ავტორი:

“ის 100%-იანი გმირია“ - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, თავდამსხმელმა მას ორჯერ ესროლა

“ის 100%-იანი გმირია“ - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, თავდამსხმელმა მას ორჯერ ესროლა

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ავსტრალიელი მამაკაცი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმის დროს, ტერორისტი შიშველი ხელებით განაიარაღა.

სიდნეიში, ბონდი-ბიჩზე თავდასხმა გუშინ მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, მამა-შვილმა ტერორისტული აქტი წინასწარ დაგეგმა და ხანუქის დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, ხოლო 40-მდე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.

  • ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ შეიარაღებულს მამაკაცი შიშველი ხელებით უპირისპირდება, მას იარაღს ართმევს და ანეიტრალებს.

როგორც გაირკვა ის სიდნეის მკვიდრი, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედია. მას ორი შვილი ჰყავს და საზერლენდში ხილის მაღაზიას ფლობს. როგორც აღმოჩნდა, ინციდენტის დროს მას ორჯერ ესროლეს და ახლა, მხარსა და ხელში მიღებულ ჭრილობებს საავადმყოფოში მკურნალობს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიის ინფორმაციით, აჰმედს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გამოცდილება აქამდე არ ჰქონია.

43 წლის ალ-აჰმედი

როგორც 7News-თან ინტერვიუში მისმა ბიძაშვილმა, განაცხადა, რომ აჰმედი საავადმყოფოში რჩება.

"ის აბსოლუტური, 100%-იანი გმირია. ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. გუშინ ღამით ვნახე, კარგად იყო, ახლა ექიმისგან პასუხს ველოდებით“, - თქვა მან.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემაც მას გმირი უწოდა:

"დღეს ჩვენ ვნახეთ ავსტრალიელები, რომლებმაც საფრთხეში ჩაიგდეს თავი სხვების დასახმარებლად. ეს ავსტრალიელები გმირები არიან და მათმა სიმამაცემ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალ-აჰმედს "ძალიან, ძალიან მამაცი კაცი“ უწოდა.

სოციალურ ქსელებში შეიქმნა GoFundMe კამპანია, რომლის ფარგლებშიც ალ-აჰმედის დასახმარებლად სულ რამდენიმე საათში 200 000 ავსტრალიურ დოლარზე (თითქმის 133 000 აშშ დოლარი) მეტი შეგროვდა. ყველაზე დიდი დონორი გახდა მილიარდერი ბილ აკმანი, რომელმაც 99 999 ავსტრალიური დოლარი შესწირა და თანხების მოზიდვის შესახებ ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელ X -ში გაავრცელა.

  • თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელები არიან: 50 წლის საჯიდ აკრამი და მისი 24 წლის შვილი, ნავიდი. პოლიციამ 50 წლის თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, მისი 24 წლის ვაჟი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
თავდასხმაში ბრალდებული მამა-შვილი

სროლა ხანუქას დღესასწაულზე მოხდა, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. პოლიციამ თავდასხმას ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი უწოდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მსგავსი მასშტაბური თავდასხმა არ მომხდარა.

იხილეთ ასევე: