ავტორი:

ონლაინ სივრცეში ძალადობის რისკებმა იმატა - გაეროს მოსახლეობის ფონდი კამპანიას იწყებს

ონლაინ სივრცეში ძალადობის რისკებმა იმატა - გაეროს მოსახლეობის ფონდი კამპანიას იწყებს

მზარდი გაციფრულების ეპოქაში ტექნოლოგიებით ჩადენილმა გენდერულმა ძალადობამ მასშტაბური და ფაქტობრივად, უკონტროლო ხასიათი მიიღო. ყველაფერი შეიძლება დაიწყოს ერთი კომენტარით ან ფოტოთი და დასრულდეს ისეთი შედეგებით, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, იზოლაცია, ფინანსური და სოციალური პრობლემები, თვითდაზიანებისა და სუიციდის მცდელობები და სხვა.

ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას ხშირად გენდერული ხასიათი აქვს და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ტერმინით - TFGBV (Technology-facilitated gender-based violence).

ის შეიძლება დაიწყოს ონლაინ და გადაინაცვლოს რეალურ ცხოვრებაში ან პირიქით. მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგოები, საჯარო სივრცეში აქტიური ქალები (მაგალითად, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ბლოგერები, და ა.შ.) და, მათთან ერთად, სხვა მოწყვლადი ჯგუფები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, მსოფლიოში ქალების 38%-ს განუცდია ციფრული ძალადობა. 85% კი ამის მოწმე გამხდარა. ამასთან, ქალების 57% აღნიშნავს, რომ მათი ფოტოები ან ვიდეოები ინტერნეტში უნებართვოდ ან ბოროტად იქნა გამოყენებული.

მოზარდი გოგოების ნაწილიდან, რომლებსაც ციფრულ ტექნოლოგიებზე აქვთ წვდომა, 64% მისი აქტიური მომხმარებელია და შესაბამისად, ძალადობის მაღალი რისკის ქვეშაა. სწორედ აღნიშნული რისკების შესამცირებლად ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საკანონმდებლო დონეზე იწყებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

კერძოდ, ავსტრალიაში 2025 წლის 10 დეკემბრიდან 16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იკრძალება ისეთ სოციალურ მედია პლატფორმებში რეგისტრაცია, როგორიცაა: TikTok, X, Facebook, Instagram, Youtube, Snapchat და Threads. პლატფორმები ვალდებულები არიან, არ დაარეგისტრირონ ახალი ანგარიშები, არსებული კი გააუქმონ. აკრძალვის მიზანია როგორც ძალადობისგან, ასევე ისეთი ინფორმაციისგან დაცვა, რამაც შეიძლება ბავშვებში მენტალური აშლილობები და სუიციდისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს.

ავსტრალიაში დანერგილ საკანონმდებლო სიახლეს თვალს ადევნებენ სხვა ქვეყნებიც, სადაც ეს პრობლემა ასევე მწვავედ დგას. მათ შორის არის საქართველოც.

  • რა ფორმები შეიძლება ჰქონდეს ტექნოლოგიებით ჩადენილ გენდერულ ძალადობას, როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?

TFGBV ვლინდება მაშინ, როდესაც რეალურ ცხოვრებაში გავრცელებული დამოკიდებულებები, სტერეოტიპები და ნორმები ონლაინ სივრცეშიც ინაცვლებს და ხდება დისკრიმინაციის თუ გენდერული ნიშნით ძალადობის საფუძველი. ის შეიძლება განხორციელდეს ტექსტის, ვიზუალური მასალის, არასასურველი ციფრული თვალთვალისა და მონიტორინგის მეშვეობით.

ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის ძირითადი ფორმები ასეთია:

  1. ონლაინ შევიწროება, მათ შორის გენდერული და სექსუალური შევიწროება. აღნიშნული ფორმა მოიცავს ონლაინ განხორციელებულ ნებისმიერ არასასურველ სექსუალურ ქცევას, რომელიც ელექტრონული საშუალებით ხდება;
  2. კიბერადევნება, კიბერთვალთვალი ან კიბერკონტროლი, რა მოწყობილობითაც არ უნდა განხორციელდეს ის;
  3. გამოსახულებების (ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის ვიზუალური მასალის) უნებართვო გამოყენება, პირის იძულების, მუქარის, შევიწროების ან მასზე ძალადობის მიზნით.
  4. სექსუალური ხასიათის თავდასხმის, ძალადობის ან მისი დაგეგმვის მიზნით ისეთი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, სასაუბრო პლატფორმები, გაცნობის ვებგვერდები და აპლიკაციები;
  5. დოქსინგი, რომელიც არის პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროება, რომელიც მიმართულია პირის ფიზიკური ან რეპუტაციული ზიანის მიყენებისკენ. (მაგალითად მისამართის, სამუშაო ადგილისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის გავრცელება);
  6. ჰაკინგი, როდესაც სამიზნე პირის პირადი კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი შეიძლება ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდეს, ინტიმური გამოსახულებების გამოყენებით ძალადობის, შანტაჟის ან სხვა მიზნით;
  7. ტექნოლოგიების გამოყენება პოტენციური მსხვერპლის ძალადობრივ სიტუაციებში ჩათრევის მიზნით, ან მასზე პირისპირ ფიზიკური თუ სექსუალური თავდასხმის ხელშეწყობისთვის. მოძალადემ პოტენციური მსხვერპლი შეიძლება იპოვოს სხვადასხვა პლატფორმაზე ყალბი განცხადებებისა და რეკლამების განთავსებით;
  8. სხვისი იდენტობის გამოყენება, როდესაც მოძალადემ შეიძლება მიითვისოს ან შექმნას ყალბი ონლაინანგარიში ან ვებგვერდი ქალების სახელით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით;
  9. გენდერულად მოტივირებული სიძულვილის ენა;
  10. ცილისწამება;
  11. ტექნოლოგიების გამოყენებით შეზღუდვა ან კონტროლი, როდესაც მაგალითად მოძალადე პარტნიორს აიძულებს, გაუმჟღავნოს საკუთარი პაროლები მის ონლაინ ანგარიშზე წვდომის მისაღებად. ხშირად ეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული გენდერული ნორმებიდანაც მოდის.

უფრო დეტალური განმარტებებისთვის მიჰყევით ბმულს.

  • ვინ გვიცავს ციფრული ტექნოლოგიებით ძალადობისგან და რა ბერკეტები გვაქვს თავად?

საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს ციფრული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიები, რაც პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს. გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) აღნიშნავენ, რომ ციფრულ სამყაროში კორპორაციულ ლოგოს ადამიანის სხეულზე მეტი სამართლებრივი დაცვა აქვს, რაც მძიმე და საყურადღებო რეალობაა და რის წინააღმდეგაც UNFPA-მ მასშტაბური კამპანია #Bodyright დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში კონტენტ კრეატორები და საჯაროდ აქტიური პირები საზოგადოებას უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ციფრულ ძალადობასთან დაკავშირებით და დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

კამპანიის საშუალებით, UNFPA-ის სურს ციფრული უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ღია დიალოგის წამოწყება და ერთობლივი ღონისძიებების გატარება საქართველოში ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის აღსაკვეთად. გაეროს მოსახლეობის ფონდი შეახსენებს ყველას, რომ

ჩვენი სხეული, ინფორმაცია და უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული ციფრულ გარემოში, როგორც ეს ფიზიკურ სივრცეშია.

მარიამ ბანძელაძე

ფოტოს ავტორი: UNFPA/ლელი ბლაგონრავოვა

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე დეტალურად განმარტავს კამპანიის მისიას:

“UNFPA-ს დნმ-სა და სტრატეგიულ მისიაშია ქალებისა და გოგოების მხარდაჭერა მთელი ცხოვრების მანძილზე. სწორედ ამას ემსახურება Bodyright კამპანია, როგორც მოძრაობა, რომელიც ციფრული ძალადობის სერიოზულად აღქმას მოითხოვს. ჩვენი სხეული, გამოსახულებები და ინფორმაცია ჩვენ გვეკუთვნის - ონლაინ და ოფლაინ - და ის დაცული უნდა იყოს. შემოგვიერთდით, რათა ყველა ქალმა, ყველა გოგომ და ყველა ახალგაზრდამ შეძლოს უსაფრთხო ციფრულ სამყაროში ცხოვრება“, - განმარტა მარიამ ბანძელაძემ.

პაველ ჰერჩინსკი

ფოტოს ავტორი UNFPA/ლელი ბლაგონრავოვა

კამპანიას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიც:

„რამდენადაც ძალადობა მზარდად ინაცვლებს ციფრულ სივრცეში, თითოეული ქალი და გოგო იმსახურებს დაცვას ონლაინ, ისევე, როგორც ოფლაინ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მხარს უჭერს კამპანიას Bodyright, რათა ციფრული სივრცე გახდეს მეტად დაცული და უსაფრთხო”, - განმარტა მან.

ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოები რეაგირებას ახდენენ მუქარის შემცველ შეტყობინებებსა და კომენტარებზე, სხვის მოწყობილობაში შეღწევასა და პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გავრცელებაზე, თუმცა ფსიქოლოგიურ ძალადობისა და საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევები ყურადღების მიღმა რჩება. ეს კი მაშინ, როცა შეიძლება მსგავსმა შემთხვევებმა სერიოზულად დააზარალოს ადამიანი.

გენდერული ნიშნით შევიწროებას განსაკუთრებით გრძნობენ ქალი კონტენტ კრეატორები. ხშირად ისინი გარეგნობის, ქცევისა და მოსაზრებების გამო ნეგატიური კომენტარებისა და შეურაცხყოფის ობიექტები ხდებიან.

ელენიკო რუხაძე

ფოტოს ავტორი: UNFPA/ლელი ბლაგონრავოვა

ცნობილი ინფუენსერი ელენიკო რუხაძე ონლაინ სივრცეში დაცულობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„რეალური სამყაროს მსგავსად, ყველას აქვს უფლება ვირტუალურ სივრცეშიც უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ტექნოლოგიურმა პროგრესმა განვითარებასთან ერთად, ბევრი სირთულე გააჩინა - მას ხშირად სხვა ადამიანების შევიწროების, დაშინებისა და დამცირების მიზნით იყენებენ. როდესაც ადამიანის ფოტოს ან ვიდეოს გადაღება, დამუშავება და გავრცელება მისი თანხმობის გარეშე ხდება, ან როდესაც ინტიმური ან პერსონალური სახის ინფორმაცია გამოყენებულია შანტაჟის, მუქარის ან რეპუტაციის შელახვისთვის - ეს არა მხოლოდ კონფიდენციალურობის დარღვევაა, არამედ - მისი ღირსებისა და სხეულის ავტონომიის შელახვაც“, - აღნიშნა მან.

მარიამ დარცმელია

ფოტოს ავტორი: UNFPA/ლელი ბლაგონრავოვა

მარიამ დარცმელია, ასევე პოპულარული ინფლუენსერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კრეატორებსაც შეუძლიათ ნეგატიურ უკუკავშირზე რეაგირებითა და ინფორმაციის პოზიტიური ფორმით მიწოდებით:

„ჩემი აზრით, შეუძლებელია ადამიანებს დააძალო იყვნენ ემპათიურები, კეთილები, ან გესაუბრონ პატივისცემით. მაგრამ კრეატორებს, ჩვენი ჯანსაღი ქცევით - თუ როგორ ვრეაგირებთ კრიტიკაზე, როგორ ვპასუხობთ ნეგატიურ კომენტარებს, როგორ ვესაუბრებით ადამიანებს ონლაინ - შეგვიძლია კარგი მაგალითი მივცეთ ჩვენს აუდიტორიას“, - აღნიშნავს მარიამ დარცმელია.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ონლაინ სივრცეში ჩვენი პირადი ინფორმაცია, მათ შორის გამოსახულების შემცველი მასალები სრულიად დაუცველია, ერთადერთი ბერკეტი, თავი ავარიდოთ მათ უნებართვოდ გავრცელებას, ნეგატიურ კომენტარებს, ზეწოლასა და ძალადობის უფრო რთულ ფორმებს - შევიწროებას, ადევნებასა და მუქარას, არის საზღვრების დაწესება, თუ თავად რას მივაწვდით ჩვენს აუდიტორიას.

ფოტოს ავტორი: UNFPA/დინა ოგანოვა

რეკომენდებულია, თავი შევიკავოთ ჩვენი საცხოვრებლის მისამართის, სამუშაო ადგილის, ბავშვების სკოლის, ბაღისა და წრეების მისამართებისა და დასახელებების გავრცელებისგან. თუ გვსურს, რომ უცხო პირებამდე არ მივიდეს ჩვენი ფოტო/ვიდეო მასალა, შეგვიძლია, ანგარიში დავხუროთ და მხოლოდ სასურველ პირებს მივცეთ მასზე წვდომის უფლება (გასათვალისწინებელია, რომ ბოლომდე დაცულები არც ამ დროს ვართ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ეფექტიანი მექანიზმია). ასევე, რეკომენდებულია, ყველა პლატფორმის ანგარიშისთვის გამოვიყენოთ სხვადასხვა პაროლი.

ფოტოს ავტორი: UNFPA/დინა ოგანოვა

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენს ხელში არსებული შესაძლებლობებით ვიცავდეთ თავს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ძალადობამ მარტივად შეიძლება მოაღწიოს ყველა ჩვენგანამდე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ ადამიანის ციფრულ სივრცეში დაცვის მექანიზმები გააძლიეროს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით.

NS