სიდნეიში, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის არის10 წლის გოგონა. 38 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ჰოსპიტალიზებული პირების შორის არის მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელი შიშველი ხელებით გაანეიტრალა.
შეგახსენებთ, ბონდი-ბიჩის იმ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, ებრაული თემი ხანუქის დღესასწაულს აღნიშნავდა და ამისთვის ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ თავდასხმა შეაფასა ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87 წლამდეა. მომხდარის უხუცესი მსხვერპლი ჰოლოკოსტის გადარჩენილი იყო. კლინიკებში მყოფ დაჭრილებს შორის ორი პოლიციელია. მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
ტელეკომპანია ABC პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან“
BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, რომლებიც შეკრებილებს თავს დაესხნენ, მამა-შვილი იყო. მათი ვინაობა ცნობილი ხდება - პოლიციამ 50 წლის საჯიდ აკრამი ადგილზევე მოკლა, მისი 24 წლის ვაჟი , ნავიდი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
პოლიციის ცნობით, სიდნეიში ებრაული თემის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის დამატებითი ზომების მისაღებად 328 ოფიცერია მობილიზებული.
იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, მოქალაქეები მიდიან, ახლომდებარე დაწყებითი სკოლის კუთხეში აღმართულ იმპროვიზებულ მემორიალს ყვავილებით ამკობენ და ებრაული თემის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის, კრის მინსის განცხადებით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება "მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს".
“ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლა ბნელი დღეა ავსტრალიის ისტორიაში“, - აგანაცახდა პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ.
მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაც იქნება.
"ეროვნული კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში შევიტან იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს, მათ შორის იმ იარაღის რაოდენობის შეზღუდვას, რომლის გამოყენება, ან ლიცენზირება ფიზიკურ პირებს შეუძლიათ“, - აღნიშნა ალბანეზემ.
მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობა ეროვნულ კაბინეტს წარუდგენს წინადადებას, რომელიც უწყებებს უფლებამოსილებას მისცემს, შეისწავლონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ სფეროში.
იხილეთ ასევე: