ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ჩვილების გაყიდვის თემაზე, თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილი ჯგუფის "ვეძებ“ წყალობით, უამრავი სტატია გვაქვს მომზადებული, თუმცა, ორი ქართველი გოგონას ისტორია, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მაინც განსაკუთრებულია. ეს გოგონები არიან ანო სართანია და თამარ ხვიტია, რომლებმაც ზრდასრულ ასაკში აღმოაჩინეს, რომ ტყუპისცალები იყვნენ.
"ხალხს ჰგონია, რომ აი, როდესაც ადამიანი პოულობს ნათესავებს და ბიოლოგიურ ოჯახს, ეს არის ჰეფი ენდი, ამით დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი არის ძალიან კარგად. მაგრამ სინამდვილეში, ამით იწყება ჩვენი ცხოვრება, აქედან თავიდან იწყება ახალი ათვლა", - ასე იწყებს ახალ პოდკასტს თამუნა მუსერიძე, რომელსაც სტუმრად ანო და თაკო ჰყავს, ისინი HBO-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობენ, რომელიც მათ ცხოვრებას ეძღვნება და კიდევ ერთი ახალი ამბავი, მათ კიდევ ერთი ახალი დედმამიშვილი იპოვეს
ანოს თქმით, ტყუპისცალის არსებობა მისთვის იმდენად დიდი შოკი იყო, რომ ერთი წელი არ დაუწყიათ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა. "მე არ მინდოდა იმიტომ, რომ... არ ვიყავი მზად...“ - ამბობს ანო.
აღმოჩენის შემდეგ, გოგონებს შორის ურთიერთობების დალაგებას დიდი დრო დასჭირდა: "ერთი წელია, რაც დავლაგდით მე და თაკო და ერთმანეთს ვნახულობთ ხშირად, თორემ მანამდე, ის სამი წელი, რაც გავიცანით ერთმანეთი და გავიგეთ ვინ ვართ, იყო კატასტროფულად დაძაბული".
ამ დაძაბულობის მთავარ მიზეზად ისინი აღზრდისა და ხასიათის განსხვავებას ასახელებენ. თაკო მოკრძალებულად იყო აღზრდილი, ანო კი - დამოუკიდებლად. ამან გამოიწვია გარკვეული კონფლიქტი, რასაც გარედან ემატებოდა ხალხის დამოკიდებულება, რომლებსაც გოგონები ერთ სხეულად აღიქვამდნენ: "მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი რომელია თაკო, რომელია ანო.“
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ბიოლოგიურ მშობლებს უკავშირდება. როგორც გაირკვა, მამამ დები გაყიდა მაშინ, როდესაც დედა კომაში იყო.
ანოსთვის მამის ქმედება გაუგებარი იყო: "ვერ ვხვდები, ეგეთი ბოროტი როგორ უნდა იყო, რომ შენი შენი საკუთარი შვილები ადგე და გაყიდო".
მამის უარყოფა ფილმში: ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ მამამ, რომელიც მანამდე გოგონებთან ურთიერთობდა, დოკუმენტურ ფილმში მათი შვილობა უარყო. თაკო გულისტკივილით აღნიშნავს: "შემრცხვა იმიტომ, რომ ეს მამაჩემი როგორ არის და როგორ გამოვედით ასეთი კარგები ხუთივე, შვიდივე, როცა ამ ადამიანის შვილები ვართ".

დედის ძებნა: ანოს უჭირს იმის მიღება, რომ ბიოლოგიურმა დედამ, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო სიმართლე, შვილების ძებნა არ დაიწყო. თუმცა, იქვე ამბობს: "მე ვხვდები, რატომაც არ დაიწყო ჩვენმა ბიოლოგიურმა დედამ ძებნა, რადგან აღმზრდელი დედები არ გაატანდნენ ბავშვებს...".
გოგონები ჰყვებიან, რომ მათ კიდევ ერთი ძმა იპოვეს.
"გაირკვა, რომ ბიძა - მამის ძმა, რომელიც ასევე იყო გაშვილებული, რუსეთში ცხოვრობს, იქ გაიცნო ქალი, რომელმაც უთხრა, რომ მამაჩვენისგან შვილი ჰყავს. ჩვენი ნახევარძმა 30 წლისაა. ამ ძმამ იცის, ვინ არის მისი მამა, მაგრამ არ იცის, რომ ამდენი და-ძმა ჰყავს".
დოკუმენტურ ფილმზე საუბარი ინტერვიუს ცენტრალური ნაწილია. თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ Warner Bros-ის Discovery თავიდან მხოლოდ მოკლე სატელევიზიო გადაცემის გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ როდესაც მათ სრული სურათი დაინახეს, გადაწყვიტეს თითქმის ორსაათიანი ფილმის გადაღება.
გოგონების აზრით, HBO-ს ინტერესი რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული: მათმა ისტორიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ისინი იყვნენ პირველები, ვინც ხმამაღლა ისაუბრეს არა მარტო გაშვილებაზე, არამედ გაყიდვის სქემაზეც.

თაკო: "ჩვენ სამი - თამუნა, მე და ანო ვიყავით პირველი ადამიანები, ვინც ისაუბრეს იმაზე, რას ნიშნავს იყო აყვანილი და არა მარტო აყვანილი, გაყიდულიც".
საუბრის ბოლოს, გოგონებმა ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. ანო ამბობს, რომ ყველაზე ცუდი მომენტი არის, "როცა შენი ხალხისგან ვერ ხედავ დაფასებას.“ HBO-ს თრეილერის გამოქვეყნების შემდეგ, "წერდნენ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს შემარცხვენლები, იმიტომ, რომ თურმე საქართველოს შავი ლაქა გავიტანეთ.“
წაიკითხეთ ასევე: