპირ კავშირშია ეს ყველა ადამიანის და ალბათ ჩემი შვილის მომავალთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რა მოხდება ქვეყანაში და როგორ ქვეყნად ჩამოვყალიბდებით. ჩემი მუსიკალური ცხოვრებაც და ყველაფერიც ისე გადაიწია... ისე რაღაცნაირად არია და, რომ არაფერზე აღარ ფიქრობ ფაქტობრივად. არის ეს უმნიშვნელოვანესი.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასწავლებლად წასვლა მომიწია, მაგრამ ვერ ვჩერდები სხვაგან. ვერ ვჩერდები, აი, სულ დაბრუნება მინდა. რაც არ უნდა სირთულეები შემხვდეს... რაც არ უნდა გარშემო სტრესი იყოს, მაინც ჩემია და ჩემი მირჩევნია. სხვაგან ვერ ვჩერდები, სულ მივდივარ, იმის მოლოდინით, რომ უნდა დავბრუნდე. ჩემი სახლი არის საქართველო და ეს ვერ შეიცვლება ვერანაირად, რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს სხვაგან ყოფნა".

  • "როგორი დედა ვარ?"

"ვცდილობ, რომ რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო ბავშვთან და მგონია, რომ არც მკაცრი ვარ, არც ზედმეტად რბილი. ჩვეულებრივი. არ ვიცი, უბრალოდ, უფრო დიდ დროს ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის ახლა მთავარი პრიორიტეტი ჩემს ცხოვრებაში. მეხმარება დედაჩემი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ორივე ბებია ძალიან ჩართულია ბავშვის აღზრდაში, დედაჩემიც, გიულიც. ორივე არის საოცარი ბებია და მიხარია, რომ, აი, ეს ბებიების სითბო ბავშვს უხვად აქვს".

  • არარეალური ჭორების სია

"ვაიმე, რომელი ერთი ვთქვა? - მაგალითად ორმილიონიანი კოლიე, სხვათა შორის, რომელზეც მერე იმ კონკრეტულ მედიას ვუჩივლე... ამერიკაში სახლი, რამდენი რამე შეიძლება გავიხსენო. უხამს, საშინელ ჭორებზე საერთოდ არც ვფიქრობ, რომ ვახსენო, იმიტომ, რომ იმდენად რაღაც არარეალური რაღაცები თქვეს... სადაც გაიხედავდი, ყველგან, ყველგან რაღაცა საცხოვრებელი თუ სასახლე მქონდა, ასევე ორსულობა, აღარ დამთავრდა ახალი ჭორები ორსულობაზე...

თავიდან ძალიან მწყინდა და ვნერვიულობდი... ახლა, მიუხედავად ამისა, რომ იმასთან შედარებით, როგორც ვჩანდი, უფრო ნაკლებად ვჩანვარ, მაინც სულ არის რაღაცა ჭორები. აღარ ვრეაგირებ. აღარც მწყინს.

რთულია, პოპულარობის ფონზე ცხოვრება. სულ მქონდა ეგ გააზრებული, რომ თმენის ვალდებულება მექნებოდა... მაინც მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, ხალხი არის ჩემი მსმენელი, ჩემი მაყურებელი... ამიტომ ვცდილობ, რომ ნაკლებად შევიდე რაღაც, აი ,ასეთ პოლემიკაში. მაყურებლისთვის ვარსებობთ საერთოდ...

  • "სცენის გარეშე ვერ ვიარსებებ..."

"არა, ალბათ არ წარმომიდგენია ცხოვრება სცენის გარეშე. კი, მინატრია ხანდახან, რომ აი, სხვა პროფესია მქონოდა რაღაც. იმიტომ, რომ რთულია, არ არის ეს პროფესია ადვილი. თუმცა, უბრალოდ ვერ ვიარსებებდი... თუნდაც აი, სახლში მოვაწყობ კონცერტს... სხვათა შორის, სალონურად ვიკრიბებით ხოლმე ახლაც კი და ვმღერით, ვმღერი, ჩემი კონცერტია ხოლმე სალონური, რასაც ჩემი მეგობრების წრეში ხშირად ვაკეთებ".

  • ცხოვრების მთავარი შეხვედრა

ალისა. თვალებიდან არ ამომდის, როდესაც დავინახე ის პატარა. ყველა დედისთვის პირველი შეხვედრა შვილთან არის ცხოვრების მთავარი შეხვედრა.

  • ცხოვრების მთავარი ამბავი

"ამ შეხვედრამ განაპირობა მერე ყველაფერი და ეს ყველაფერი კავშირშია ალისასთან. მიშა წერილებს ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს. ხშირად ვნახულობ ხოლმე. რაც შემიძლია ვამხნევებ. მიშა შვილს ძალიან ანებივრებს… ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა სახლში, მისი წესებით ვიცხოვრებთო...“

წაიკითხეთ ასევე: