19 დეკემბერს, თბილისში, Elekotrwerk-ში, პირველად საქართველოში უმაღლესი დონის ელექტრონული მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კოლაბორაციით, მაყურებლის წინაშე წარედგინებიან ანსამბლი "შავნაბადა" და ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი არტისტი SCHILLER-ი, რომლის ანგარიშზეც არის შვიდ მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და თერთმეტი TOP 10 ალბომი.
ეს იქნება ქართული ტრადიციული პოლიფონიის და SHILLER-ის უნიკალური ჟღერადობის ერთობა, რომელიც ექსკლუზიურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა.
კრისტოფერ ფონ დეილენი:
“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩემი პირველი კონცერტი კლუბ Elektrowerk-ში ჩატარდება და განსაკუთრებით მოველი ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად მუშაობას და ქართველი მსმენელისთვის ჩემს მუსიკასთან ერთად ჩვენი კოლაბორაციის წარდგენას, ეს ნამდვილად დაუვიწყარი საღამო იქნება".
დათო ცინცაძე:
“შავნაბადა" 20-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში იშვიათად აკეთებს მსგავს კოლაბორაციებს და ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა განსაკუთრებული ხარისხის მუსიკოსები ერთვებიან პროექტში, რადგან მათთან თანამშრომლობა სხვა შემოქმედებით ინტერესს იწვევს. ვნახოთ ამჯერად რა მოხდება - ეს ცოცხალი მუსიკაა და ჩვენც დიდი ინტერესით ველით ამ გამოწვევას".